გალის რაიონში იარაღის საწყობი აღმოაჩინეს. დაკავებულია ორი ადგილობრივი მცხოვრები.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს თანამშორმლებთან ერთად საწყობი გალის რაიონის სოფელ ფიჩორაში 21 ივნისს იპოვეს. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
„ოპერატიული ინფორმაციით, აღნიშნული საწყობი მოაწყვეს ქართული დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფების მონაწილეებმა, რომლებსაც ხელმძღვანელობენ დათო შენგელია და ბაკურ ბულისკერია. ასევე დაკავებულია გალის რაიონის ორი მცხოვრები“, – ნათქვამია ე.წ. უშიშროების სამსახურის განცხადებაში.
ე.წ. უწყების ცნობით, საწყობში აღმოჩენილია „კალაშნიკოვის“ ავტომატი, ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი РПГ 26, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა და სხვ.