LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია მიიღო

68
BeFunky-collage (15)

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ ჟენევაში მიიღო რეზოლუცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართული მხარის მიერ ინიცირებულ და საბჭოს მიერ 24 მარტს მხარდაჭერილ დოკუმენტში: „თანამშრომლობა საქართველოსთან“, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

დოკუმენტში აღიარებულია საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა განმტკიცების კუთხით. ამასთან, საბჭო მიესალმება საქართველოს მთავრობის თანამშრომლობას გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან და ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა, რეგიონულ თუ საერთაშორისო მექანიზმებთან.

რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკური ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის, სიცოცხლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და საკუთრების უფლებების დარღვევის, გატაცებების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლების მიზანმიმართული ნგრევის პრაქტიკის განახლებასთან დაკავშირებით.

ამასთან, რეზოლუცია სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და მის მიღმა მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის განგრძობითი პროცესის გამო, მათ შორის, კოვიდ-19 პანდემიის დროს.

რეზოლუციაში ასევე გამოთქმულია შეშფოთება, რომ გაეროს გენერალური მდივნის მიერ დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტისკენ გლობალური მოწოდების მიუხედავად, ორივე ოკუპირებულ რეგიონში მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა მზარდი დარღვევებისა და ჰუმანიტარული წვდომის შეზღუდვის გამო.

რეზოლუცია ასევე საუბრობს იმ ნეგატიურ შედეგებზე, რასაც ე.წ. გადასასვლელების ჩაკეტვა და გადაადგილების თავისუფლებაზე მზარდი შეზღუდვები იწვევს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობაზე, განსაკუთრებით – საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან სამედიცინო ევაკუაციაზე უარისთქმა, რაც ფატალური შედეგებით დასრულდა. ყოველივე აღნიშნული, კოვიდ-19 პანდემიასთან ერთად, კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე არსებულ ჰუმანიტრულ, სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობასა და მოსახლეობის იზოლაციას.

რეზოლუცია სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს 2014-2019 წლებში ეთნიკური ქართველების მკვლელობების ფაქტებზე ანგარიშვალდებულების არარსებობის გამო, რაც ხელს უწყობს ადგილზე დაუსჯელობის წახალისებას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობითვე, რეზოლუციაში საბჭო ხაზს უსვამს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შექმნილი, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას.

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციაში გამოთქმულია შეშფოთება, რომ იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები, კვლავ ვერ ახერხებენ საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნებას, საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებს კი, არ ეძლევათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის საშუალება.

საბჭო ავალებს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, მომდევნო სესიებზე წარადგინოს ანგარიშები რეზოლუციაში ასახულ საკითხებზე.

რეზოლუციის მღებამდე, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება გააცნო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ. ყველა სხვა პრობლემასთან ერთად მან ილაპარაკა საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძისთვის უკანონო პატიმრობის 12 წლით გაგრძელებაზე.

ლაშა დარსალიას განცხადებით, ორივე ოკუპირებულ რეგიონში რუსეთი ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების საკითხებს იყენებს საკუთარი, შორსმიმავალი მიზნებისთვის, რათა საქართველოს მთავრობაზე განახორციელოს პოლიტიკური ზეწოლა და მოახდინოს ვითარების შემდგომი დესტაბილიზაცია. მინისტრის მოადგილის თანახმად, შექმნილი ვითარება კიდევ ერთხელ, ნათლად აჩვენებს საქართველოს ორივე ოკუპირებულ რეგიონში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და მონიტორინგის საერთაშორისო და რეგიონალური მექანიზმების დაშვების აუცილებლობას.

 

 

mazda magti 5g