LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გამოტანილმა მთავარმა დასკვნამ გაგვიმყარა აზრი, რომ წინასწარი შეტყობინების სისტემების და მონიტორინგის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა შოვის ტრაგედიის თავიდან აცილება“ – თეა გოდოლაძე

131
თეა გოდოლაძე

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე აცხადებს, რომ „წინასწარი შეტყობინების სისტემების და მონიტორინგის არსებობის შემთხვევაში აუცილებლად შესაძლებელი იქნებოდა შოვის ტრაგედიის თავიდან აცილება“.

თეა გოდოლაძემ მის მოადგილე, ლაშა სუხიშვილთან ერთად შოვში მომხდარი სტიქიური მოვლენის შესახებ კვლევის პრეზენტაცია გამართა. როგორც მათ კვლევის შედეგებზე დაყრდნობით განაცხადეს, კვლევისას ძირითადი აქცენტები გაკეთდა სატელიტური მონაცემების და სეისმური მონაცემების ანალიზზე და შემდეგ ეს ორი მონაცემი შეჯერდა.

„გამოტანილმა მთავარმა დასკვნამ გაგვიმყარა აზრი იმის შესახებ, რომ წინასწარი შეტყობინების სისტემებისა და მონიტორინგის არსებობის შემთხვევაში (და არა განგაშის სისტემების)აუცილებლად შესაძლებელი იქნებოდა ამ ტრაგედიის თავიდან აცილება, მაგრამ იმ პირობებში, რომელშიც ვიყავით, რა თქმა უნდა ვერ გავიგებდით, რომ იქ 2 საათის განმავლობაში კლდის დაშლის პროცესი მიმდინარეობდა. ღარის ჩანაწერის ანალიზის საფუძველზე, ფაქტობრივად, ცხადია, რომ პროცესებმა, კლდის დაშლამ ინტენსიური სახე მიიღო უკვე თბილისის დროით, 13:00 საათზე. ჩამოშლილმა მასამ დაახლოებით 12 კმ გაიარა, საუბარია 3 მილიონ კუბ მასაზე. დიდი მასაა ხეობაში ჩამოტანილი, დაწყებული კლდის ნამსხვრევებიდან, ლოდები დაახლოებით 200 ტონაა. უზარმაზარ ქვებზე და ლოდებზეა საუბარი, რომელიც ჩამოიტანა მდინარემ შოვის ტერიტორიაზე. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩამოტანის აგენტად გვევლინება წყალი, ეს საკმარისი წყალი იყო იმისთვის, რომ ხელშემწყობი პირობა ყოფილიყო ამ დიდი მასის ტრანსპორტირებისთვის მდინარის ხეობაში. ზუსტად ტრანსპორტირების დროს არის შეგროვებული 3 მლნ კუბი, რაც ვიხილეთ შოვის ტერიტორიაზე“, – განაცხადა თეა გოდოლაძემ. მისი თქმით, რომ ეარსება შეტყობინების სისტემას, ადამიანების ევაკუაცია აუცილებლად შეიძლებოდა, სხვა, ვერაფერი გაკეთდებოდა, რადგან დიდი მასშტაბის ბუნებრივი მოვლენაა მომხდარი.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის, ლაშა სუხიშვილის განცხადებით, კვლევის შედეგმა აჩვენა, რომ სტიქიის კერაში პატარა მასშტაბის ჩამოშლები, ეს იქნება ნატეხოვანი თუ ტალახოვანი ღვარები, წლების განმავლობაში არსებობს, მაგალითად – 2005, 2011 და 2015 წლიდან არის ჩამოშლები, მაგრამ განსაკუთრებული აქტიურობა ფიქსირდება 2023 წელს, სტიქიამდე.

„ასეთი აქტიურობა არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად რაღაც კატასტროფას მოასწავებს, რომელი მოხდა შოვში, თუმცა ეს იძლევა სიგნალს, მინიშნებას, რომ ადგილი შესამოწმებელია.

ჩვენ ყოველთვის ვახსენებდით, რომ სტიქიის აქტიური ფაზა დაიწყო შუა დღის, დაახლოებით 15:00 საათზე, მაგრამ სეისმური მონაცემების უფრო დეტალურმა ანალიზმა გვაჩვენა, რომ კლდის დაშლის პროცესი დაწყებულია თბილისის დროით 13:00 საათზე, ანუ აქტიურ ფაზამდე 2 საათით ადრე. დაშლის პროცესი დაიწყო ორი საათით ადრე, მაგრამ ნაშალი მასალა შოვამდე არ ჩამოსულა, შოვამდე ახლოსაც კი არ მისულა. სამაგიეროდ, შოვამდე მიაღწია იმ პროცესმა, რომელიც დაიწყო 14:56 საათზე, ორო საათის შემდეგ და აქ ვთვლით, რომ მთავარი განსხვავება ის არის, რომ დაშლის პროცესმა „ჩაითრია” გარკვეული სახის წყლის რეზერვუარები, ანუ პროცესს დაემატა წყალი და სამწუხაროდ, ამან უზრუნველყო ამ მასის შოვამდე ჩამოტანა.

ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა შეადგინა მონაცემთა ბაზა, სადაც ჩანს, რომ კავკასიონზე არის ათობით უბანი, რომელიც პერიოდულად იშლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც კატასტროფა ხდება კავკასიონზე. აქედან გამომდინარე მივდივართ იქამდე, რომ ჩვენი ჯგუფიც ეთანხმება სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ შვეიცარიულ კომპანიას, რომელიც ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია შეფასდეს დაძაბული არეალები და იქ გაიმართოს ადრეული შეტყობინების სისტემები. დღევანდელი მოცემულობით ჩვენ არ ვართ მზად, არ გვაქვს საკმარისი ტექნოლოგიები, არ გვყავს კადრები, რომ ასეთი გამოწვევები მივიღოთ და პასუხი გავცეთ“, – განაცხადა ლაშა სუხიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g