„ახალგაზრდების საპატიმროში დატოვება მოსალოდნელი იყო, რადგან პერსონალურად ივანიშვილის ისინი მძევლად ჰყავს აყვანილი“ – ამის შესახებ განცხადება პარტია „საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში გააკეთა.
გახარიას თქმით, რომ ევროპული მომავლის მცველების უკანონოდ დაკავებითა და მათი გისოსებს მიღმა გამოკეტვით, ბიძინა ივანიშვილი ვაჭრობს.
„(ივანიშვილი) ფიქრობს, რაც უფრო დაამძიმებს ამ საკითხს, უფრო მეტ სარგებელს მიიღებს. დღევანდელ დღეს რაც შეეხება და უკანონოდ დაკავებული ახალგაზრდების საპატიმროში დატოვების საკითხს, ეს მოსალოდნელი იყო. სამწუხაროდ, რადგან რეჟიმს და პერსონალურად ივანიშვილს ეს ადამიანები მძევლად ჰყავს აყვანილი და ისინი ჯერ კიდევ სჭირდება „გლობალური ომის პარტიასთან“ სავაჭროდ. ეს ადამიანები უბრალოდ სჭირდება და რაც უფრო დაამძიმებს ამ საკითხს, ფიქრობს, რომ უფრო მეტ სარგებელს მიიღებს. საოცრად აღფრთოვანებული დავრჩი იმ პოზიტიური სულისკვეთებით, რომელიც ამ პროცესში გამოჩნდა. ძალიან კარგად გამოჩნდა, სად არის თეთრი, სად შავი, სად სიკეთე, სად ბოროტება. ადამიანები, რომლებიც გამოკეტილი იყვნენ, პოზიტიური სულისკვეთებით იყვნენ სავსე”, – ამბობს გიორგი გახარია.
საპროტესტო აქციებისას დაკავებული მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე და კიდევ 9 პირი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა
ამ გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში მყოფი საზოგადოების უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი „მონებო“, „რუსებს“ სკანდირებენ.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე და კიდევ ცხრა პირი კვლავ პატიმრობაში რჩება. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის გადაწყვეტილებით, დაკავებულები – ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კინაძე და სერგეი კუხარჩუკი კვლავ პენიტენციურ დაწესებულებაში რჩებიან.
ფოტოები სასამართლო პროცესიდან: ინტერპრესნიუსი