კონკურენციის სააგენტომ “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს” (GHG) ABC Pharmacia-ს შერწყმის უფლება მისცა. ამის შესახებ ინფორმაცია ”ფორტუნას” ”საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში” დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, სააგენტომ 2016 წლის 28 დეკემბერს დასრულა სს „ჯიპისი“-ს და სს „ეი-ბი-სი ფარმაცია“-ს კონცენტრაციის საკითხის შესწავლა და განსახორციელებელი კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად მიიჩნია. ამასთან დაადგინა, რომ ფარმაცევტული კომპანიების პროდუქციის (სამკურნალო, პარასამკურნალო და სხვა საშუალებების) რეალიზაციის ბაზარი დაბალკონცენტრირებულია.
შეგახსენებთ, “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა” (GHG) “ჯიპისის” შემდეგ ABC Pharmacia-ს შერწყმის და ბაზარზე ახალი, მსხვილი სააფთიაქო ქსელის Georgian Pharmacy-ს (GEPHA) შექმნის გეგმაზე ნოემბერში განაცხადა.
საქართველოში სიდიდით მეოთხე ფარმაცევტული კომპანიის შეძენით, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი (ევექსი) ქვეყანაში ყველაზე მსხვილი მოთამაშე ხდება სააფთიაქო ბაზარზე. მისი წილი ახალ კომპანიაში 67% იქნება, დარჩენილი 33% აქციების მფლობელი კი ”ფარმადეპო” დარჩება.
არსებული ინფორმაციით, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ”ფარმადეპოს” აქციებში 25 მილიონ დოლარს გადაიხდის.