გაერთიანებული სამეფოს საელჩო საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძის განთავისუფლებას მოითხოვს. ამის შესახებ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც საელჩო ავრცელებს.
„ბატონ გახელაძეს სამხრეთ ოსეთის რეგიონში 12 წლითა და 6 თვით უკანონო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უნდა შეეძლოს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში თავისუფლად გადაადგილება. გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, 5 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გასული წლის ზაფხულში დაკავებულ ზაზა გახელაძეს დე ფაქტო ხელისუფლებამ ბრალი წაუყენა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით — “სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა” და “სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა”.