გაეროს „ადამიანის განვითარების“ 2023-2024 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველო ადამიანის განვითარების ინდექსში (HDI) „ადამიანის განვითარების ძალიან მაღალი“ დონის მქონე ქვეყნის კატეგორიაშია და მსოფლიო რეიტინგში მე-60 ადგილს იკავებს.
საქართველო რეიტინგში უსწრებს სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, უკრაინას, მოლდოვას, ბულგარეთს, ალბანეთს, ჩინეთს და სხვა.
ადამიანის განვითარების ინდექსში საქართველოს სარეიტინგო პოზიცია 2015–2022 წლებში 4 პუნქტით გაუმჯობესდა და გაუმჯობესების ამ მაჩვენებლით, „ძალიან მაღალი დონის ქვეყნებს“ შორის საქართველო მსოფლიოში მეთერთმეტეა ირლანდიის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ხორვატიის, საუდის არაბეთის, თურქეთის, ურუგვაის, პანამის, მალაიზიის, კოსტა-რიკას, ტაილანდის შემდეგ.
გაეროს ადამიანის განვითარების ინდექსში ქვეყნები 4 კატეგორიად ნაწილდება განვითარების „ძალიან მაღალი“, „მაღალი“, „საშუალო“ და „დაბალი“ დონის მიხედვით.