18 მაისს რადიო ,,ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას ,,არტ-FM” მუსიკალური შოუს Voice-ის ერთ-ერთი მენტორი სტეფანე მღებრიშვილი სტუმრობდა, რომელმაც კონკურსის შედეგები შეაჯამა.
– სტეფანე, შენი აზრით, რამ განაპირობა მაგდას გამარჯვება?
– ვფიქრობ, გამარჯვება პირველ რიგში გამოცდილებამ და სწორად შერჩეულმა მუსიკალურმა მასალამ განაპირობა, რომელზეც ერთად ვიმუშავეთ. მართალია, თავიდან მაგდას აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულებები ჰქონდა და სულ სხვა კომპოზიციების შესრულება უნდოდა, მაგრამ მაინც შევძელი მისი დათანხმება და საბოლოოდ ისევ ჩემი გემოვნებით, გამოცდილებით შევადგინეთ რეპერტუარი.
,,ვოისის” გამარჯვებული მაგდა ივანიშვილი გახდა
– როგორც აღმოჩნდა, მაგდა საავტორო მუსიკას ანიჭებს უპირატესობას, სურვილი ხომ არ ჰქონდა შეესრულებინა საკუთარი კომპოზიცია?
– საავტორო სიმღერა ნაკლებად კომერციულია. ვფიქრობ, პუბლიკასაც ძალიან გაუჭირდებოდა მისი გაგება და მიღება, რადგან სულ სხვა სპეციფიკა აქვს და განსხვავებული მომზადება სჭირდება, ჩვენ კი, ამის დროს არ გვქონდა. კონკურსანტებს მხოლოდ სამი ცოცხალი გამოსვლა ჰქონდათ, მაგდა კი, ჩემი “კოზირი” იყო და ნამდვილად ვერ მივცემდი უფლებას საკუთარ ბენდთან ერთად, პრაქტიკულად მოუმზადებლად გამოსულიყო სცენაზე.

– ერთობლივი კონცერტის მოწყობას ხომ არ გეგმავთ?
– გამორიცხული არაფერია. აქტიურ თანამშრომლობას ვგეგმავ მარიმ შენგელიასთან და იკაკო ალექსიძესთანაც, მთავარია, მუსიკოსებს მუშაობის საშუალება მოგვეცეს, რადგან ძალიან დავიღალეთ და დავითრგუნეთ არაფრის კეთებით. მართალია, მე რამდენიმე სამსახურში ვარ დაკავებული, მაგრამ ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან ჩემი კოლეგები.
– კონკურსში მონაწილეობისას კონკურსანტებთან ერთად ჟიურის წევრებიც ხშირად განიცდიან დისკომფორტს. შენთვის რამდენად მარტივი და ბუნებრივია ჟიურის წევრობა?
– რა თქმა უნდა, ნებისმიერ სხვა საქმიანობას მუსიკის კეთება მირჩევნია, მაგრამ მაინც ხშირად მიწევს მსგავს პროექტებში მონაწილეობა, ამიტომ ყოველთვის ვცდილობ კონკურსანტებთან ერთად სახალისო და მაყურებლისთვის საინტერესო შოუ შევქმნა.
გადაცემის აუდიოჩანაწერი