ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელი საქართველოში, კრისტიან დანიელსონი არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ კომენტარს აკეთებს. მისი განცხადებით, არასამთავრობო სექტორთან შეხვედრისას მათ მიერ გავრცელებულ გუშინდელ განცხადებაზე ისაუბრეს, სადაც იმ კომპრომისზე არის საუბარი, რომელიც დანიელსონის თქმით, “ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის მომავლისთვის”.
“დღეს მთელი დღე მოსამზადებელი სამუშაოები მქონდა, იმისთვის, რომ ხვალ შევხვდეთ პოლიტიკურ პარტიებს. ასევე შევხვდი დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებს. მათი გუშინდელი განცხადება იყო საკმაოდ საინტერესო და ის დღესაც განვიხილეთ. იქ საუბარია კომპრომისზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის მომავლისთვის. ჩემი წინა ვიზიტის შემდეგ, ბრიუსელში მქონდა ურთიერთობა ყველა ინსტიტუციასთან, ვინც ჩართულია საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებში. მათ შორის პრეზიდენტ შარლ მიშელთან მქონდა კომუნიკაცია.
ევროკავშირი აქტიურად არის ჩართული იმაში, რომ საქართველოს ამ კრიზისის მოგვარებაში დაეხმაროს. რა თქმა უნდა, ამაზე პასუხისმგებლობა ევროკავშირს არ ეკისრება, არამედ პოლიტიკურ ლიდერებს. მგონია, რომ წინა მისია, რომელიც განხორციელდა, ამ საკითხების კარგი გაცნობა იყო. ყველა იმ პოლიტიკურმა ლიდერმა, რომელიც ამ პროცესში იყო ჩართული, ძალიან კარგად იციან ორივე მხარის აზრი, ასევე კარგად იციან, თუ რისი გაკეთება არის საჭირო იმისთვის, რომ შეთანხმებამდე მივიდნენ, მათ უნდა გამონახონ კომპრომისი. ჩვენ შეგვიძლია მარტო დავეხმაროთ ამაში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შესაძლებელია, როდესაც ამ დახმარებაზეა საუბარი. მინდა ვთქვა, რომ ახლა გამბედაობაა საჭირო და კომპრომისი. კომპრომისი არ არის იმის ნიშანი, რომ ვიღაც ძლიერი არ არის, ეს არ არის სისუსტის ნიშანი, პირიქით, კომპრომისი არის სიძლიერის, დემოკრატიის ნიშანი და ევროპული გზა“, – განაცხადა დანიელსონმა.