მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი საქმიანობის 2025 წლის ანგარიშს აქვეყნებს.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის აქტიური მონაწილეობით, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, მნიშვნელოვნად შეიცვალა „თეთრ სიაში“ მოხვედრის კრიტერიუმები, 2029 წელს კი დაგეგმილია „თეთრი სიის“ სრულად გაუქმება.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დეპარტამენტის განმარტებით, კრიტერიუმების გამკაცრება განაპირობა არსებულმა პრაქტიკამ, როდესაც ცალკეულ შემთხვევებში, არ შესრულდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, შესაბამისად სახელმწიფო სახსრები არამიზნობრივად დაიხარჯა, შემსყიდველი ორგანიზაციები კი მნიშვნელოვნად დაზარალდნენ.
„შესაბამისად, გამკაცრდა „თეთრ სიაში“ მოხვედრის კრიტერიუმები, როგორც შესრულებული პროექტების, ასევე წარმოსადგენი რეკომენდაციების მიმართულებით.
ამასთან, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ეტაპობრივად გაიზრდება წარმოსადგენი საბანკო გარანტიების მოცულობა, ხოლო 2029 წელს დაგეგმილია „თეთრი სიის“ სრულად გაუქმება. აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს სახელმწიფო სახსრების მიზნობრივად განკარგვას, ასევე აამაღლებს მიმწოდებელთა მზაობას, კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები, რათა უწყვეტად ისარგებლონ „თეთრი სიით“ მინიჭებული შეღავათებით“, – წერია ანგარიშში.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, დეპარტამენტის ჩართულობით, სახელმწიფო პროგრამებიდან და შესყიდვებიდან, 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 67 413 621 ლარი დაიზოგა.
„2025 წელს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მიერ განხილულ იქნა 114 860 551 ლარის ღირებულების სახელმწიფო პროგრამები და შესყიდვები, საიდანაც დეპარტამენტის ჩართულობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაიზოგა 67 413 621 ლარი, რომელიც დეპარტამენტის მიერ კანონმდებლობით მინიჭებული მანდატის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შედეგია.
მიღებული ეკონომიის უდიდესი ნაწილი უკავშირდება სახელმწიფო შესყიდვების მართვის საკითხებს. კერძოდ, ყოველდღიური საქმიანობის ფარგლებში, მიმდინარეობს დაგეგმილი/მიმდინარე სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგი და შესაძლო ნაკლოვანებების ანალიზი, რის საფუძველზეც, ხორციელდება პრევენციული ღონისძიებების გატარება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა. დეპარტამენტი, მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მონიტორინგს უწევს დადგენილებას დაქვემდებარებულ სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციებს, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს კონკურენტული გარემოს შექმნას, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეთა ჩართულობის ზრდას და გამჭვირვალე გარემოს დამკვიდრებას“, – აღნიშნულია ანგარიშში.
ასევე, ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვების და ბაზრის კვლევის დეპარტამენტს მიმდინარე წლის განმავლობაში განხილული აქვს სხვადასხვა შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ გამოგზავნილი 328 მოთხოვნა, ჯამური შესყიდვის სავარაუდო ღირებულებით 558 982 157 ლარი, საიდანაც პირდაპირ მიღებულმა ეკონომიამ შეადგინა 14 491 208 ლარი.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სახელმწიფო შესყიდვების და ბაზრის კვლევის დეპარტამენტი, შესყიდვებთან დაკავშირებით კონსულტაციას უწევს სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციებს, რის შედეგადაც ბიუჯეტის სასარგებლოდ მიღებული ფულადი ეკონომია 5 302 879 ლარს შეადგენს.
„დეპარტამენტს, კომპეტენციის ფარგლებში, მიმდინარე წლის განმავლობაში განხილული აქვს სხვადასხვა შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ გამოგზავნილი 328 მოთხოვნა, ჯამური შესყიდვის სავარაუდო ღირებულებით 558 982 157 ლარი, საიდანაც პირდაპირ მიღებულმა ეკონომიამ შეადგინა 14 491 208 ლარი“, – წერია ანგარიშში.
ამასთან, როგორც ანგარიშში წერია, მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნა ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, რომელიც ცალკეული საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას უზრუნველყოფს, შესასყიდი საქონლისა და მომსახურების საპროგნოზო ღირებულება წლიურად 2 მილიარდი ლარია.
„ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ შესასყიდი საქონლისა და მომსახურების საპროგნოზო ღირებულება წლიურად შეადგენს 2 მილიარდ ლარს. უწყება დაკომპლექტდება მაღალი კვალიფიკაციის კადრებით, რომლებიც უზრუნველყოფენ დასახული მიზნების მიღწევას. უწყება შესყიდვებს განახორციელებს როგორც კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებებით, ასევე დამხმარე საქმიანობის ფარგლებში, ცალკეული შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე, ექნება შესაძლებლობა, განახორციელოს ცენტრალიზებული შესყიდვა.
ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს შექმნა გათვალისწინებული იყო „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითაც, რომელიც მიღებულ იქნა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ფარგლებში“, – წერია მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშში.
როგორც დეპარტამენტის ანგარიშში წერია, სახელმწიფო შესყიდვებზე ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში ეგზავნება 59 475 ეკონომიკურ ოპერატორს, რაც სახსრების გამჭვირვალე და რაციონალურ ხარჯვას ემსახურება;
ანგარიშის თანახმად, სამშენებლო სამუშაოების ღირებულების დადგენის პრაქტიკა შეიცვალა, სამშენებლო მასალების სარეკომენდაციო საბაზრო ფასს სასამართლო ექსპერტიზის ბიურო დაადგენს;
ანგარიშის თანახმად, კვლევის ელექტრონულ MRS მოდულს არ აქვს ანალოგი როგორც ევროკავშირის წევრი, ასევე კანდიდატი ქვეყნების შესყიდვების სისტემებში.
ამავე ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფო უწყებების პროექტების მონიტორინგის შედეგად, დეპარტამენტმა სახსრების არარაციონალურად და გაუმჭვირვალედ ხარჯვასთან დაკავშირებული რისკები გამოავლინა.
