ბიძინა ივანიშვილი სოფელ ძველ ხიბულაში ჩავიდა და ის სახლი დაათვალიერა, სადაც საქართველოს პირველი პრეზიდენტი დაიღუპა.
მოულოდნელი ვიზიტისას, ის მოსახლეობასაც შეხვდა და გარკვეულ პროექტებზე ესაუბრა. ივანიშვილი მათ დაჰპირდა, რომ თუ ბიუჯეტში შესაბამისი თანხები ვერ მოიძებნა, ის პროექტებს საკუთარი სახსრებით განახორციელებს.
“გაზიფიცირებაც დავუჩქაროთ, წყალიც დავუჩქაროთ, გზა გავუკეთოთ… ბიუჯეტს არ ექნება, მე გავაკეთებ” – მიმართა მან სოფლის გამგებელს.
ასევე, საბავშვო ბაღის აშენების თხოვნაზე, ადგილობრივებს განუცხადა, რომ ამასაც თავად აუშენებს სოფელს.
შეგახსენებთ, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში იმ სახლის რეაბილიტაცია დაიწყო, სადაც ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა.
დღესვე ბიძინა ივანიშვილმა ზვიად გამსახურდიას 80 წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის გარდაცვალების საქმე დროულად უნდა იქნეს გამოძიებული.