რუსეთის ფედერაციამ, რომელიც საქართველოს ბაზარზე ხორბლისა და ფქვილის თითქმის ერთპიროვნული მიმწოდებელია, ხორბლის საექსპორტო გადასახადი გაზარდა.
აქედან გამომდინარე მოსალოდნელია, რომ პურის ფასი საქართველოში კიდევ გაიზარდოს. პრობლემა ექმნება ადგილობრივ წარმოებას და წისქვილკომბინატებსაც.
ქვეყანა ისევ ფქვილის იმპორტზე უნდა გადაერთოს. სამწუხაროდ ამ დრომდე ვერ მოხერხდა რუსეთის ბაზრის ნაწილობრივი ჩანაცვლებაც კი.
გაძვირდება თუ არა პური და სხვა პროდუქცია, რომელსაც ხორბლის ფქვილი სჭირდება?
თემაზე „ბიზნესკურიერში“ გიორგი კეპულაძესთან ერთად ლევან სილაგავა – ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი საუბრობს.

– ფქვილისა და ხორბლის ფასი ყოველთვის სენსიტიური თემაა, მათი ფასის ზრდა თავისთავად გამოიწვევს, მისგან წარმოებული პროდუქციის გაძვირებასაც. როგორც ვიცი, რუსეთმა საექსპორტო გადასახადი 50 %-მდე გაზარდა.
– ნამდვილად 50 %-მდე გაზარდა ფასი, ეს არის ყოველკვირეული ბაჟი, რომელიც მიბმულია მსოფლიო ბაზრის ფასს. ფასის ზრდის ძირითადი მიზეზი არის ის, რომ გაურკვეველია უკრაინული ხორბლის დერეფნის შემდგომი მუშაობის გაგრძელება. 19 ნოემბერს გადის ექვსთვიანი ვადა. მასში მონაწილეობს, რუსეთი, უკრაინა, თურქეთი და გაერო და შესაბამისად რუსეთმა გაეროში თავისი ელჩის საშუალებით თქვა, რომ ხელშეკრულება შესაძლოა, არ გააგრძელოს და შესაბამისად ამან მსოფლიო ბაზარზე სიტუაცია დაძაბა. შესაბამისად მისი ფასი გაიზარდა. იყო 30 დოლარის ფარგლებში და ახლა არის 46 დოლარის ფარგლებში.
შემდეგ კვირაში სავარაუდოდ კიდევ უფრო გაიზარდოს, თუ უფრო მკვეთრი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული ხორბლის დერეფანთან დაკავშირებით.
შესაბამისად ეს, რა თქმა უნდა, აისახება ხორბლისა და ფქვილის ფასზე.
უძრავი ბაჟი, რომელიც ყოველკვირეულია, დაახლოებით ორი თვის წინ შემცირებისკენ მიდიოდა, დიდი მოსავალი იყო რუსეთში და სანამ დაბინავდებოდა, მისი ფასი 100 დოლარიდან 30 დოლარზე ჩამოვიდა. ამან შესაძლებლობა მოგვცა, რომ წისქვილები ამუშავებულიყო და მარაგები შექმნილიყო. დღეს ორთვიანი მარაგი გვაქვს და გარკვეული სტაბილიზაცია მოხდა, პურის ფასის გარკვეულმა სეგმენტებმა ფასის კლება დაიწყეს.
რა იქნება შემდგომ? ამ შემთხვევაში აზრი ეკარგება ხორბლის შემოტანას, იმიტომ რომ გადასახადი ხორბალზეა და არა ფქვილზე. შესაბამისად ისევ შეიძლება მოხდეს ისე, რომ ფქვილის იმპორტი განხორციელდეს, წისქვილები გაჩერდეს და ჩვენ ისევ ჩამოვეკიდოთ ფქვილის იმპორტს.
რაც პრინციპში საკმაოდ სარისკოა იქიდან გამომდინარე, რომ ფქვილის დიდი მარაგები ვერ იქნება, თავის სპეციფიკიდან გამომდინარე, ანუ იმის გათვალისწინებით, თუ რამდენ ხანს ინახება..
ფქვილი ინახება დაახლოებით თვე-ნახევარი, ხორბალი ინახება წლების განმავლობაში.
შესაბამისად ჩვენი ამოცანაა, ფქვილის ფასის შენარჩუნება მოხდეს მარაგებიდან გამომდინარე. განვლილმა ერთმა მარკეტიკულმა წელმა დაგვანახა, რომ როდესაც მცურავი ბაჟი შემოვიდა, ფქვილის იმპორტმა ჩაანაცვლა ადგილობრივი წარმოება და წისქვილები გააჩერა, ამან მაინც ვერ დაიცვა პურის ფასი.
ვიცით, რომ იმ პერიოდში პური დაახლოებით 30%-ით გაძვირდა ფქვილისა და ხორბლის ფასიდან გამომდინარე. დასკვნა გასაგებია, ფქვილის იმპორტი პურის ფასს ვერ შველის. ჩვენი ხედვით ბაზრის დაცულობის მაღალი სტანდარტია, თუ ქვეყანაში არსებული მარაგები, ხარჯვის პარალელურად ივსება.
თუ შემოდის გაძვირებული ხორბალი, ეს იმას ნიშნავს, რომ წინა შედარებითი იაფად შემოტანილი აბალანსებს შემდეგ გაძვირებულ ფასს.
– რა არის საჭირო, რომ მოხერხდეს იმ ხედვის განხორციელება, რომელიც ასოციაციას აქვს?
– საჭიროა კონკურენციის პირობების დადგენა ბაზარზე წისქვილკომბინატებსა და ფქვილის იმპორტიორებს შორის.
რადგან მცურავი ბაჟი ისევ ფქვილის იმპორტზეა მიბმული, არ ხდება მისი ექსპორტზე გამოტანა მათ შორის რუსეთიდან და გადასახადია 46 დოლარი ტონა ხორბალზე, შესაბამისად ეს პრობლემაა.
თავისთავად წისქვილებს აღარ უღირთ ხორბლის შემოტანა, იმიტომ რომ მათი გამოშვებული პროდუქცია ვერ უწევს კონკურენციას ფქვილის იმპორტს, თუმცა იმ შემთხვევაში თუ იქნება გარკვეული დამაბალანსებელი გადასახადი ფქვილზე, თავისთავად ცხადია, ეს წისქვილების მუშაობას წაახალისებს და მარაგის სახით დაიცავს.
ახლა, როდესაც ფქვილის იმპორტი როდესაც იაფია, თავისთავად ეს მოკლევადიანია. როდესაც თვითონ ხორბალი ძვირდება და იმპორტირებული ფქვილიც გაძვირდება.
აქ საჭიროა ერთობლივი მუშაობა, საჭიროა ადგილობრივი წისქვილების წახალისება, რომ მათ ე.წ. „ამოქოქვა“ გააკეთონ. თუ დაბრუნდება სწორი კონკურენციის პირობები, იქნება ის მდგომარეობა, რაც იყო ამ გადასახადის შემოღებაზე.
წლების განმავლობაში საქართველოს ბაზარზე ადგილობრივი წისქვილკომბინატების ფქვილი იყო წარმოდგენილი დაახლოებით 97%. მხოლოდ 3% იყო იმპორტირებული.
ახლა, როდესაც ბაზარზე ფასმა დაიკლო, გამოწვეული იყო იმით, რომ თვითონ მცურავი ბაჟის შემცირების პარალელურად,(დავიდა 30 დოლარზე) წისქვილკომბინატები ამუშავდა.
კონკურენციაში შევიდა იმპორტირებულ ფქვილთან. შესაბამისად მანამდე კონკურენტი არ ჰყავდა და მოხდა ფქვილის ფასის დაკლება, დაახლოებით 10 ლარით, რაც პურის ფასზე აისახა.
თუმცა თუ სიტუაცია ისევ შემობრუნდა, თავისთავად ეს ბაზარზე პრობლემას შექმნის და მათ შორის იმპორტირებულს ფქვილს კონკურენტი არ ეყოლება და შესაბამისად წისქვილკომბინატები გაჩერდება. ისინიც ფქვილის იმპორტზე გადაერთვებიან, რაც კარგი არ იქნება.
თუ წინა ერთი წლის დაკვეთებს გავითვალისწინებთ, მაშინაც უკეთესი იქნებოდა, ფქვილის იმპორტის სანაცვლოდ, ადგილობრივი წისქვილკომბინატების სწორ მდგომარეობაში ჩაყენება. მულტიპლიკაციური ეფექტი მეტი ექნებოდა, რადგან წისქვილი როცა მუშაობს, ის ფქვილის გარდა უშვებს ქატოს, რაც მაშინ დეფიციტური შეიქმნა და ფასი ავარდა. თავისთავად ცხადია, სამუშაო ადგილები და მარაგების შექმნა, ფერმერებისათვის სტიმულია.
– ბევრი პლუსი აქვს მარტივად რომ ვთქვათ წისქვილკომბინატების ამუშავებას, თან საბოლოო ჯამში გაძვირებისგან მაინც ვერ ვიცავთ პურს, რადგან ფქვილიც ძვირდება, როდესაც მოსაკრებელი ძვირდება საერთაშორისო ბაზარზე.
– რა თქმა უნდა, ასეა. რამდენიმე კვლევა ჩატარდა წინა წელს. სადაც გამახვილებული იყო ყურადღება და შედარებითი ანალიზი იყო მაგალითად ფქვილის იმპორტის ფასის დინამიკასა და ადგილობრივ წისქვილკომბინატების მუშაობის ეფექტს შორის.
ჩვენი ინიციატივაა, რომ შემდგომი მოქმედების გზების დაგეგმვაში მთავრობას რეკომენდაცია მივცეთ, თუ როგორ უნდა იმოქმედონ.
დარგი გადასარჩენია, არა იმიტომ რომ ვიღაც ხელოვნურად რაღაცას თხოულობს. ჩვენ ვალდებული ვართ, რომ თუ განხორციელდება გარკვეული დამაბალანსებელი გადასახადი, ჩვენ მიზნობრივ ფასად მივაწვდით პურის მწარმოებლებს ფქვილს.
ეს სეგმენტი არის ფქვილის მთელი გამოშვების დაახლოებით 1/3.
დანარჩენი, საკონდიტრო ფქვილი და აგრეთვე გერმანული და ავსტრიული პურის ფქვილი, ეს არაა სენსიტიური სეგმენტი და თავისთავად ცხადია, რომ ის დააბალანსებს თავისუფალი ბაზრის პრინციპით ფასებს. ანუ ჩვენ ვალდებულებას ვიღებთ ამ შემთხვევაში პურის ფასის მიზნობრივ ფასად შენარჩუნების.
– სამწუხაროდ დღემდე ვერ მოხერხდა რუსეთის ბაზრის ნაწილობრივი ჩანაცვლებაც კი. ამის მიზეზი არის ფასი, რადგან იმპორტი სხვა ქვეყნებიდან ძვირი ჯდება. ყაზახეთი და უკრაინა სამწუხაროდ არასტაბილურია.
რა არის ამ შემთხვევაში გამოსავალი? ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქციით დამოკიდებული ვართ მტრულად დამოკიდებულ სახელმწიფოზე..
– ჩვენ იმიტომ ვითხოვთ მრგვალ მაგიდასთან შეხვედრას და კვლევების გაანალიზებას, რომ გამოსავალი მოვძებნოთ. ჩვენი ხედვა ასეთია და გაეროც გვაძლევს რეკომენდაციას, რომ თუ არსებობს ქვეყანაში გარდამავალი ორთვიანი მარაგი, ეს უსაფრთხოების უფრო მაღალი სტანდარტია.
ამ შემთხვევაში ხელოვნურ დიფერენცირებას ვერ გავაკეთებთ. როდესაც მტრულად განწყობილი ქვეყნიდან შემოგაქვს პროდუქტი, თუ რისკი არის, თავისთავად ცხადია, გარდამავალი მარაგი საშუალებას გაძლევს, რომ დივერსიფიცირება გააკეთო და სხვა ქვეყნებიდან შემოიტანო. რა თქმა უნდა, ძვირად, მაგრამ ხორბლის გარეშე არ დარჩები.

დაცულობის მაღალი სტანდარტია მარაგები.
სხვა შემთხვევაში, თუ ხელოვნურად რომელიმე კომპანია წავა და უფრო ძვირს შემოიტანს, მაგალითად ყაზახეთიდან, უკრაინიდან და რუმინეთიდან, თავისთავად ცხადია, რომ ის ბაზრიდან გავა რამდენიმე თვეში, იმიტომ რომ მისი კონკურენტი შემოიტანს იგივე რუსეთიდან იაფად.
ეს დამოკიდებულება არ გვინდა, მაგრამ სამწუხაროდ გეოგრაფიულად მათზე ვართ დამოკიდებული და ლოგისტიკური მხარე უფრო იაფია..
თუ ასე არ გვინდა, მაშინ გარკვეული საკანონმდებლო შეთანხმება უნდა არსებობდეს, ან თვითონ ქვეყანაში უნდა იყოს შეთანხმება, რომ ვაჭრობა არ იყოს და რუსეთიდან შემოტანილი პროდუქტის ისეთი ბაჟი იყოს, რომ სხვა ქვეყნიდან შემოტანას ჰქონდეს აზრი.
თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ ეს იქნება უფრო ძვირი და მოსახლეობამ ეს უნდა იცოდეს.