„23 სექტემბერს პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მოითხოვა არჩევნების შემდეგ, დაუყოვნებლივ, გახდეს შესაძლებელი ვერიფიკაცია გავლილმა ამომრჩეველმა გადაამოწმოს საკუთარი მონაცემები. კერძოდ, ფიქსირდება თუ არა მისი მონაწილეობა არჩევნებში და რომელ უბანზე ფიქსირდება მის მიერ მიცემული ხმა“, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
პარტიის ცნობით, ეს მოთხოვნა სრულ თანხვედრაშია საქართველოს კანონმდებლობასთან, მათ შორის, პერსონალური მონაცემების მარეგულირებელ კანონმდებლობასთან.
„მოთხოვნილია არა პერსონალური მონაცემების გასაჯაროება, არამედ მოქალაქის წვდომა საკუთარი თავის შესახებ ინფორმაციაზე. ზუსტად ისე, როგორც ამომრჩეველს აქვს შესაძლებლობა, გადაამოწმოს საკუთარი თავი და იპოვოს თავისი საარჩევნო უბანი.
საკუთარი ხმის გადამოწმების შესაძლებლობა ამომრჩეველს უნდა მიეცეს არჩევნების შემდეგ, შესაბამისად, ცესკოს მხრიდან არგუმენტად ვერ მიიღება არჩევნებამდე დარჩენილი დღეების რაოდენობა.
ანალოგიური მოთხოვნა პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ 2024 წლის არჩევნების შემდეგაც დააყენა. თუმცა, მაშინ სისტემამ, ფაქტობრივად, ეს მონაცემები დამალა და სიმართლის დადგენის შესაძლებლობა მძევლად აიყვანა.
2024 წლის არჩევნების შემდეგ, „ოცნებამ“ საარჩევნო გარემო კიდევ უფრო დაამძიმა, შეცვალა კანონმდებლობა და სრულად მოარგო საკუთარ პარტიულ ინტერესებს.
ასევე, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ საზოგადოებას არაერთხელ მიაწოდა ინფორმაცია იმ ზეწოლებისა და დაშინებების შესახებ, რასაც „ოცნება“ აქტიურად იყენებს კანდიდატების წინააღმდეგ, რის შედეგადაც რამდენიმე პირმა რეგისტრაციის შემდეგ საკუთარი კანდიდატურა ჩახსნა.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მომავალ არჩევნებს ფაქტობრივად არცერთი სანდო საერთაშორისო ორგანიზაცია არ დააკვირდება“, – წერია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.