LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განახლებული ჭავჭავაძის მოლოდინები: ვის მაგალითზე გადმოიღეს შუა გზაში სიარული და აქვს თუ არა თბილისს სატრანსპორტო პოლიტიკა

785
FORTUNA.GE (19)

ჭავჭავაძის გამზირზე 1 აგვისტოდან ავტობუსები ახალი სქემით იმოძრავებენ. მანამდე კი ვაკეში მოძრავი 12 სამარშრუტო ხაზის ყველა მძღოლმა ღამის 00:30-დან 04:00 საათამდე უნდა იმეცადინონ. მათ ავტობუსის გასაჩერებლად გზის გადაკვეთა მოუწევთ, რაც მარტივი ნამდვილად არ იქნება, ყოველ შემთხვევაში, საწყის ეტაპზე.

მერიაში აცხადებენ, რომ ვაკეში გაჩერების შუა ზოლზე გადატანა ბევრ ევროპულ ქვეყანაშია აპრობირებული.

„ფორტუნა“ დაინტერესდა, თუ რომელი ქალაქ(ებ)ის მაგალითი ავიღეთ. პასუხად ფოტოებით გამყარებული ევროპული ქალაქების ჩამონათვალი მივიღეთ. 

ავტობუსები შუა გზაზე ორ კვირაში ივლიან: რას ელიან ექსპერტები ჭავჭავაძეზე

"ამ ინფრასტრუქტურის შემხედვარე მოლოდინი დადებითი არ მაქვს..."

აქ წარმოდგენილი ფოტოებიდანაც ჩანს, რომ განსხვავება ამ ქალაქებსა და ჭავჭავაძის გამზირს შორის თვალშისაცემია. თუნდაც სტამბოლის მაგალითი რომ ავიღოთ (ფოტოს მიხედვით). ავტობუსები მათთვის მკაცრად განსაზღვრულ ზოლში მოძრაობენ და აქეთ-იქით არ მოუწევთ გადასვლა. თანაც ეს 50 კმ-იანი სწრაფი ტრანზიტული გზაა. ამასთან, დააკვირდით გვერდით, რამდენი ზოლია დარჩენილი სხვა ტრანსპორტისთვის. ვაკეში კი ლამის ყოველ მეორე შენობასთან შუქნიშნებია, ვიწროვდება გზა კერძო ტრანსპორტისთვის, შუა გზაში ჩამოსული მგზავრი უნდა გადავიდეს ტროტუარზე, რაც სავარაუდოდ შეაფერხებს მოძრავ ნაკადს… მოკლედ, კითხვები ბევრია, რაზეც პასუხს ალბათ უახლოეს პერიოდში მივიღებთ.

 

 

 

თბილისის სატრანსპორტო სამსახურში „ფორტუნას“ განუცხადეს, რომ ვაკეში ბევრი ავტობუსი იმოძრავებს.

„ვაკე დატვირთული ხაზია და ბევრი ავტობუსია მიმაგრებული. რაიონს სულ 12 სამარშრუტო ხაზი ემსახურება. ზოგი მათგანი საბურთალოს ხაზს უკავშირდდება, ზოგი კი ბაგებში მიდის. ყველა მათგანს აქვს თავის ინტერვალები. საშუალოდ მათი მოძრაობის ინტერვალი შეადგენს 7-8 წუთს. მაქსიმუმ შეიძლება 10-წუთიანი ინტერვალი იყოს“, – განუცხადეს „ფორტუნას“ თბილისის სატრანსპორტო სამსახურში.

 

„საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი „ფორტუნასთან“ საუბარში აცხადებს, რომ თბილისს სატრანსპორტო პოლიტიკა საერთოდ არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქის მერი მასზე ხშირად საუბრობს.

 

რა მოხდება ვაკეში 1 აგვისტოდან, როცა ტრანსპორტი ახალი სქემით დაიწყებს მოძრაობას?

„ძალიან რთული საპროგნოზოა რა მოხდება. მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქის მერისგან მუდმივად გვესმის, სიტყვათა თანწყობა, სატრანსპორტო პოლიტიკა, 5-წუთიან განცხადებაში შეიძლება 20-ჯერ მაინც იყოს ეს ნახსენები, მაგრამ მთელი ტრაგიკომედია ისაა, რომ სატრანსპორტო პოლიტიკა არ აქვს დედაქალაქს. დედაქალაქს არ აქვს სტრატეგია, როგორ უნდა განვითარდეს ტრანსპორტის დარგი და მიუხედავად მერის დაპირებისა, ის ვერ ვითარდება. სატრანსპორტო პოლიტიკის დოკუმენტში უნდა ეწეროს ზუსტად განსაზღვრული ავტობუსების რაოდენობა, ავტობუსების ზოლი როგორი უნდა იყოს. როგორ უნდა განვითარდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი როგორც ხანმოკლე ისე, ხანგრძლივ პერსპექტივაში“, – აცხადებს მესხიშვილი.

 

მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი შეცდომა

„პეკინის ცალმხრივად მოძრაობის გადაწყვეტილება წლების წინ უბრალოდ ვიღაცამ მიიღო და თქვა, რომ ეს გაამართლებსო, მაგრამ სინამდვილეში ის პეკინის გაცალმხრივება კი არა, არასერიოზული პროექტი იყო, რომლის შედეგებიც არ იყო გათვლილი და მე რომ მკითხოთ, პეკინის ე.წ. გაცალმხრივებამ არც იმუშავა. ვაკეშიც იგივე მოხდება. არ გვინახავს კვლევა, როგორია ვაკეში მგზავრთა ნაკადი, ქვეითებისა და ავტომობილების ნაკადი. ამასთან დაკავშირებით არც ერთი კვლევა არ გვინახავს, რაც ეჭვს ამძაფრებს, რომ არც კვლევა აქვთ ჩატარებული და პროექტიც შეიძლება არ არსებობდეს. საგზაო მოძრაობა არის მეტნაკლებად მათემატიკური მეცნიერება, რომელსაც კვლევები სჭირდება. მერი მუდმივად გვეუბნება, რომ არის კომპანია „სისტრა“, რომელიც კვლევებს ატარებს, მაგრამ ჩვენ ეს კომპანიები კი არ გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება კვლევები და მნიშვნელობა არ აქვს, მათ ვინ ატარებს. საგზაო-საინჟინრო ნაწილშიც, ჩემი აზრით დაშვებულია შეცდომები, რომელიც უკვე თვალნათლივ ჩანს. ეს უკავშირდება ველობილიკებს, ზებრა გადასასვლელებს და ეს უკავშირდება ფართო მოძრაობის ზოლების შევიწროებისა და გაფართოების ადგილებს. უსაფრთხოების მიმართულებით დადებითი შედეგის განცდა ნამდვილად არ მაქვს“, – ამბობს ექსპერტი.

 

ევროპული ქალაქების უდიდეს ნაწილში მსგავსი მოდელი არ არის

„ევროპის დაახლოებით 20-მდე ქვეყანაში ვარ ნამყოფი, არსად მსგავსი მოძრაობა, რომ ავტობუსები გაჩერებაზე საპირისპირო მიმართულებით გადადიოდეს, არ მინახავს. აქ გასათვალისწინებელია ბევრი რამ. მარტო ავტობუსის შეშვება ხომ არ ხდება საპირისპირო მიმართულებით. საინტერესოა, კვლევა, უნდა ვიცოდეთ, მგზავრთა ნაკადი როგორია და გზის ფართი როგორი უნდა იყოს, რომ უსაფრთხოებაზე პრობლემა არ შეიქმნას. უამრავი რამაა, რაც გასათვალისწინებელია.

ტრამვაი გზის შუა ზოლზე ბევრ ევროპულ ქალაქშია, მაგრამ ის ინფრასტრუქტურულადაა გამოყოფილი გზის სავალი ნაწილიდან. ის არის ველზე, ამიტომ შეცდომების დაშვების ალბათობა მინიმუმამდეა დაყვანილი. იშვიათ შემთხვევაში მძღოლი უშვებს შეცდომას, რაც სრულიად გასაგებია, უშეცდომო არავინ არ არის, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს სავალალო შედეგი. ვაკეში საგზაო უსაფრთხოების ნაწილში საქმე ძალიან ცუდადაა, მით უფრო ზებრა გადასასვლელებთან, ავტომობილი, რომელიც ავტობუსის უკან მოძრაობს,  ვერ დაინახავს ქვეითს, რომელიც ზებრა გადასასვლელზე გადადის. უამრავი პრობლემა შეიძლება გამოჩნდეს. ველობილიკებიც არ არის მოსაწონი. აპრობირებული წარმატებული გამოცდილება არ მგონია, რომ იყოს, მოდით შევხედოთ პროცენტულად, ევროპული ქალაქების უდიდეს ნაწილში მსგავსი მოდელი არ არის.

 

ტრანსპორტის სამსახური ამბობს, რომ ჩვენი მიზანია, შევამციროთ კერძო ავტომობილების რაოდენობა. ეს როგორ უნდა გააკეთონ, არ იციან. ბოლო წლების განმავლობაში საქალაქო სამსახურების სატრანსპორტო დარგის არაპროფესიონალიზმს ვაწყდებით. მათ მიმართ დიდი ნდობა არ მაქვს. შეიძლება მძღოლებმა ივარჯიშონ, მაგრამ მე შევდივარ მათ მდომარეობაში. ძალიან რთული იქნება, ვაკეში ეპიზოდურად განსხვავებულად მოძრაობა“, – ამბობს მესხიშვილი „ფორტუნასთან“ საუბარში.

გაამართლებს თუ არა, მერიის სატრანსპორტო პოლიტიკა ვაკეში, ამას უკვე ძალიან მალე გავიგებთ.

“ფორტუნა” მძღოლებსაც ესაუბრა და მათი უდიდესი უმრავლესობა უფრო ნეგატიური შედეგის მოლოდინშია და ნაკლებად სჯერა, რომ ეს წამოწყება გაამართლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g