ფილოლოგიის დოქტორი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო სტატუსს აქვეყნებს.
“ადამიანი ადამიანისთვის ანგელოზია”, – მეტ-ნაკლებად ასე ფიქრობს და ცხოვრობს მეფის ვეზირი სედრაქი (სულხან-საბა ორბელიანის “სიბრძნე სიცრუისა”)
“ადამიანი ადამიანისთვის მტერია” – ასე კი დასახელებულ ტექსტში მსახურთუხუცესი რუქა ფიქრობს და ცხოვრობს.
იქნებ უფრო რეალისტური და უკეთესია, ასე იფიქრო და იცხოვრო:
“ადამიანი ადამიანისთვის ადამიანია” (ეს ხანდახან პირველ ფიქრსაც – ადამიანი ადამიანისთვის ანგელოზია – არ გამორიცხავს).
სულ ეს სამი ვერსიაა – მეოთხე შეიძლება ამ სამის ნაზავი იყოს (ხანდახან – უფრო აღმოსავლურ კულტურაში – ამასაც ახსენებენ ხოლმე).
ახლა, შენი ცხოვრების მორიგი დღე რომ გაგითენდა, რას ფიქრობ – რომელი ვერსიაა სიმართლე?
მხოლოდ ამაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ეს დღე შენთვის.
და განა ყოველი დღე ხელახალი დაბადების არ არის?
გახსოვდეს – განწყობა ქმნის სახეს.
და თუ კარგად გახსოვს, თამამად მიესალმე ახალ დღეს – ის ტყუილად და უაზროდ არავისთვის თენდება“, – წერს გია მურღულია.