LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაერო-ში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია მიიღეს

117
1553275303-uprhrc-1024x539

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია   „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რეზოლუცია გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ წარადგინა.

თავის გამოსვლაში მან ისაუბრა საქართველოსა და გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე. ლაშა დარსალიამ დელეგატებს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით და ისაუბრა საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფისა და უკანონო დაკავებების შემაშფოთებელ ტენდენციაზე, რომლის უკანასკნელი ტრაგიკული მაგალითი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტია. მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად გასულ წელს საბჭოს პირდაპირი მოწოდებისა, უმაღლესი კომისრის ოფისს არ ჰქონოდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის საშუალება, საოკუპაციო ძალამ არ დაუშვა გაერო-სა და სხვა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მონიტორინგის შეღწევა ამ რეგიონებში.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ქართული მხარის მიერ ინიცირებული რეზოლუციის განხილვისას, მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ავსტრალიის, დანიის, ჩეხეთისა და გაერთიანებული სამეფოს დელეგაციებმა და მოუწოდეს საბჭოს წევრებს რეზოლუციის მხარდაჭერისკენ.

22 მარტს მიღებულ რეზოლუციაში, ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დოკუმენტში აღიარებულია საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა განმტკიცების კუთხით. ამასთან, საბჭო მიესალმება საქართველოს მთავრობის თანამშრომლობას გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან და ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა, რეგიონულ თუ საერთაშორისო მექანიზმებთან.

რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკური ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ დაფიქსირებული სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის, სიცოცხლის უფლების დარღვევის, თავისუფლების აღკვეთის, უკანონო დაკავებებისა და გატაცებების, საკუთრების უფლებისა და ჯანდაცვის უფლების დარღვევის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლების მიზანმიმართული ნგრევის პრაქტიკის განახლებასთან დაკავშირებით. რეზოლუციაში, ადამიანის უფლებათა საბჭო ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, სტაბილურობის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული საკითხების მიმართულებით, ხაზს უსვამს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას, რომელიც შეიქმნა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. ამასთანავე, გამოთქმულია შეშფოთება, რომ იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები, კვლავაც ვერ ახერხებენ თავიანთ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნებას.

დოკუმენტში გამოთქმულია შეშფოთება, რომ რეგიონულ და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებს არ ეძლევათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის საშუალება. აღნიშნულიდან გამომდინარე, რეზოლუციაში არის მოწოდება, მოხდეს უმაღლესი კომისრის ოფისისა და მონიტორინგის სხვა მექანიზმების დაუყოვნებლივი შეღწევის უზრუნველყოფა.

ამასთან, ადამიანის უფლებათა საბჭო, მიღებული რეზოლუციით ავალებს გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, წარმოადგინოს ანგარიშები რეზოლუციაში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით, საბჭოს მომდევნო – 41-ე და 42-ე სესიებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g