25 წლის ლუკა ქარუმიძე უკვე მეორე წელია სტრასბურგის ფრანგულენოვან კოლეჯში Collège François Truffaut ფრანგ მოსწავლეებს, ფრანგულს ასწავლის.
ლუკა ქართველი ემიგრანტია, რომელიც სტრასბურგში საცხოვრებლად ოჯახთან ერთად ბავშვობაში გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ სკოლასა და უმაღლეს სასწავლებელში ფრანგულ ენაზე სწავლობდა, ქართულ ენას სრულყოფილად ფლობს.
განვლილ გზაზე, წარმატებულ პედაგოგიურ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ლუკა ქარუმიძე „ფორტუნასთან“ საუბრობს.
„სკოლაც და უმაღლესიც აქ დავამთავრე. სტრასბურგში, უნისტრას უნივერსიტეტში მასტერის ხარისხი კლასიკური ლიტერატურის მიმართულებით დავიცავი. ერთადერთი ქართველი ვიყავი, ვინც უნისტრაში სწავლობდა. ყოველთვის მინდოდა საგანმანათლებლო სფეროში მემუშავა. ეს ჩემთვის სერიოზული გამოწვევა და ასევე დიდი პასუხისმგებლობა იყო.
სტრასბურგში სანამ პედაგოგის სტატუსს მოგანიჭებენ, საჭიროა რიგი ეტაპების, კონკურსების გავლა. ამ ეტაპზე, კოლეჯში Collège François Truffaut 11-დან 15 წლამდე მოზარდებს ფრანგულ ენას ვასწავლი, ეს პროცესი ძალიან მომწონს.
ასევე ვმუშაობ ორგანიზაციაში, რომელიც სასკოლო უთანასწორობის წინააღმდეგ მუშაობს. სხვათა შორის, ამ ორგანიზაციამ ახლახან მომაბარა ქართველი მოსწავლე, რომელსაც ფრანგულ ენაში ვამეცადინებ. გარდა ამისა, ვატარებ ონლაინ გაკვეთილებს ფრანგულში.
სტრასბურგი, გარდა იმისა, რომ ზღაპრული ქალაქია, არის სტუდენტური ქალაქი, სადაც შეგიძლია საკმაოდ კარგი განათლება მიიღო.
18 წლიდან მშობლებისგან დამოუკიდებლად ვცხოვრობ, ჩემი მშობლები სხვა ქალაქში ცხოვრობენ. სტრასბურგში ბინას ვქირაობ, ყველაფრის კეთება სრულწლოვანი ასაკიდან დამოუკიდებლად მიწევს. სხვათა შორის, ხშირად ვამზადებ ქართულ კერძებს, მათ შორის მომიხვევია ხინკალი, გამომიცხვია ხაჭაპური, ლობიანი და სხვა. თვეში ერთხელ, როცა ოჯახი ვიკრიბებით, ვცდილობთ ქართული კერძები მოვამზადოთ.
თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს, და თუ მაქვს, მაშინაც ვკითხულობ. ლექსებს ვწერ ფრანგულ ენაზე, სამომავლოდ ვაპირებ, რომ კრებული გამოვცე.
საქართველოში არდადეგებზე ჩამოვდივარ. ჩემს ფრანგ მეგობრებს ხშირად ვუყვები ჩვენი ქვეყნის ისტორიას. მიუხედავად იმისა, რომ შორს ვცხოვრობ, ძალიან მენატრება ჩემი ქვეყანა, სადაც ბევრი ახლობელი მყავს.
სამომავლოდ მინდა საფრანგეთში დოქტორის ხარისხი დავიცვა, რათა უფრო მაღალ საფეხურზე ავიდე და უკვე ამ მიმართულებით გავაგრძელო აქ კარიერა“, – აღნიშნავს ლუკა ქარუმიძე „ფორტუნასთან“ საუბარში.

