საქართველოში ამინდის მკვეთრი ცვლილებაა მოსალოდნელი. როგორც მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში წერს, სანაპირო ზოლსა და დასავლეთ საქართველოში ამინდი საგრძნობლად გაუარესდება.
მოსალოდნელია ძლიერი დასავლეთის ქარი, რომლის სიჩქარე 22 მეტრ წამამდე მიაღწევს, ასევე იწვიმებს. აღმოსავლეთ საქართველოში კი საღამოს საათებიდან გაძლიერდება ჩრდილო-დასავლეთის ქარი, რომლის სიჩქარე 28 მეტრ წამამდე იქნება.
ზღვაზე მოსალოდნელია შტორმი, ხოლო ზამთრის კურორტებზე — თოვლი და ქარბუქი. კობა ფარტენაძე მოსახლეობას მოუწოდებს, გაითვალისწინონ უამინდობის დროს მოქმედი უსაფრთხოების რეკომენდაციები.
მეტეოროლოგების პროგნოზით, 4 თებერვლის საღამოს საათებიდან ამინდი ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად გაუმჯობესდება.
