LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გაგუას კლინიკის” ახალი კორპუსი გაიხსნა: კლინიკა ყველა სახელმწიფო პროგრამაში იქნება ჩართული

977

”გაგუას კლინიკის” ახალი კორპუსი დღეს გაიხსნა. ახალი კორპუსი 100 საწოლზეა გათვლილი და უახლესი სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი. ადგილზე ქალის, ორსულისა და ბავშვის ჯანმრთელობის მიმართულებით, ყველა სამედიცინო სერვისის მიწოდება ერთ სივრცეში განხორციელდება.

განახლებულ კლინიკაში სამედიცინო მომსახურების მიღებას ყველა სოციალური ფენის წარმომადგენელი შეძლებს.

ახალ კლინიკაში სულ სამასამდე თანამშრომელი, აქედან 30–მდე მეცნიერებათა დოქტორი დასაქმდება. ამ დროისთვის „გაგუას კლინიკას“ წელიწადში 4000 მშობიარეს მიღება შეუძლია, ახალი კორპუსის მეშვეობით კი ეს მონაცემი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

10 000 კვ.მ. ფართობის ახალაშენებული კორპუსი არქიტექტურულადაც გამორჩეულია. ის შმმ პირებზე სრულადაა ადაპტირებული. შენობა ენერგოეფექტურია და აღჭურვილია სახანძრო უსაფრთხოების სისტემით.

კლინიკური ფუნქციების გარდა, „გაგუას კლინიკას“ სასწავლო დაწესებულების დანიშნულებაც ექნება. ადგილზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და თავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები დიპლომამდელ და დიპლომისშემდგომ სწავლებას გაივლიან.

„გაგუას კლინიკა“ ყველა სახელმწიფო პროგრამაში იქნება ჩართული. პროექტის განხორციელება საყოველთაო ჯანდაცვისა და პერინატალური რეგიონალიზაციის პროგრამების საშუალებით გახდა შესაძლებელი.

ახალი კორპუსის გახსნას პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ესწრებოდნენ.

”მე ძალიან მახარებს, რომ სწორი პარტნიორობით სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში განხორციელებული თანამშრომლობით შესაძლებელი გახდა საქართველოში გვქონდეს ასეთი თანამედროვე კლინიკები. რაც განსაკუთრებით მახარებს, არის ის, რომ კლინიკა აღჭურვილია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. აქ არის სრული კომფორტი ყველა ჩვენი თანამოქალაქისთვის”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, კლინიკა ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციების შედეგად აშენდა. მისივე თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ჰოსპიტალურ სექტორში ძალიან ბევრი ინვესტიციები ხორციელდება.

„წინა ცხოვრებაში ექიმი ვიყავი და მსგავსი, კარგი მიღწევები რომ ყოფილიყო, მეც საექიმო პრაქტიკას გავაგრძელებდი“, – განაცხადა პრემიერმა კლინიკის გახსნისას და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს ბავშვის დაბადება მოულოცა.

აღსანიშნავია, რომ წულუკიანის შვილი სწორედ, გაგუას კლინიკაში დაიბადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g