LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაერთიანებული ოპოზიცია პრეზიდენტს მერაბიშვილის შეწყალებას სთხოვს

81

“ძალა ერთობაშიას” წევრმა მამუკა გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა – მივმართავთ გიორგი მარგველაშვილს, თავისი საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე შეიწყალოს ვანო მერაბიშვილი.

მამუკა გამყრელიძის განცხადებით, ოპოზიცური გაერთიანება “ძალა ერთობაშია” ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილსა და იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს მიმართავს. ოპოზიციური გაერთიანება წულუკიანს სთხოვს, რომ მერაბიშვილი დაუყოვნებლივ იქნას გადაყვანილი სასჯელაღსრულების სისტემის საავადმყოფოში.

“გვინდა, ყურადღება მივაპყროთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მცირე და დიდი პალატის მიერ პოლიტპატიმრად აღიარებული, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ის უკვე მე-6 წელია სასჯელს იხდის მძიმე პირობებში, ერთადგილიან უფანჯრო საკანში, რაც შეძლება შეფასდეს როგორც წამების ტოლფასი. ამის გამო მნიშვნელოვნად შეირყა მისი ჯანმრთელობა. ის #9 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დედაქალაქის სხვადასხვა კლინიკებში გამოსაკვლევად, ბოლო ორი თვის განმავლობაში რამდენჯერმე გადაიყვანეს.

მივმართავთ საქართველოს იუსტიციის მინისტრს, ივანე მერაბიშვილი დაუყოვნებლივ იქნას გადაყვანილი სასჯელაღსრულების სისტემის საავადმყოფოში, ჩაუტარდეს სათანადო სამედიცინო კვლევები და მკურნალობა. მკურნალობის შემდგომ მოხდეს ვანო მერაბიშვილის სათანადო პირობებში გადაყვანა.

იუსტიციის სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყოს ივანე მერაბიშვილის ვადამდელი-პირობითი გათავისუფლების საკითხის განხილვა. პრეზიდენტმა, გიორგი მარგევლაშვილმა თავისი საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე, ბოლო კეთილ საქმედ – შეიწყალოს ივანე მერაბიშვილი.

მერაბიშვილის ჯანმრთელობაზე პირად პასუხისმგებლობას ვაკისრებთ პრეზიდენტ, გიორგი მარგველაშვილს და იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს,” – განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახური შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილისთვის დასმულ დიაგნოზს ასაჯაროვებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მერაბიშვილს ვაზომოტორული რინიტი; ჰორნერის სინდრომი (მარჯვნივ), ბლეფარო-კონიუნქტივიტი დაუდგინდა. ამასთან სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულის ადვოკატის განცხადებას, რომ მერაბიშვილის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია.

magti 5g