კომპიუტერული სამყარო სერიოზული დამოკიდებულების გამომწვევია. ახალგაზრდა თაობაში გაჯეტებზე დამოკიდებულება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს როგორც პედაგოგებისთვის, ასევე ექიმებისა და მშობლებისთვის.
პროგნოზები დამაიმედებელი ნამდვილად არ არის: მხედველობის პრობლემებიდან დაწყებული ემოციური აშლილობებით, ანტისოციალური ქცევით, კუნთოვანი დისტროფიითა და სიმსუქნით დამთავრებული.
რამდენად შესაძლებელია ბავშვების გაჯეტებისგან დაცვა, როგორ შეუძლიათ მშობლებს კონკურენცია გაუწიონ თანამედროვე ტექბოლოგიებს?
„ჯერ იყო ლეპტოპი, შემდეგ პლანშეტი, ახლა კი მეგონა, გაიზარდა, დამელაპარაკება-მეთქი, მაგრამ ტელეფონშია თავიდან ფეხებამდეა შემძვრალი,“ – ორი მოზარდის დედა, ნანა ჯანაშია, „ფორტუნასთან“ საუბრისას თავის წუხილს არ მალავს და ამბობს, რომ მისი შვილები ახალმა ტექნოლოგიებმა ასოციალური გახადა.
ეს ერთ-ერთი შემთხვევაა, ახალ ტექნოლოგიებზე მიჯაჭვულობას მშობლები რომ განიცდიან. ხშირად თავად არიან ამის ხელშემწყობები, რადგან მოზარდებს პლანშეტებს, კომპიუტერსა და სმარტფონებს თავად ყიდულობენ.
„მართალია, მე შევუძინე, დაბადების დღეზე გავახარებ-მეთქი. ყველას რომ აქვს, გეგასაც მინდა, ჰქონდეს, მაგრამ რაც ვუყიდეთ მე და მამამისმა სმარტფონი, თან საკმაოდ ძვირადღირებული, როგორიც მას უნდოდა, აღარც მელაპარაკება, აღარც ურთიერთობს ჩვენთან. ახლა „ნაუშნიკებიც“ გაიკეთა, ჩემი ხმაც რომ ვერ გაიგოს. ვერც აკრძალვამ, ვერც სხვა დავალებების მიცემამ, ვერც შემდეგ პლანშეტისა და ტელეფონის ჩამორთმევამ გამოიღო შედეგი,“ – ამბობს თამილა გურული.
თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, ტელევიზორთან და კომპიუტერთან მცირეწლოვანი ბავშვებიც ადრეული ასაკიდანვე ურთიერთობენ. ხშირად ამას ხელს თავად ოჯახის წევრები უწყობენ, რადგან ისინი მარტივ გამოსავალსა და გართობის იოლ მეთოდს ამჯობინებენ.
მცირეწლოვანი დაჩის დედა, თამუნა ბერიძე, შვილს ხელს თავად უწყობს, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში უყუროს მისთვის სასურველ მულტფილმს ან გადაცემას. თამუნას მოსწონს ისიც, რომ ტელევიზორისა და YouTube-ის ყურების შედეგად მისი შვილი უცხო ენაზე ცდილობს საუბარს.
დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ, ჩატარებული კვლევისას დაადგინა, რომ ახალგაზრდები ინტერნეტს სწავლისთვის საერთოდ არ იყენებენ. გამოკითხული გოგონები ახალ ტექნოლოგიებს 24 საათიდან 9:45 საათს უთმობენ, ბიჭები კი 10:20 საათს. მათი დიდი ნაწილი გვიან ღამით იძინებს, დილით ადრე ადგომას ვერ ახერხებს და აცდენს სასწავლებელს.

არ უნდა მისცე ბავშვს მოწყენის საშუალება
ახალ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულება თუ საშუალება განათლების მისაღებად, გართობის მეთოდი თუ გზა ასოციალურობისკენ. თსუ-ის პროფესორი, ფსიქოლოგი ნინო ლაბარტყავა „ფორტუნასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ბავშვს დღიური რეჟიმი უნდა ჰქონდეს დაბალანსებული სხვადასხვა აქტივობით, რადგან ხშირად ისინი კომპიუტერთან იმ დროს ატარებენ, როცა უფროსებიც სხვა საქმით არიან დაკავებულები.
„ძალიან ბევრი მშობელი არის წინააღმდეგი, რომ ისეთი ტელეფონი ჰქონდეს მის შვილს, რომელსაც ბევრი ფუნქცია აქვს. მშობლებმა შვილები უნდა დატვირთონ სხვადასხვა აქტივობით იმიტომ, რომ მე თუ მომეწყინა, რაღაც საშუალებას გამოვძებნი. არსებობს პროგრამები, რომლითაც მშობელს შეუძლია, ნახოს თუ რა საიტებს სტუმრობს ბავშვი და შესაძლებელია ასევე გარკვეული საიტების დაბლოკვაც. როცა ღია ურთიერთობაა და მე რაღაც საშიშს ან უსიამოვნოს გადავაწყდი, ბუნებრივია, ვისაც ვენდობი, იმას დავუსვამ კითხვას. მართალია, ეს ბავშვები გაჩნდნენ ტექნოლოგიურ ეპოქაში და მათთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ გარდა ამისა, ხომ არსებობს სათამაშოები და თამაშები. უბრალოდ, ჩვენ არ ვაწოდებთ ამ აქტივობებს იმიტომ, რომ საკითხის მარტივი გადაჭრაა ხოლმე ახალი ტექნოლოგიები,“ – განაცხადა ნინო ლაბარტყავამ.
ნინო ლაბარტყავა მშობლებს რამდენიმე რჩევასა და რეკომენდაციას სთავაზობს, რომლითაც შესაძლოა, მათ შვილები ახალ ტექნოლოგიებზე მიჯაჭვულობისგან იხსნან.
- ბავშვმა უნდა იცოდეს ლიმიტი, რა დრო შეუძლია, გაატაროს კომპიუტერთან. გამოვაყენებინოთ კომპიუტერი სწავლისთვის აპლიკაციების დახმარებით (ლექსიკონები და სხვ.);
- არ უნდა მისცე ბავშვს მოწყენის საშუალება;
- არ უნდა იგრძნონ ბავშვებმა უფროსებისგან მარტოობა;
- სკოლიდან მოსვლისას ბავშვს, გარდა იმისა, რომ ვკითხოთ, რა გააკეთა სკოლაში, ასევე ვკითხოთ, რა ახალი ვებ-გვერდები დაათვალიერა, რომელი მოეწონა, რა ინფორმაცია გაიგო ინტერნეტით (ბავშვმა უნდა იგრძოს, რომ ჩვენ მისი მეგობრები ვართ, ეს სფერო გვაინტერესებს და, თუ გადააწყდა ინფორმაციას, რისთვისაც მოუმწიფებელი შეიძლება აღმოჩნდეს, გვკითხოს ჩვენ);
- სასკოლო ასაკის ბავშვის მონიტორი უნდა იყოს ისე, რომ სხვასაც ჰქონდეს მისი დანახვის საშუალება;
- დღე იყოს დაბალანსებული სხვადასხვა ტიპის აქტივობებით. არსებობს ინტელექტუალური თამაშებიც, თუმცა მხოლოდ ამის ანაბარა ბავშვს არ უნდა დატოვოთ.

რა ურჩევენ ფსიქოლოგები
ბავშვისთვის გაჯეტის მიცემა მშობლების ფორუმებზე აქტიურად განხილვადი თემაა. ერთი მხრივ, თანამედროვე ტექნოლოგიები შეუცვლელია. თუმცა, ყველამ იცის, რამდენად სწრაფად უვითარდებათ ბავშვებს კომპიუტერზე დამოკიდებულება. როდესაც სმარტფონების წართმევა და პლანშეტების აკრძალვაა საჭირო, მშობლები მაშინვე მტრებად იქცევიან.
აი, რას ურჩევენ ფსიქოლოგები მშობლებს, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ გაჯეტების გამოყენებისგან მიღებული ზიანი:
- რაც შეიძლება დიდხანს მოარიდეთ შვილს გაჯეტებს;
- ფრთხილად შეარჩიეთ თამაშები და აპლიკაციები;
- ნუ აუკრძალავთ თამაშებს. კიდევ უკეთესი, ითამაშეთ შვილებთან ერთად და ასწავლეთ მათ თამაშის დროის შეზღუდვა;
- შესთავაზეთ კომპიუტერის შემცვლელი. შექმენით სიტუაციები რეალურ ცხოვრებაში;
- მიეცით კარგი მაგალითი და თქვენ თავადაც ნუ დახარჯავთ დიდ დროს ტელეფონზე.
ტელეფონი, მოსწავლე და სკოლა
თანამედროვე ბავშვები და მოზარდები მობილური ტელეფონების აქტიური მომხმარებლები არიან. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ეს საჭირო ნივთია, ზოგი, რომ ამის საჭიროება არ არსებობს. ასევე საუბარია იმაზე, რამდენად მართებულია მობილური ტელეფონის სკოლაში სიარული. რატომ არ არის საჭირო ბავშვები და მოზარდები მივაჯაჭვოთ მობილურ ტელეფონებს – ამ თემაზე “ფორტუნას” ფსიქოლოგი თეო გუბიანური ესაუბრა.
„მიზეზი, რის გამოც ბავშვს მობილურს აძლევენ ძირითადად ასე აიხსნება: როდესაც ბავშვი სახლიდან არის გასული, ან სკოლაშია მშობელს სურს, მუდმივი კონტაქტი ჰქონდეს მასთან, იმისთვის, რომ იყოს წყნარად, იცოდეს სად არის მისი შვილი და თუკი რაიმე პრობლემა შეექმნება ბავშვს, შეძლოს დროულად დაკავშირება.
ბავშვი, იმის გარდა რომ სკოლიდან ზოგად განათლებას იღებს, ასევე გადის სოციალიზაციის ეტაპებს, სწავლობს ადამიანებთან ურთიერთობასა და სოციალურ უნარებს. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეს, რომელიც სკოლაში ყოფნის დროს მუდმივ კონტაქტზეა მშობელთან, უჭირს თანაკლასებელთან სოციალიზაცია.
იმის მაგივრად, რომ საკუთარი ემოციები და აზრები გაუზიაროს თანაკლასელებსა და პედაგოგოებს, უზიარებს მშობელს; დახმარებისთვის კვლავ მიმართავს მშობელს; ვერ იღებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს. ანუ გამოდის რომ, მიჯაჭვულობა მშობელსა და ბავშვს შორის საკმაოდ ძლიერია, ხდება გადამეტებული კონტროლი, მაშინ როდესაც ამის საჭიროება აღარ არის და ასე მივდივართ ნეგატიური მიჯაჭვულობის ეტაპამდე, რომელსაც დამაზიანებელი ეფექტი აქვს.
რეალობა ასეთია: საგაკვეთილო პროცესში სოციალური ქსელების გამოყენება – სქროლვა, ფოტოებისა და ვიდეოების ატვირთვა, დალაიქება, მიმოწერები. მოზარდობის ასაკში განსაკუთრებით გამძაფრებულია თანატოლებთან კომუნიკაციის მოთხოვნილება, ადრე ეს ფურცელზე დაწერილი წერილები იყო, ახლა მესიჯებია. ასევე, გაკვეთილის მიმდინარეობისას ხდება ვიდეოებისა და ფილმების ყურება და ა.შ.
უნდა აიკრძალოს თუ არა ისინი სასკოლო სივრცეში, საკმაოდ საკამათო საკითხია. თუმცა ფაქტია, რომ მოსწავლეს მობილური ტელეფონი საგაკვეთილო პროცესში უფანტავს ყურადღებას, ხელს უშლის გაკვეთილზე ორიენტაციაში და აქვეითებს მის პროდუქტიულობას“.

ევროპული ახალგაზრდობა სმარტფონებზე უარს ამბობს
ევროპაში ახალგაზრდებში ოფლაინ კლუბები პოპულარობას იძენს. მათი კონცეფცია მარტივია: სმარტფონების გარეშე. სოციალური მედიის ნაცვლად არის წიგნები, თამაშები და ლაივ ჩატი.
პირველი ასეთი კლუბი ამსტერდამში გაიხსნა, ახლა კი მათი პოვნა ლონდონში, პარიზში, მილანსა და კოპენჰაგენშიცაა შესაძლებელი. რესტორნები და კლუბებიც იზიარებენ გაჯეტების გარეშე იდეას და სტუმრებს მობილური ტელეფონების სახლში დატოვება სთხოვენ.
ბრიტანეთის სტანდარტების ინსტიტუტის (BSI) კვლევის თანახმად, 16-დან 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდების თითქმის 70% სოციალურ მედიაში დროის გატარებისას თავს უარესად გრძნობს. გამოკითხულთა ნახევარი მხარს დაუჭერდა „ციფრულ კომენდანტს“ – გარკვეულ აპლიკაციებსა და ვებსაიტებზე წვდომის შეზღუდვას 22:00 საათის შემდეგ – ხოლო 46%-მა თქვა, რომ ახალგაზრდობა ინტერნეტის გარეშე სამყაროში ურჩევნიათ.

როგორ ებრძვიან გაჯეტებზე დამოკიდებულებას მსოფლიოში
იაპონიის ქალაქ ტოიოაკეს ხელისუფლებამ მიიღო რეგულაცია, რომელიც ადგილობრივ მცხოვრებლებს მოუწოდებს, შეზღუდონ ყველა ციფრული მოწყობილობის – სმარტფონების, პლანშეტების, სათამაშო კონსოლების და კომპიუტერების – გამოყენება. მათ ურჩევენ, მაქსიმუმ ორი საათი გაატარონ პირად მოწყობილობებზე.
გარდა ამისა, მცირეწლოვან ბავშვებს ურჩევენ, არ გამოიყენონ სმარტფონები 21:00 საათის შემდეგ, ხოლო მოზარდებს 22:00 საათის შემდეგ. ამ შეზღუდვების დარღვევისთვის ჯარიმები ან სხვა სახის სასჯელები არ არის გათვალისწინებული, თუმცა იაპონიელები „ძლიერი საზოგადოებრივი ზეწოლის“ ქვეშ არიან და ტრადიციულად მისდევენ ხოლმე ოფიციალურ რეკომენდაციებს.
სამხრეთ კორეაში, კანონი, რომელიც კრძალავს სმარტფონებისა და სხვა გაჯეტების გამოყენებას სკოლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, ძალაში შევა 2026 წლის მარტში. ავსტრალიამ შემოიღო სოციალური მედიის აკრძალვა 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის: ისეთი პლატფორმები, როგორიცაა Instagram, Facebook, TikTok, Snapchat, Reddit და X, ვალდებული არიან შეზღუდონ ახალი ანგარიშების შექმნა დაშვებულ ასაკამდე. ამ მოთხოვნის დარღვევა 50 მილიონ დოლარამდე ჯარიმას იწვევს. კანონი 2025 წლის დეკემბერში ამოქმედდება. საფრანგეთში კი 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის მსგავს აკრძალვას განიხილავენ.
რატომ არის ტელეფონთან დიდი დროის გატარება მავნე?
მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ სმარტფონებისა და სხვა გაჯეტების ჭარბი გამოყენება იწვევს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობის პრობლემებს. ეს, პირველ რიგში, მოიცავს მხედველობის დაქვეითებას, თავის ტკივილს, ასევე უძილობას, დეპრესიას, შფოთვას და სოციალური მედიის მოწონებისადმი დამოკიდებულების განვითარებას. ჯანმო-ს ექსპერტები გვირჩევენ, რომ ერთ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არ გამოვიყენოთ ტელეფონები ან კომპიუტერი, ხოლო 1-5 წლის ბავშვებისთვის ლიმიტი დღეში ერთი საათია.
ჟურნალ BMC Medicine-ის თანახმად, სმარტფონების მინიმალური გამოყენების სამი კვირის შემდეგ, დეპრესიული სიმპტომები 27%-ით მცირდება.

ცნობილი მშობლები შვილებს ტელეფონით სარგებლობას უკრძალავენ
იმისთვის, რომ შვილები დავიცვათ „ნარკოტიკისგან“, რომელსაც ახალი ტექნოლოგიები ჰქვია, უნდა გავუჩინოთ მათ სხვა საზრუნავი და მივახვედროთ, რომ სმარტფონების, კომპიუტერებისა და პლანშეტების მიღმაც საინტერესო ცხოვრებაა.
მსახიობი ქეით უინსლეტი საკუთარ შვილებს სოციალური ქსელებით სარგებლობის ნებას არ რთავს. “აიპოდი”, “აიპედი” და “აიფონი” აკრძალულია მისი გამომგონებლის, სტივ ჯობსის ოჯახში. ჯობსის თქმით, მის შვილებს ელექტრონული მოწყობილობები არ გამოუყენებიათ. 14 წლამდე მობილური ტელეფონი არ ჰქონდათ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ბილ გეითსის შვილებსაც.

თუმცა, ფაქტია, რომ ტექნოლოგიური განვითარება აღზრდის და გართობის სისტემებსაც ცვლის და რაც წინა საუკუნეში აქტუალური იყო, ახლა შესაძლოა, სრულიად გამოუყენებადი გახდეს და ბავშვი ბებია-ბაბუების ან, თუნდაც, მხოლოდ მშობლების სათამაშოების იმედზე დატოვება ვერ აღმოჩნდეს სასურველი შედეგის მომტანი. ამიტომაც, როგორც ფსიქოლოგები ურჩევენ მშობლებს, აუცილებელია, არ აკრძალონ, მაგრამ დაიცვან ზომიერება.

ფოტო: theguardian
life360
scmp
