გამჭვირვალობის კანონის მიღებას ვულოცავ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ბედი, სუვერენიტეტი. ვისთვისაც მნიშვნელოვანია, ქვეყნის მომავალს წყვეტდეს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მშვიდ და სტაბილურ გარემოში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის თქმით, გამჭვირვალობის კანონმა უნდა დაიცვას საქართველო ყველა იმ უცხოური ძალების გავლენებისგან, რომელთა მიზანი ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევა და მშვიდობის დარღვევაა.
„ვეტო დაძლეულია და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი მიღებულია, შესულია ძალაში. მინდა, მივულოცო ყველას, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ბედი, მისი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. ვისთვისაც მნიშვნელოვანია, ქვეყნის მომავალს წყვეტდეს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მშვიდ და სტაბილურ გარემოში, არჩევნების გზით, როგორც ეს ყველა დემოკრატიულ, ცივილიზებულ, განვითარებულ ქვეყნებშია და არა გარე აქტორების ჩარევით.
ეს არ არის პათეტიკური სიტყვები, დღეს საქართველოს ბედი წყდება არა ხმლით, არა ტანკით, არამედ ჩვენი მოსახლეობის მხარდაჭერით, გამტკიცებული, გონივრული, ქვეყნის ინტერესებზე მორგებული პოლიტიკით და კონკრეტული ნაბიჯებით. გამჭვირვალობის კანონმა უნდა დაიცვას ჩვენი ქვეყანა ყველა იმ უცხოური ძალების გავლენებისგან, რომელთა მიზანი ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევა და მშვიდობის დარღვევაა.
ბოლო თვეების განმავლობაში საზოგადოებამ იხილა წარმოუდგენელი მასშტაბის ზეწოლა, მუქარა, შანტაჟი და შეურაცხყოფა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ გავბედეთ და დავიცავით საკუთარი ქვეყანა სცენარისგან, რაც, სამწუხაროდ, უკრაინაში განხორციელდა; რომ გავბედეთ და ყველას გასაგონად მოვითხოვეთ დასაბუთებული პასუხი, რატომ არ შეიძლება მივიღოთ კანონი, რომელიც მოქმედებს როგორც ევროპის რიგ ქვეყნებში, ისე აშშ-ში; რატომ შეიძლება იყოს გამჭვირვალობა ცუდი, რატომ შეიძლება, ეწინააღმდეგებოდეს ევროპულ ღირებულებებს. მთელი ამ ხნის განმავლობაში მივიღეთ მხოლოდ ერთი პასუხი და მოყვანილი იქნა ერთი არგუმენტი, პასუხი იყო – იმიტომ. ის, რაც ნებადართულია, მაგალითად, საფრანგეთისთვის, სადაც ახლახან მიიღეს ანალოგიური კანონი, აკრძალული აღმოჩნდა ჩვენთვის, თუმცა ვერანაირი ახსნა-განმარტება ვერ მოვისმინეთ. მინდა, შევახსენო ყველას, რომ საქართველოს ტერიტორიების გარკვეული ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამას ემატება მთავარ ოპოზიციურ ძალად შერაცხული პარტია, პოლიტიკოსები, რომელთა გაუაზრებელი, დამღუპველი პოლიტიკის შედეგად დავკარგეთ ტერიტორიები, მივიღეთ ადამიანების უფლებების არნახული ხელყოფა, დარეკეტებული ბიზნესი და დახურული მედიასაშუალებები. თუმცა მაშინ ის ადამიანები, ვინც აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას, რაც ჩამოვთვალე, ამ ყველაფერს დემოკრატიის შუქურად მოიხსენიებდნენ. ეს არის სამწუხარო რეალობა.
მათი ამოცანა დღესაც ძალაუფლების ხელში ჩაგდება და გარედან დამკვეთების დავალებების შესრულებაა. ამ გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უცხოური გავლენების შემცირება, რათა შევინარჩუნოთ მშვიდობა და გაგრძელდეს ქვეყნის სტაბილური განვითარება. არ გვაქვს უფლება, არგუმენტს – იმიტომ, გადავაყოლოთ ქვეყნის ბედი. საქართველოს ინტერესების დაცვა, მისი ევროპული მომავლის დაცვა, დამოუკიდებლობის განმტკიცება და ქვეყნის გამთლიანებსიკენ სწრაფვა ეს არის ჩვენი ვალდებულება, პასუხისმგებლობა, რის გამოც „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის უმრავლესობის სრული მხარდაჭერა აქვს. ჩვენ არაერთი განცხადება გავაკეთეთ ამ ხნის განმავლობაში, რომ მზად ვართ პარტნიორობისთვის, მეგობრობისთვის, ჯანსაღი ურთიერთობებისთვის. ხაზს ვუსვამ, ჯანსაღი ურთიერთობებისთვის. საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა თავისი ქმედებებით, რომ არის სანდო პარტნიორი ქვეყანა და დღესაც მზად ვართ მეგობრობისთვის, ურთიერთობისთვის, სტრატეგიული პარტნიორობისთვის, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი მეგობრობა.
ცალმხრივად რაიმეს გაკეთება შეუძლებელია. საქართველოს ხელისუფლება მზად არის, პირნათლად შეასრულოს ცხრაპუნქტიანი გეგმა, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია. მზად ვართ იმისთვის, რომ გაიხსნას მოლაპარაკებები. მინდა, მჯეროდეს, რომ საქართველოს მოსახლეობა, ჩვენი ქვეყანა არ იქნება დაშანტაჟებული, როგორც კანდიდატის სტასუსის დროს ხდებოდა, პოლიტიკურად ქვეყნის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ კანდიდატის სტატუსის გამოყენება და ამ პროცესებით მანიპულირება, რათა ქვეყანაში გამოეწვიათ, დესტაბილიზაცია დაპირისპირება. მივმართავ საქართველოს მოსახლეობას, ჩვენ არაფერი გვაქვს დასაპირიდპირებელი. პირიქით, ერთიანი ძალისხმევით, შემართებით უნდა შევძლოთ ქვეყნის გაერთიანება, ტერიტორიების დაბრუნება და ღირსეულად შევიდეთ იმ ოჯახში, რასაც ევროაკვშირი ჰქვია“, – განაცხადა კალაძემ.