რუსთაველის გამზირზე, შვილმოკლულ მამებთან მხარდაჭერის გამოსახატად პოლიტიკოსები მივიდნენ. პარლამენტთან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები იმყოფებიან. მათ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც შვილმოკლულმა მშობლებმა პოლიტიკურ პარტიებს გვერდში დგომისკენ მოუწოდეს.ოპოზიცია შვილმოკლულ მამებთან სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით კონსულტაციებს დღესვე დაიწყებენ.
„ეს არის ენით აღუწერელი უსამართლობა, რაც ქვეყანაში ხდება, პირდაპირი ძალადობა, თავდასხმა, არ ვიცი, მართლა როგორ უძლებენ და გააუბედურეს ეს ადამიანები ჯერ თავისი შვილების ტრაგედიით და მერე იმ ყველაფრით, რაც აქ ხდება,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
შვილმოკლული მამების აქციაზე პარლამენტის წინ ვითარება რამდენჯერმე უკიდურესად დაიძაბა. ფიზიკური დაპირისპირება ზაზა სალარიძეს, მალხაზ მაჩალიკაშვილს, მათ მომხრეებსა და პოლიციას შორის კარვების გაშლის გამო მოხდა. ამინდის გაუარესების გამო კარავი ადგილზე ახალგაზრდებმა მიიტანეს და მათი გაშლა სცადეს, რის უფლებაც აქციის მონაწილეებს პოლიციამ არ მისცა.
ახლა პარლამენტთან ვითარება სტაბილურია, მაგრამ კარვები გაშლილი არ არის. მიუხედავად ამისა, ზაზა სარალიძე მალხაზ მაჩალიკაშვილი და მათი მხარდამჭერები კიბეებზე რჩებიან და ღია პროტესტს აგრძელებენ.