15 მარტს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ კომპიუტერულ მეცნიერებათა სპეციალისტი, მენეჯმენტის, ფინანსების და IT- მართვის სფეროში ბიზნესკონსულტანტი ანდრო დგებუაძე სტუმრობდა, რომელმაც ახალ ნაშრომზე „განსხვავებული საზრისები“ ისაუბრა.
– ანდრო, რატომ გადაწყვიტეთ წიგნის დაწერა?
– პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ
,დხანს „ცხვებოდა, ცხვებოდა და საბოლოოდ როგორც იქნა გამოცხვა“. „განსხვავებული საზრისების“ დაწერა რამდენიმე წლის წინ ჩავიფიქრე, როცა მამა თეოდორე კიკნაძეს შევხვდი და საუბრების ერთგვარი ციკლი მოვაწყვეთ აზროვნების აკადემიაში. რა თქმა უნდა, ინდივიდუალური ლექციები არც მე მაკლდა, არც მამა თეოდორეს, თუმცა, ჩავთვალეთ, რომ სწორედ განსხვავებული აზრის გაცვლით შეიძლებოდა ჭეშმარიტების მოძიება. თავიდანვე რამდენიმე თემაზე გადავწყვიტეთ აზრის გამოთქმა და ვფიქრობ, ძალიან საინტერესო საუბრები გამოვიდა, რადგან ჩვენც მოგვეწონა და მსმენელსაც.
– სად შეიძლება თქვენი წიგნის შეძენა?
– ნებისმიერ მსურველს შეუძლია დაუკავშირდეს აზროვნების აკადემიას, რადგან სწორედ აკადემიის გამომცემლობამ იზრუნა მის გამოშვებაზე.
– საინტერესოა, ახლა რაზე მუშაობთ?
– „განსხვავებული საზრისების“ შემდეგ მთელი ორი წელი მოვანდომე მეორე წიგნის „აშტავაკრა გიტას“ თარგმნას, რომელიც ჩემივე კომენტარებით გამოვეცი. სიმართლე ვთქვა, წერას ლაპარაკი მირჩევნია, ასე რომ მეეჭვება კიდევ რამე დავწერო, მით უფრო, რომ თარგმანი ძალიან შრომატევადი, თუმცა დაუფასებელი სამუშაოა.
– ახალ ტრენინგებზე როდის მიიწვევთ მსურველებს?
– ყველა ტრენინგი აპრილის თვემდე გადავდე, რადგან არც მენეჯმენტზე საუბრის ხალისი გვაქვს, არც ფილოსოფიური ლექციებისა და შეხვედრების მოწყობის განწყობა.
– რას ფიქრობთ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მასიურ შემოსვლაზე?
– მართალია, ადამიანები არასდროს განმისხვავებია ეროვნების, კანის ფერის და წარმომავლობის მიხედვით, მაგრამ ამ შემთხვევაში მათი მიზნებია გასათვალისწინებელი, რათა არავინ შეუქმნას საფრთხე ჩვენს სახელმწიფოებრიობას. ვფიქრობ, პირველ რიგში უკრაინელი ლტოლვილები უნდა შევიფაროთ, რუსეთის მოქალაქეების შემთხვევაში კი, რომლებიც აუტანელ სიტუაციას გამოექცნენ საკუთარი ქვეყნიდან, აუცილებლად მეტი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ.