LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გაკვირვებულები არიან ხოლმე, „პაჩები და პუჩებიდან“ „fly me to the moon”-ზე რომ გადავდივარ“ – გიორგი წერეთელი

21
wereteli

გადაცემის ლაივი LIVE

11 აპრილს რადიო „არ დაიდარდოს“ და ლაშა რამიშვილის გადაცემას „საღამოს რადიო შოუ“ მომღერალი გიორგი წერეთელი სტუმრობდა, რომელმაც თავის კარიერაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. გადაცემაში სიმღერის „უეჭველი სიყვარული“ პრემიერა შედგა.

 გიორგი, წინა სტუმრობისას, აღნიშნე, რომ შენს გემოვნებაში ჯაზი და ბლუზი უფრო ჯდება. ახლა „პაპსაზე“ გადახვედი. რამ განაპირობა ეს ცვლილება?

-სფეროში, სადაც მე ვმუშაობ, ასეთი სიმღერები საჭიროა, ხალხს მოსწონს ასეთი მუსიკა. მე ყოველთვის ხალხის მსახურებაში ვარ და სწორედ ამან განაპირობა ეს ცვლილება. რა თქმა უნდა, ჯაზიც კარგია, მაგრამ როცა ქეიფია, რა თქმა უნდა, გჭირდება როგორც საქეიფო მუსიკა, ასევე თანამედროვე სტილიც. მთავარი ჩემს საქმიანობაში მაინც განწყობაა, მე იმისთვის არ მივდივარ კონცერტზე, რომ ჩემი ვოკალური ნიჭი დავანახო ხალხს, მე ვარ ხალხის  სამსახურში და ვცდილობ ჩემი ნიჭით მაქსიმალურად ვასიამოვნო მათ.

-შენი ძველი მუსიკალური მიმდინარეობის ნოსტალგია არ გაქვს?

-რა თქმა უნდა, არის ხოლმე ნოსტალგია, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ძალიან ხშირი გამოსვლები და კონცერტები მაქვს და ცოტ-ცოტა უცხოურს, ჯაზს ვურევ ხოლმე ზომიერად. ხალხსაც უხარია და გაკვირვებულები არიან ხოლმე, „პაჩები და პუჩებიდან“ „fly me to the moon”-ზე რომ გადავდივარ.

-რომელი იყო შენი პირველი ჰიტი?

-„პაჩები და პუჩები“. თავიდან სხვანაირად ვფიქრობდი დაწერას და კიდევ კარგი, ტექსტი არ შევცვალე. ჩემს მეგობარს რომ წავაკითხე ტექსტი, ასე მითხრა, ყველაფერი კარგია, მაგრამ ეს პაჩები და პუჩები რამ ჩაგაწერინაო, მაგრამ ზუსტად ამ ფრაზამ მოუტანა პოპულარობა ამ სიმღერას.

-როდის შეიქმნა სიმღერა „დუქნები“, რომელსაც შენ, მამუკა ონაშვილი და შაბი ასრულებთ და როგორია ამ სიმღერის შექმნის ისტორია?

-სიმღერის მიზანი ძმობა და სიყვარული იყო. 10 წლის წინ, როდესაც პირველად მქონდა ისრაელში კონცერტი და ასე ვთქვათ, ისრაელში ჩემი წარდგენა იყო, მაშინ შემხვდა შაბი. ყოველთვის მინდოდა ქართულ-ებრაულ ძმობაზე და სიყვარულზე დამეწერა სიმღერა და ასე შეიქმნა ეს ნამუშევარი, რომელიც მეგა-ჰიტი გახდა. მახსოვს, ძალიან მოწიწებით ვწერდი ამ სიმღერის ტექსტს. ისრაელში პირველი კონცერტის შემდეგ, ლექსიც კი დავუწერე ამ ხალხს.

-ვიცი, რომ ძალიან მაგარი კონცერტი გაქვს დაგეგმილი…

-ისრაელში ყოველ წელს ტარდება „გიორგიადა“, რომელსაც არაჩვეულებრივი კოლექტივი და დავით ეფრემაშვილი ატარებენ. დავითი არის ქორეოგრაფი, რომელიც ისრაელში ზრდის ბავშვებს, არაჩვეულებრივად ცეკვავენ ეს ბავშვები. უკვე 7-8 წელია, რაც აღნიშნული ღონისძიების ოფიციალური წამყვანი ვარ და ყველანაირად გვერდში ვუდგავარ მათ. გუშინ, საქართველოში ჩამოფრინდა ბატონი დავით ეფრემაშვილი, რადგან გადაწყვიტა ამჯერად საქართველოში ჩაატაროს ეს კონცერტები. კონცერტები თბილისსა და სენაკში იქნება. თბილისში როდის გაიმართება კონცერტი ზუსტი თარიღი გადაწყვეტილი არ არის, თუმცა ეს ღონისძიება „თბილისი არტ ჰოლში“ გაიმართება. რაც შეეხება სენაკს, კონცერტი 26 ივლისს, „ხორავას სახელობის თეატრში“ ჩატარდება. ბატონ დავითს ისრაელიდან ჩამოჰყავს ბავშვები, რომლებიც სცენიდან დაგვანახებენ თუ რა არის ქართული კულტურა, ქართული ქორეოგრაფია და როგორი მონდომება აქვთ მათ, რომ ეს ყველაფერი შეინახონ. აუცილებლად ყველა ხელოვანი გვერდით უნდა დავუდგეთ ასეთ საქმიანობას.

-დღეს გვაქვს სიმღერის „უეჭველი სიყვარული“ პრემიერა…

-ზოგჯერ, ქალბატონები მალავენ გრძნობებს, მაგრამ როცა ვიგრძნობ, რომ გული გულთან ძალიან ახლოსაა, სულ ვამბობ ხოლმე „უეჭველი სიყვარულია“. ვფიქრობ, ძალიან პოზიტიური სიმღერა გამოვიდა. რა თქმა უნდა, ტექსტი მე მეკუთვნის, არანჟირება „Art music band”-ს, არტიომ სარქისიანს. ძალიან მოწიწებით ვიმუშავეთ ამ სიმღერაზე, რადგან ძალიან კავკასიური მუსიკაა, ბევრი მუსიკალური მიმდინარეობა ჩავდეთ მასში.

 

გიორგი წერეთელი – უეჭველი სიყვარულია

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები