საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში საქართველოს საკითხი შეტანილი არ არის, თუმცა ელჩი არ გამორიცხავს და ამბობს, რომ „შესაძლებელია, ლიდერებმა ასევე ისაუბრონ საქართველოში არსებულ ვითარებაზე.”
პრეზიდენტმა მიშელსა და მაკრონს მიმართა, ხვალინდელ სხდომაზე საქართველოს ვითარება განიხილონ
„დღეს, 17 აპრილს ევროპელი ლიდერები იკრიბებიან ბრიუსელში. გაიმართება ევროპული საბჭოს სხდომა, რომელიც რამდენიმე ხნის წინ ჩაინიშნა. დღის წესრიგში რამდენიმე საკითხია, რომელსაც ლიდერები განიხილავენ. ისინი ძირითადად ეხება ევროკავშირის შიდა მოვლენებს, მაგრამ ასევე ლიდერებს გეგმაში აქვთ, განიხილონ უკრაინის საკითხი, აგრეთვე, ჩვენი ურთიერთობა თურქეთთან. ასე რომ, საქართველო არ დგას დღის წესრიგში, მაგრამ არ გამოვრიცხავ და ყოველთვის შესაძლებელია, რომ ლიდერებმა ასევე ისაუბრონ საქართველოში არსებულ ვითარებაზე. ლიდერების გადასაწყვეტია, რა განიხილება მათ შეხვედრებზე“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
ინფორმაციისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს გუშინ მიმართა, რომ საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განიხილონ.
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო