„არ ვიცი თემასთან დაკავშირებით არაფერი” – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს ლაშა ბასლანძესთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე უპასუხა.
„ლაშას ვიცნობ, მეგობარია, ძალიან კარგი ადამიანია. თემასთან დაკავშირებით არაფერი ვიცი. ბუნებრივია, როდესაც თემასთან დაკავშირებით არაფერი ვიცი, იმაზე განმარტებას ვერ გავაკეთებ“, – ამბობს კახა კალაძე.
ცნობისთვის, 6 სექტემბერს რესტორან „ქვევრში“ სროლა იყო. როგორც ლაშა ბასლანძემ განაცხადა, მას მის პარტნიორთან კონფლიქტი მოუვიდა.
„ჩემს პარტნიორთან მომივიდა კონფლიქტი, მისი უღირსი საქციელის გამო. შეურაცხყოფა მივაყენე… დაზიანებამდე საქმე არ მისულა. გაწევ-გამოწევის დროს მისმა მეგობარმა, თუ დაცვის თანამშრომელმა, რაღაც გაფორმებული იარაღით, ჰაერში გაისროლა. რესტორნის თანამშრომლებმა იარაღი წაართვეს და პოლიციას გადასცეს. ეს არის მთელი ამბავი. მე პრეტენზია არ მაქვს – პოლიცია თუ პასუხს მოსთხოვს ჰაერში სროლაზე, ეს მათი საქმეა”, – აცხადებს ლაშა ბასლანძე „რუსთავი 2“-თან სატელეფონო საუბრისას.
„ქვევრის“ მფლობელის, შალვა ტიბუას ადვოკატის, თამარ აბესაძის ინფორმაციით, ლაშა ბასლანძე, როგორც მეიჯარე არ ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს, რის გამოც მფლობელმა მას ხელშეკრულება შეუწყვიტა, აღნიშნულმა ფაქტმა კი ლაშა ბასლანძე გაანაწყენა და რესტორანში მეპატრონეს თავს დაესხა.