17 თებერვალს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ მარიამ ელიეშვილი და გელა ტაბაშიძე სტუმრობდნენ, რომლებმაც თავიანთ მუსიკალურ კარიერაზე, შემოქმედებაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. გადაცემაში სიმღერის „გემი გაცურდა“ პრემიერა შედგა.
მარიამ, რა საინტერესო სიახლეებია შენს შემოქმედებაში, როგორ დაიწყო 2023 წელი?
2023 წელი ძალიან ბევრი სიახლით დაიწყო, რადგან გადავწყვიტე, რომ ეს წელი უამრავი ახალი სიმღერით იყოს დატვირთული. ბევრად უფრო მეტ დროს ვუთმობ რეპერტუარზე მუშაობას. სხვათა შორის, მინდა, რომ რეპერტუარიც ძალიან მრავალფეროვანი იყოს. რეპერტუარი მხოლოდ და მხოლოდ ფოლკლორული ჟანრის სიმღერებით არ შემოიფარგლება. რა თქმა უნდა, რეპერტუარი ჩემს ხმაზე იქნება მორგებული და რაიმე ძალიან განსხვავებულს არ შევთავაზებ მსმენელს, მაგრამ ჟანრებში იქნება ცვლილება და იმედი მაქვს, რომ ბევრი სტილის მსმენელისთვის მორგებული რეპერტუარი მექნება.
აღნიშნული გადაწყვეტილება თავად მიიღე?
რა თქმა უნდა, პროდიუსერთან შეთანხმებით. არის სიმღერები, რომლებიც უფრო კომერციულია, არის განწყობის სიმღერებიც…
უკვე შერჩეული გაქვს კონკრეტული სიმღერები?
კი, ორ ახალ სიმღერაზე უკვე ვმუშაობ.
შენთვის უფრო რა სტილის სიმღერებია კომფორტული?
ძირითადად, ვცდილობ, ისეთი სიმღერები შევარჩიო ხოლმე, რომ პირველ რიგში მე მოვირგო, თუმცა იმასაც ვითვალისწინებ, თუ რა არის მოთხოვნადი. რადგან ჩვენი შემოსავალი კონცერტებზეა დამოკიდებული, გინდა, არ გინდა, რა თქმა უნდა, უნდა მოერგო იმას, რაც არის მოთხოვნა. შესაბამისად, დავაბალანსებ ისე, რომ ზოგი იყოს ლირიკული და განწყობის მოსასმენი და ზოგი იყოს გაყიდვადი.
ხშირად გაქვს გასვლითო კონცერტები, ახლო მომავალში თუ იგეგმება რაიმე ღონისძიება?
ახლა ფესტივალ „გეორგიადაზე“ მივფრინავ ისრაელში და იქაც ვეცდებით, რომ მაქსიმალურად ავამაღლოთ განწყობა.
გელა, შენს შემოქმედებაში რა სიახლეებია?
გელა ტაბაშიძე: როგორც წინა სტუმრობისას აღვნიშნე, კვინტეტ „ურმულის“ წევრი ვარ და წელს 30 წლის იუბილე გვაქვს, რასთან დაკავშირებითაც ძალიან ბევრი რამ გვაქვს დაგეგმილი. ვგეგმავთ ევროპის ტურნეს.
როგორ შეიქმნა სიმღერა „გემი გაცურდა“?
ალბათ, ძალიან ბევრმა იცის, რომ ეს ძალიან ძველი სიმღერაა და რომ უამრავი ვერსია არსებობს. მეც ძალიან ბევრი წლის წინ მაქვს მოსმენილი და მერე რატომღაც ერთ-ერთ გასტროლზე მკითხეს, არასდროს გიცდია ეს სიმღერაო. ოჯახში და სახლში ვმღეროდი ხოლმე, მაგრამ არასდროს მიფიქრია ამ სიმღერის სტუდიური ვერსიის გაკეთებაზე. სხვათა შორის, ეს ვერსია ცოტა უფრო განსხვავებულია, ვიდრე იმღერება ხოლმე. უფრო მეტად არის გამოხატული რაზეც არის სიმღერა. ძალიან მელანქოლიური სიმღერაა და ჩვენც ამ მხრივ წავიყვანეთ ეს ნამუშევარი. სულ რაღაც ერთი კვირაა რაც ეს სიმღერა გამოვიდა. სიმღერის არანჟირება ბექა გაბუნიას ეკუთვნის, ჩაწერილია მისსავე სტუდიაში და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გიგა და დათა ლოლაშვილებს ამ სიმღერის ინსტრუმენტული გაფორმებისთვის.
სატელევიზიო პრემიერა თუ გქონდა?
არა, იყო შემოთავაზება, მაგრამ მინდოდა, რომ ჯერ სოციალურ ქსელში და რადიოში გაჟღერებულიყო.
ალბომის გამოშვებას თუ გეგმავ?
კი იმდენი რაოდენობა დაგროვდა, რომ ეს სიმღერები შესაკრავია.
მარიამ ელიეშვილი – გემი გაცურდა
გადაცემის აუდიოჩანაწერი
მარიამ ელიეშვილი & გელა ტაბაშიძე – გამოღმით მე ვარ, გაღმით შენ. Live
მარიამ ელიეშვილი. გადაცემა “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი