9 დეკემბერს თაკო მელიქიშვილმა და ეზოთერიკოსმა ანზორ ოდიშარიამ გადაცემაში „გზაჯვარედინი“ ახალი წლის სამზადისზე, ნაძვის ხის დადგმის და მეკვლეობის ტრადიციაზე ისაუბრეს და მსმენელს სხვადასხვა რეკომენდაციები გაუზიარეს.
ანზორ ოდიშარია: დღეს ნაძვის ხის დადგმაზე ვისაუბრებთ. სასურველია, რომ ნაძვის ხე 21-25 დეკემბერს დაიდგას, თუმცა ყველაზე კარგი მაინც 25 დეკემბერია. ძალიან კარგია ნაძვის ხის 1 თებერვლამდე სახლში გაჩერება. რაც მთავარია, როგორც წინა გადაცემაში ვისაუბრეთ, ნაძვის ხე უნდა იყოს ქოთნის, ფესვიანი, ცოცხალი. შემდეგ ეს ნაძვის ხე შეგიძლიათ ტყეში გადარგოთ. შესაძლებელია გქონდეთ ხელოვნური ნაძვის ხეც, მაგრამ ერთი პატარა ცოცხალი ნაძვის ხეც აუცილებლად უნდა გქონდეთ სახლში, რადგან მას თავისი დადებითი ენერგია აქვს. სახლში უნდა ტრიალებდეს ნაძვის ხის სუნი, რადგან ის აგარიდებთ ბოროტ ენერგიას, ნეგატიურ ძალებს. შეგიძლიათ გამოიყენოთ კედრის არომატული ზეთებიც.
ნაძვის ხის სათამაშოებს თუ აქვს განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა, რა უნდა გავითვალისწინოთ მათი შერჩევისას?
ტრადიციულად საჭიროა, რომ 1-2 ახალი სათამაშო მაინც შემატოთ ნაძვის ხეს, თუმცა ძირითად შემთხვევაში სათამაშოები იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც განათება. რაც უფრო ელვარე, ნათელი და ბრწყინვალე ნაძვის ხე, მით უფრო მეტი დადებითი ენერგია შემოაქვს სახლში. ზოგადად, ახალი წლის დღეებში განათებული უნდა იყოს სახლიც, რადგან ამ პერიოდში ნათელი ძალები დაბლა არის დასული და შესაბამისად, სინათლის ენერგიის შემოტანა გვჭირდება. წელს ძირითადი ფერებია ოქროსფერი, თეთრი და რაც შეიძლება ბრჭყვიალა და ნათელი ტონები, წითელი, მწვანე, ლურჯი. მაქსიმალურად უნდა მოერიდოთ მუქ ფერებს, რომლებიც არ ქმნიან საახალწლო განწყობას.
ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც განწყობაა?
რაც შეეხება განწყობას, ზოგადად, ახალ წელს ქაოსური ენერგიები მოსდევს ხოლმე, ხშირია განწყობის სწრაფი ცვლილება, ამიტომაც უნდა ვეცადოთ, რომ პოზიტივი შევინარჩუნოთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი წლის დასაწყისის პირველი საათი, მაშინ სამყაროში განსაკუთრებით მაღალი ენერგეტიკული ველია. ამ დროს ჩაფიქრებული სურვილები, განხორციელებული მოქმედებები, წაკითხული ლოცვები ძალიან დიდ გავლენას ახდენს. ახალ წელს სუფრის ქვემოთ ან თეფშების ქვემოთ განთავსებული უნდა იყოს კუპიურები და შემდეგ ყველამ უნდა იღოს თავისი კუპიურა და საფულეში ჩაიდოს.
რა უნდა იყოს საახალწლო სუფრაზე?
განსაკუთრებული არაფერი, მთავარია იყოს ბროწეული, ჩურჩხელა, გოზინაყი. გოზინაყი ოჯახის მატერიალურ კეთილდღეობაზე აგებს პასუხს, ბროწეული სიყვარულზე, ჩურჩხელა კი გონიერების სიმბოლოა. ამ სამი რამით შემოფარგვლაც საკმარისი იქნება. სასურველია სუფრაზე ხორცი მსუბუქად იყოს წარმოდგენილი.
რამდენად აქვს მნიშვნელობა მეკვლეს, თუ მოქმედებს ის ჩვენს მომავალ წელზე?
რა თქმა უნდა, მოქმედებს, რადგან ეს ადამიანი მთელი წლის განმავლობაში ტოვებს გარკვეულ ენერგეტიკულ კვალს, რომელიც ზეგავლენას ახდენს. ითვლება, რომ თქვენც უნდა გსიამოვნებდეთ ის ადამიანი, ვინც მეკვლედ მოდის და მასაც უნდა სიამოვნებდეს თქვენთან მოსვლა, რადგან ამ შემთხვევაში დადებითი ენერგია იკვრება. სასურველია მეკვლეს თან ჰქონდეს ტკბილეული, ბროწეული, რკო, სანთლები, თუმცა ყველაზე მთავარია, თუ რა გულით და სურვილებით შემოდის თქვენს სახლში. სასურველია, მეკვლე ოჯახის ყველაზე უფროსი წევრი იყოს, ადამიანი, რომელიც ოჯახის მმართველი და ძირითადი შემომტანია.
გადაცემის აუდიოჩანაწერი
“გზაჯვარედინი” – ანზორ ოდიშარიასა და თაკო მელიქიშვილთან ერთად