დღეს საზოგადოებაში გამოგვაქვს განათლების რეფორმა, რომელიც სრულიად არის მორგებული განათლების რეფორმებსა და იმ გამოწვევებზე, რომელიც განათლების სისტემაში გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განათლების რეფორმის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია სახელმწიფომ განათლებაში მასშტაბური ინვესტიციები განახორციელოს და ეს მთავრობის პრიორიტეტია.
„საქართველოს წინაშე დგას ძალიან ბევრი გამოწვევა, ოკუპირებული ტერიტორიები, საკუთარი სახლ-კარიდან დევნილი მოსახლეობა, სიღარიბე. ჩემი შეფასებით და ჩემი ღრმა რწმენით, საუკეთესო პასუხი ამ გამოწვევებზე არის ძლიერი განათლების სისტემის შექმნა და გაზრდილი ადამიანური კაპიტალი, რომელიც საშუალებას მოგვცემს საქართველო განვავითაროთ ძალიან სწრაფი ნაბიჯებით. მხოლოდ განათლებული, მოტივირებული და საკუთარ ძალებში დარწმუნებული თაობები მოიტანენ პროგრესს და განვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის. როგორც მინიმუმ 10-11%-იან წილს უნდა მივაღწიოთ განათლებისა ჩვენს ეკონომიკაში.
“ჩვენ განათლების რეფორმა რამდენიმე ფაზად დავყავით და საბოლოოდ, როცა ყველა ფაზის დანერგვას მოვახერხებთ, ასეც იქნება, განათლების სექტორი გახდება დომინანტი ეკონომიკაში. ამ რეფორმას, ისევე როგორც ნებისმიერ ცვლილებას, ჰყავს თავისი მომხრეები და მოწინააღმდეგეები. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველას ერთი მიზანი გვამოძრავებს, როგორც მომხრეებს, ისე მოწინააღმდეგეებს, რაც შეიძლება გამართული და საუკეთესო განათლების სისტემა გვქონდეს ქვეყანაში. ჩვენ აუცილებლად დავდებთ საუკეთესო შედეგებს და ეს იქნება პასუხი სკეპტიკოსებისთვის.
“ჩვენი მთელი ძალისხმევა მიმართულია საზოგადოებრივი დაკვეთის შესრულებისა და შედეგების, რაც შეიძლება სწრაფად მიღწევისადმი. დღეს საზოგადოებაში გამოგვაქვს განათლების რეფორმა, რომელიც სრულიად არის მორგებული განათლების რეფორმებსა და იმ გამოწვევებზე, რომელიც განათლების სისტემაში გვაქვს,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
