LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიცანით სკოლა, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეს მრავალმხრივად განვითარდეს და სწორად აირჩიოს პროფესია

705
87693356-3041596512538075-3867795694190329856-o

რა გამოწვევების წინაშე დააყენა სასწავლო დაწესებულებები COVID19-მა, როგორ მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი დისტანციურად და რას სთავაზობს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა მოსწავლეებს – ამ საკითხებზე „ფორტუნა“ აღნიშნული სკოლის დირექტორს ლალი მელივას ესაუბრა.

-რა ისწავლება თქვენთან და რითია გამოჩეული თქვენი სკოლა კონკურენტებისგან?

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა 2009 წლიდან ფუნქციონირებს და მისი მისიაა, მოსწავლეებმა მიიღონ მაღალი აკადემიური განათლება, გამოიმუშავონ უნარები და ღირებულებები, რომლებიც დაეხმარება მათ საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრებასა და პოტენციალის რეალიზებაში. სკოლა ხელს უწყობს მოსწავლეს, რომ გამოუმუშავდეს ანალიტიკური აზროვნების უნარი, შეეძლოს გუნდური მუშაობის წარმართვა, განვითარდეს მრავალმხრივად და იყოს კანონმორჩილი, პატრიოტი და ტოლერანტი მოქალაქე. გარდა ამისა, ჩვენი სკოლა ზრუნავს, რომ მოსწავლეს შეეძლოს თანამედროვე, სწრაფად ცვლად და დინამიურ გარემოში ორიენტაცია და ადაპტაცია. სკოლა მოსწავლეს უქმნის შემოქმედებით და თანამშრომლობით გარემოს, ხელს უწყობს ურთიერთპატივისცემისა და თანასწორობის პრინციპების დაცვას.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი სკოლა უზრუნველყოფს უსაფრთხო და წამახალისებელ გარემოს და იგი უვითარებს მოსაწავლეს კულტურულ ფასეულობათა, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და კანონის მიმართ პატივისცემას, ასევე ხელს უწყობს მის ფიზიკურ განვითარებას, რისთვისაც ორგანიზებას უწევს სპორტულ და სახელოვნებო აქტივობებს, როგორც მოსწავლეების, ასევე მშობელთა და მასწავლებელთა ჩართულობით. სკოლის ერთ–ერთი უმთავრესი ამოცანაა, მოსწავლემ შეძლოს, სწორად აირჩიოს  განვითარების  მომავალი  მიმართულება.

-სწავლების რა მეთოდს იყენებთ?

სკოლაში სასწავლო პროცესი ფოკუსირებულია მოსწავლეების საჭიროებებზე, შესაძლებლობებზე, ინტერესებსა და სწავლის სტილზე.   სწავლა რომ სახალისო, საინტერესო პროცესად და ნამდვილ ინტელექტუალურ გამოწვევად იქცეს, პედაგოგები სწავლების პროცესს სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებით წარმართავენ. სტრატეგიის შერჩევისას მასწავლებელმა უნდა განსაზღვროს გაკვეთილის მიზანი და შერჩეული სტრატეგია უნდა შეესებამებოდეს მოსწავლეთა შესაძლებლობებს. მოგეხსენებათ, რომ სწავლების მეთოდები და სწავლის სტრადეგიები, მოსწავლეთა უნარების ჩამოყალიბება-განვითარებისათვის მეტად მნიშვნელოვანია. ჩვეულებრივი სასწავლო პროცესი ითვალისწინებს  შემდეგს:

  1. პედაგოგმა მოსწავლეებს დაანახოს საკითხი, პრობლემა, რომელიც მრავალგვარი მიდგომითა და გზით შეიძლება გადაიჭრას,რომელზეც არ არსებობს ერთი სწორი ან არასწორი პასუხი, საჭიროებს ძიებას, ალტერნატივების დაშვებას და იდეების ჩამოყალიბება-განვითარებას.
  2. მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ ნასწავლი მასალა, დამოუკიდებლად მოძიებული ინფორმაცია და პრობლემის გადაჭრის ხედვა უნდა მიუსადაგონ რეალური ცხოვრების მიზნებსა და მოთხოვნებს.
  3. შემოქმედებითი აზროვნების განვითარება, რაც გამოიხატება იდეათა ახლებური კავშირებისა და შეხამების პოვნაში.

-როგორ ხდება თქვენს სკოლაში მოსწავლეთა მიღება?

სკოლაში მოსწავლეთა მიღება ხდება დირექტორთან და ფსიქოლოგთან გასაუბრების შემდეგ.

 

-რამდენად წარმატებულად გაართვით თავი პანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებს?

პანდემიასთან დაკავშირებულმა ცვლილებებმა რადიკალურად შეცვალა სასწავლო პროცესთან არსებული ყველა ნიუანსი. მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის უდიდესი გამოწვევა იყო სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადასვლა, გამომდინარე იქიდან, რომ სასწავლო პროცესი მასწავლებელ/მოსწავლის აქტიურ თანამშრომლობას გულისხმობდა. არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ მთელი გულისხმიერებით მოვეკიდეთ მეტად საპასუხისმგებლო მისიას. აქვე აღვნიშნავ, რომ სკოლის სამმა პედაგოგმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის სტანდარტის სასერტიფიკატო ტრეინინგში ,,შერეული/ ჰიბრიდული სწავლების მეთოდები”, რაც საშუალებას მოგვცემს ონლაინსწავლება მეტად ინტერაქციული და შემოქმედებითად საინტერესო გავხადოთ.

კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სკოლა დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა ამ რთულ გამოწვევას და ახალი სასწავლო წლისთვის, შესაძლო გართულებების შემთხვევაში, მეტად მნიშვნელოვანი გამოცდილებაც მივიღეთ. სკოლა ჩართულია თანამედროვე, ონლაინ სწავლების  პროცესებში, ახალი პლატფორმების დანერგვაში, როგორებიცაა: ედუპეიჯი, ზუმი, თიმსი, რომლებშიც, შესაძლო გართულების შემთხვევაში, უფრო დახვეწილი გახდება სასწავლო პროცესი.

წარმატებით გავიარეთ ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებული, ფაქტობრივად, ყველა სირთულე. ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართული პროცესში და მასწავლებლებთან ერთად ცდილობდნენ, საკუთარი აზრი სლოგანების სახით გამოეხატათ. შევქმენით ვიდეორგოლი, რომელშიც  მოსწავლეებმა ნახატებთან ერთად წარმოადგინეს საკუთარი დამოკიდებულება მსოფლიოში მიმდინარე პროცესზე. შემოქმედებითი თვალსაზრისით მეტად გააქტიურდნენ და მეტი მონდომებით ჩაერთნენ საგაკვეთილო პროცესში. 21-ე საუკუნის  თაობისთვის ინტერნეტით ურთიერთობა ძალზე ადვილი, მოსახერხებელი და მისაღებია. მიუხედავად ამისა, მოსწავლე-მასწავლებელს შორის ურთიერთობა ცოცხალი პროცესია და უმჯობესია ის საკლასო ოთახში მიმდინარეობდეს, სადაც ემოციის ( სითბოს,  სიყვარულის…)  გამოხატვა უფრო ადვილად აღსაქმელია და  რეაგირებაც ამა თუ  იმ  საკითხზე სწრაფი და შედეგიანია.

აღსანიშნავია, რომ საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა თბილისში მდებარეობს და ის 360 მოსწავლეზეა გათვლილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g