LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახდება თუ არა ე.წ. ქუჩურ გარჩევაში მონაწილეობა დასჯადი?

642
c87bff0871e7810caa245b882951aae9

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა სისხლის სამართლის კოდექსში და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ცვლილებებს, რომელიც ე.წ. ქუჩურ გარჩევას სისხლის სამართლის წესით დასჯადს ხდის.

ცვლილებების მიხედვით, დავის უკანონოდ გადაწყვეტის მიზნით შეკრება სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება. ამ მიმართულებით სისხლის სამართლის კოდექსს სპეციალური მუხლი ემატება.

 

 

  • დასჯადი ხდება წინასწარი შეცნობით დავის უკანონო განხილვის, გადაწყვეტის მიზნით შეკრებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს შეკრების მონაწილის მხრიდან ძალადობა, იძულება ან ძალადობის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების, ქონების განადგურების მუქარა ან წინასწარი შეცნობით შეკრებაში პასიური მონაწილეობა, რაც ქმნის შეკრებისას ძალადობის, იძულების ან ძალადობის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების, ქონების განადგურების მუქარის განხორციელების აშკარა, პირდაპირ და რეალურ საფრთხეს. აღნიშნული დაისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
  • სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი გახდება დავის უკანონო განხილვის/გადაწყვეტის მიზნით იმგვარი შეკრების ორგანიზება, რასაც თან ახლავს ძალადობა, იძულება და ძალადობის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების, ქონების განადგურების მუქარა. აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით 180-დან 240 საათამდე ან შინაპატიმრობა ვადით სამ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.  დამამძიმებელ გარემოებებს წარმოადგენს აღნიშნული დანაშაულის ჩადენა ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით, ასევე არაერთგზის ჩადენა. დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ასევე სრულწლოვნის მიერ არასრულწლოვნის დაყოლიება დავის უკანონო გადაწყვეტის მიზნით შეკრებაში მონაწილეობაზე.აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის თანახმად, ის, ვინც აღნიშნულ დანაშაულს ჩაიდენს, თავისუფლდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ მან ამის თაობაზე ნებაყოფლობით განუცხადა სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოს, ხელი შეუწყო დანაშაულის გახსნას და მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.

არის თუ არა კანონის გამკაცრება საჭირო მაშინ, როდესაც განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის 17 სექტემბრიდან 2019 წლის აპრილამდე საჯარო სკოლებიდან 853 აკრძალული ნივთი ამოიღეს, მათ შორის, ცეცხლსასროლი იარაღი, ნარკოტიკი და ელექტროშოკი და კასტეტი.

 

მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, არასრულწლოვანთათვის ცივი იარაღის მიყიდვა აკრძალულია და 100-დან 500 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს, კრეატიული სააგენტო “Watergunz”-ის კრეატიული დირექტორი ბაჩო მებურიშვილი “ფორტუნასთან” საკუთარი მცირე ექსპერიმენტის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ექსპერიმენტში, რომელშიც 11-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდები მონაწილეობდნენ, აღმოაჩინა, რომ ბასრი იარაღების შეძენა მათთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.

მაშინ, როდესაც შსს-ს ინფორმაციით, ბოლო ორ წელიწადში მოზარდთათვის ცივი იარაღის მიყიდვის ფაქტი არ დაფიქსირებულა.

არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” – ის იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი ე.წ. ქუჩური გარჩევის დასჯაზე საუბრობს.


„ბოლო გახმაურებულმა საქმეებმა აჩვენა, რომ ეს არის პრობლემა. თუ სახელმწიფო მიიჩნევს, რომ ე.წ. ქუჩური გარჩევა წარმოადგენს პრობლემას, მაშინ მან უნდა მიიღოს ეს კანონი“, – განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

 

 

 

იურისტი ე.წ ქუჩური გარჩევის სისხლის სამართლით წესით დასჯის საჭიროებაზე საუბრისას აცხადებს, რომ კანონის არსებობა სტატისტიკის, ანალიზის და შესაბამისად დამუშავების შემდეგ უნდა გადაწყდეს.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტს მიაჩნია, რომ პრაქტიკაში ამ კანონის სწორად განხორციელდება დადებით შედეგებს მოიტანს.

„თუ სწორად მოხდება კანონის მიღება, რაშიც ჩართულები უნდა იყვნენ დარგის სპეციალისტები და ამ თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ადამიანის უფლებებზე მუშაობენ, მაშინ კანონის არსებობა დადებითი შედეგის მომტანი იქნება“, – განაცხადა იურისტმა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

კითხვაზე, რამდენად ხშირად ხდება საპატრულო პოლიციის გამოძახება ე.წ „ქუჩურ გარჩევასთან დაკავშირებით შს სამინისტროში აცხადებენ, რომ საპატრულო პოლიცია გამოძახებების სტატისტიკას არ აწარმოებს.

„ ე.წ. ,,ქუჩური გარჩევის” შესახებ შეტყობინების დაფიქსირების შემთხვევაში (თუ სხვა ინფორმაციაც არ გადმოსცა ინიციატორმა), შეტყობინებას მიენიჭება ინციდენტის ტიპი – „ჩხუბი“ (ჩხუბთან დაკავშირებით შემოსული ნებისმიერი შეტყობინება) ან ინციდენტის ტიპი – „კონფლიქტი“ (კონფლიქტი, რომლის მოგვარება ვერ ხერხდება ჩარევის გარეშე). თუმცა, აღნიშნული ინციდენტის ტიპები, გარდა ე.წ ,,ქუჩური გარჩევისა”, გამოიყენება ქონებრივი დავის, ხმამაღალი შელაპარაკების, ჩხუბის და ა.შ. შემთხვევებშიც,“ – აღნიშნულია შს სამინისტროს განცხადებაში.

magti 5g