პრეზიდენტად ჯერ ოფიციალურად არ მოსულმა დონალდ ტრამპმა ყველა და ყველაფერი გადაფარა ისეთი განცხადებები გააკეთა.
აშშ-ის ერთხელ უკვე ნამყოფ და მომავალ პრეზიდენტს იმპერიალისტური ზრახვები შეეპარა და აშშ-ის გაფართოება და ახალი მიწების ათვისება მოუნდა – საუბარია უზარმაზარი კანადის მიერთებაზე, ევროკავშირის წევრი ქვეყნის შემადგენელი ნაწილის გრენლანდიის მითვისებაზე, კითხვის ნიშნები გააჩინინა პანამის არხთან დაკავშირებით და გეოგრაფიული სახელწოდებების შეცვლაზეც კი ჩამოაგდო სიტყვა.
მოკლედ, ტრამპი კიდევ უფრო ხმამაღლა მოდის, ვიდრე აანონსებდა და ძირითადად სწორედ ამ საკითხებს შეეხო გადაცემაში „მსოფლიო, როგორც ასეთი“ პოლიტიკური მიმომხილველი ბუკა პეტრიაშვილი.
გადაცემის წამყვანმა ასევე ისაუბრა ტრამპის დამოკიდებულებაზე ისრაელი-ჰამასის დაპირისპირებაში და აღნიშნა, რომ ტრამპი პირდაპირ იმუქრება, რომ ჯოჯოხეთს დაატრიალებს მათ თავზე, ვისი ბრალეულობითაც არ შესრულდება მძევლების გათავისუფლების საკითხი.
რაც შეეხება რუსეთს, ტრამპთან დახლოებული პირები აცხადებენ, რომ არ იქნება ისეთი შეთანხმება, რომლითაც პუტინს რაიმეს დაუთმობს. საქმე ეხება უკრაინაში მშვიდობის დამყარებას და ტრამპი იზრუნებს, რომ უკრაინის სუვერენიტეტი შენარჩუნდეს.
ამასობაში სომხეთი და აზერბაიჯანი ძალის ენის გამოყენებით საუბრობენ, ხოლო რუსეთი უკრაინაზე იერიშებს განაგრძობს.
„წელი ხმაურიანად დაიწყო. დონალდ ტრამპი ჯერ არ შესულა ოფისში, მაგრამ მისმა განცხადებებმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
მისი პრესკონფერენცია ეხებოდა გრენლანდიის, კანადის, პანამის მიერთების საკითხებს.
განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას გრენლანდიაზე, რომელიც დანიის შემადგენლობაში შემავალი ავტონომია გახლავთ. ანუ ევროკავშირის სახელმწიფოს მიმართ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებები, რბილად რომ ვთქვათ, ბევრ გაუგებრობას იწვევს.
რაც მნიშვნელოვანია, ის არცერთ საშუალებას არ გამორიცხავს – არც ეკონომიკურს, არც დიპლომატიურს და არც სამხედროს, რომ გრენლანდია გახდეს აშშ-ს ნაწილი.
გრენლანდიას დიდი მნიშვნელობა აქვს. აქ არის ბაზა, რომელიც გამოიყენება სადაზვერვო და საინფორმაციო საშუალებების მისაღებად, მაგრამ არა მხოლოდ ამ თვალსაზრისით. გრენლანდიას გააჩნია ენერგო და მინერალური რესურსების პოტენციალი. ასევე აქვს სტრატეგიული მდებარეობა. ტრამპი მიიჩნევს, რომ გრენლანდიაზე კონტროლი სრულად უნდა აიღოს შეერთებულმა შტატებმა.
პრესკონფერენციის პარალელურად გრენლანდიაში ვიზიტით იმყოფებოდა დონალდ ტრამპის შვილი, უმცროსი დონალდ ტრამპი, რაც გარკვეული მინიშნებებისკენ იყო მიმართული.
დანიის პრემიერმა და მეფემ მკაფიო განცხადებები გააკეთეს, რომ გრენლანდია არ იყიდება.
არ იყიდებაო კი თქვეს, მაგრამ დანია მიესალმება აშშ-ის დიდ ინტერესს და ჩართულობას, ინვესტიციებს და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას.
პანამის საკითხი. პანამისა და სუეცის არხისთვის აშშ-მა დიდი ადამიანური მსხვერპლი გაიღო. 35 ათასი ემსხვერპლა ამ პროექტებს. ტრამპი აკრიტიკებს აწგარდაცვლილ, ყოფილ პრეზიდენტ ჯიმი კარტერს, რომ ამ ტერიტორიების დათმობა იყო სტრატეგიული შეცდომა და აქებს ყველა იმ პრეზიდენტს, რომლებმაც ახალი მიწების შემოერთებაში წვლილი შეიტანეს. საუბარია ალიასკაზე, ჰავაიზე და მინიშნებას აკეთებს, რომ ახალი პოლიტიკა შესაძლოა ერთგვარი იმპერიალისტური იყოს, რაც გულისხმობს საერთაშორისო წესრიგის გვერდის ავლით ტერიტორიების ათვისებას.
მძაფრი განცხადებები და მინიშნებები გაკეთდა კანადასთან მიმართებაში. რატომ უნდა გადაიხადონ აშშ-ის მოქალაქეებმა დამატებით 200 მილიარდი თუ კანადა არ იქნება მის შემადგენლობაში. ტრამპი კვლავ საუბრობს ტარიფების გაზრდაზე. ის და მისი მილიარდერი მხარდამჭერი ილონ მასკი არც თუ საუკეთესო ეპითეტებით ამკობენ ჯერ კიდევ მოქმედ პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს და მოუწოდებენ, რომ შეეგუონ იმ ფაქტს, რომ კანადა აშშ-ის 51-ე შტატი გახდება.
ხისტი დასაწყისია მეზობლებთან ურთიერთობაში, ისევე როგორც მექსიკასთან. ტრამპის მოსაზრებით, მექსიკის ყურეს ეს სახელი არ უნდა ერქვას და ამერიკის ყურე უნდა იყოს.
მოკლედ, სამეზობლო პოლიტიკაში სულ სხვა მიმართულებებით და განსაკუთრებული აქტიურობით შეუდგა ტრამპი საგარეო პრიორიტებების წარმოჩენას.
აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი მთავარ მეტოქებად განიხილავს ჩინეთს და რუსეთს. განსაკუთრებით ადარდებს ჩინეთის მზარდი სამხედრო და ეკონომიკური გავლენები.
მისი ერთობლივი წვრთნები რუსეთის ფედერაციასთან და სამხედრო ინფრასტრუქტურის ხშირი გამოჩენა, აშშ-სთვის ყურადღებისა და მღელვარების საგანია“.