LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„განსაკუთრებით 2 წლამდე ბავშვებისთვისაა საშიში“ – ივანე ჩხაიძე მშობლებს აფრთხილებს

548
2026-04-01_01-40-52_613409

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე ახალი ვირუსის შესახებ საუბრობს, რომელიც 2 წლამდე ბავშვებისთვის და 65 წელს ზემოთ ასაკობრივი ჯგუფისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

შესაბამისად ეს რისკ-ჯგუფები განსაკუთრებულ მეთვალყურეობასა და აქტიურ მართვას საჭიროებენ.

„თებერვლიდან საქართველოში ყველაზე ხშირად ცირკულირებს ვირუსი, რომელიც განსაკუთრებულ საფრთხეს 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის წარმოადგენს.

აღნიშნულ ვირუსს შეუძლია გამოიწვიოს წვრილი ბრონქების ანთება — ბრონქიოლიტი. დაავადებას ახასიათებს შეტევითი და ხშირი ხველა, სუნთქვის გახშირება და გაძნელება, ასევე მსტვინავი სუნთქვა.

ამ ვირუსმა ფაქტობრივად ჩაანაცვლა სეზონური გრიპი, მათ შორის ე.წ. ჰონგ-კონგის გრიპი, რომელიც დეკემბრიდან იყო ყველაზე გავრცელებული. ბრონქიოლიტის დიაგნოსტირება ძირითადად კლინიკური ნიშნების საფუძველზე ხდება და დამატებით კვლევებს, როგორც წესი, არ საჭიროებს.

ინფიცირების ყველა შემთხვევა მძიმე არ არის, თუმცა პაციენტების ნაწილს შესაძლოა დასჭირდეს ჟანგბადის მიწოდება, სითხის შევსება და გარკვეულ შემთხვევებში — ჰოსპიტალიზაცია.

გართულებების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია, თუმცა ის ინდივიდუალურად განისაზღვრება — ორსულებში დამოკიდებულია ორსულობის ვადასა და მშობიარობის სავარაუდო პერიოდზე. მისი თქმით, ვაქცინაცია შესაძლებელია 1-6 თვის ასაკის ბავშვებშიც, რადგან ამ ჯგუფში გართულებების რისკი განსაკუთრებით მაღალია.

აღნიშნული ვირუსი საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ 65 წელს გადაცილებული ადამიანებისთვისაც, რომელთაც ინფიცირების შემთხვევაში შესაძლოა განუვითარდეთ ფილტვების ანთება და გაიზარდოს ჰოსპიტალიზაციის რისკი.

აუცილებელია ინფიცირებული პირები ოჯახის წევრებისგან მაქსიმალურად იზოლირდნენ, ატარონ პირბადე, დაიცვან ხელების ჰიგიენა, რეგულარულად გაანიავონ საცხოვრებელი სივრცე და ჩაატარონ სველი წესით დასუფთავება“, – ამბობს ივანე ჩხაიძე.

ივანე ჩხაიძე – ფილტვის ანთება და გრიპი ჩაანაცვლა ბრონქიოლიტმა და რესპირაციულ სინციტიურმა ვირუსმა – მოიმატა კორონავირუსის გავრცელებამაც

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g