ომის დაწყების დღიდან გაერო-მ უკრაინის ტერიტორიაზე რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სექსუალური ძალადობის შესახებ 150-ზე მეტი განაცხადი მიიღო. ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა პრამილა პატენმა განაცხადა.
„24 თებერვლის შემდეგ გაერო-მ ქალების, ბავშვებისა და მამაკაცების წინააღმდეგ ჩადენილი სექსუალური ძალადობის შესახებ 150-ზე მეტი განაცხადი მიიღო. ეს არის გაუპატიურება იარაღის მუქარით ოჯახის წევრების თანდასწრებით“,- განაცხადა პატენმა.
მისივე განმარტებით, სექსუალური ძალადობა არის დანაშაული, რომლის შესახებაც „ქრონიკულად არასაკმარისი ინფორმაციაა”.
„ჩვენ ვხედავთ მხოლოდ აისბერგის წვერს“,- განაცხადა გაერო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა.
მისი შეფასებით, ეს ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი ფორმაა, რომელიც სამხედრო კონფლიქტების დროს ძირითადად ჩადენილია ქალებისა და გოგოების მიმართ, მაგრამ ასევე მამაკაცებისა და ბიჭების წინააღმდეგ.
„ეს ტოვებს საშინელ ნაკვალევს ცალკეული ადამიანების ცხოვრებაზე და მთლიან საზოგადოებაზე, ეს ანგრევს ოჯახებს, შედეგები კი იგრძნობა რამდენიმე თაობის განმავლობაში“,- განაცხადა პატენმა.