სხვადასხვა სპორტის ფედერაციების წარმომადგენლები ითხოვენ, სპორტი კულტურის სამინისტროს გამოეყოს.
აღნიშნული მოთხოვნით, დღეს, 11 ოქტომბერს, ლისის ტბაზე შეკრებილმა სპორტის სხვადასხვა ფედერაციის პრეზიდენტებმა, ვეტერანმა მოკრივეებმა და სპორტის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრს მიმართეს.
სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებმა სფეროში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს, მათ მიმართვა კანცელარიაში გაგზავნეს.
კულტურის სამინისტროსგან სპორტის გამოყოფას ითხოვს კრივის ფედერაციაც:
„სპორტი გამოიყოს ცალკე, იყოს ცალკე დარგი, ჰყავდეს ცალკე ხელმძღვანელი, რომელიც, ვფიქრობთ, რომ მიხედავს და მიაქცევს ყურადღებას ყველა იმ ფედერაციას და სპორტსმენს, რომელიც ჩართულია სპორტში..
მაინც არის ბარიერები, რომლებიც ხელს გვიშლის სწორ მუშაობაში“, – განაცხადა კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა დავით წიკლაურმა.
„რაც შეიძლება დროულად უნდა დაიწყოს საუბარი გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანებთან, რომ ქართულმა სპორტმა დაიმკვიდროს თავისი ადგილი, გამოეყოს კულტურის სამინისტროს და ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად.
ის მიზეზები, რაც დღეს ქართულ სპორტში ხდება, დაწყებული არაკომპეტენტურობით, სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის უგულებელყოფით, ამან მოგვიყვანა იქამდე, რომ შექმნილია პრობლემები“, – ამბობს ირაკლი დოლაბერიძე, საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი.
კულტურის სამინისტროსგან სპორტის გამოყოფას ითხოვს ფარიკაობის ფედერაციაც:
„სპორტის სამინისტრო უნდა იყოს ცალკე სუბიექტი და ჩვენ მთავრობას ვთხოვთ, ამ მიმართულებით ყურადღება მოგვაქციოს“, – განაცხადა ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მერაბ ბაზაძემ.
ერთობლივ მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:
„ზუსტად 33 წლის წინ ქართულმა სპორტულმა საზოგადოებამ, მრავალი წინააღმდეგობის და დაბრკოლების მიუხედავად, თავისი გადაწყვეტილება დამოუკიდებლობის შესახებ ღიად გამოაცხადა! (06.10.1989 თბილისის ჭადრაკის სასახლე) ეს იყო პირველი თამამი, ამავდროულად ობიექტური განაცხადი, რასაც ჩვენი მდიდარი სპორტული ტრადიციების მქონე ქვეყანა იმსახურებდა.
დღეს, ქართული სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები, მოქმედი თუ ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მსაჯები, სპორტულ ფედერაციებსა თუ დარგობრივ ორგანიზაციებში დასაქმებული პირები, რიგითი გულშემატკივრები, სპორტის დამსახურებული მოღვაწეები, კვლავ აღმოვჩნდით იმ რეალობის წინაშე, რომელსაც ქართული სპორტის სადარაჯოზე დგომა გვავალდებულებს.
უპირველეს ყოვლისა, იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი საზოგადოების ობიექტური გულისტკივილი და ამავდროულად გონივრული რჩევა ხელისუფლების მიმართ აღქმული იქნება, როგორც სახელმწიფოებრივად სწორი და სამართლიანი მოთხოვნა.
ჩვენ არცერთი დარგის, სამინისტროსა თუ მისი ხელმძღვანელობის, მით უფრო პიროვნების, წინააღმდეგი არ ვართ. არც პოლიტიკური ამბიციები გვამოძრავებს. ქართული სპორტი სწორი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებასა და გონივრული მართვის სისტემას საჭიროებს!
2017 წლიდან მოყოლებული სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მოშლის, ე.წ. „რეფორმებით” და პერმანენტული „რეორგანიზაციებით“ შენიღბული ექსპერიმენტებით აღსავსე სპორტზე პასუხისმგებელი სამინისტროების მხრიდან დამოკიდებულება, სამწუხარო რეალობად იქცა.
სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის უგულებელყოფა, მართვის უსისტემობა, სპორტში კვალიფიცირებული კადრების დევნა, არაკომპეტენტურობა და სპორტულ საზოგადოებასთან დისკომუნიკაცია არის იმის მიზეზი, რომ ქართული სპორტი დღეს „მე-5 ბორბლის” და არასასურველი „მდგმურის” პოზიციაშია. მაშინ, როდესაც ოლიმპიური სპორტის სახეობების სასწავლო-საწვრთნელი პროცესები და სალიცენზიო ტურნირები, ზაფხულისა და ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშებისთვის მზადების ციკლის მთავარ ფაზაში შედის, ხოლო არაოლიმპიური სპორტის სახეობების მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებები, პანდემიამდელ მდგომარეობას უბრუნდება, კვლავ ვაწყდებით არაერთ პრობლემას.
არაკომპეტენტურობით გამოწვეულ ნებსით თუ უნებლიე დაბრკოლებებს სპორტული საქმიანობის ცოცხალი დინამიკა ვეღარ გაუძლებს. ყოველივე ზემოაღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებას ვთხოვთ, გაითვალისწინოს სპორტული საზოგადოების ობიექტური და სამართლიანი წინადადება, რათა დაიწყოს საკითხის განხილვა, სპორტის დარგის, კულტურის სამინისტროდან გამოყოფისა და დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბების შესახებ!
მეტი ყურადღება, პატივისცემა, თავისუფლება და დამოუკიდებლობა ქართულ სპორტს!!!!
ქვეყნის სავიზიტო ბარათი და უდიდესი პოზიტივის მომტანი სფერო, ქართული სპორტული ტრადიციების მქონე ქვეყანა ამას ნამდვილად იმსახურებს!“, – აღნიშნულია საერთო მიმართვაში.