LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„განუზომელია ჩვენი ასოციაციის თითოეული წევრის გულისტკივილი – დღეს ბოლო გზაზე მივაცილებთ მეგობარს, მენტორს, დიდ ადამიანს, უნიკალურ ექიმს და მეცნიერს…“ – დავით თელიას კოლეგები ემშვიდობებიან

300
დავით თელია

საქართველოს ექიმთა პოსტდიპლომური განათლების ასოციაცია“ განცხადებას ავრცელებს. ასოციაცია, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის დეპარტამენტის პროფესორის, ცნობილი ექიმის დავით თელიას გარდაცვალებას სამძიმრის წერილით ეხმაურება.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში ასოციაცია წერს, რომ განუზომელია ასოციაციის თითოეული წევრის გულისტკივილი, რადგან დღეს ბოლო გზაზე მიაცილებენ მეგობარს, მენტორს, დიდ ადამიანს და უნიკალურ ექიმს – დავით თელიას.

ცნობილი ექიმი დავით თელია გარდაიცვალა

„განუზომელია ჩვენი ასოციაციის თითოეული წევრის გულისტკივილი – დღეს ბოლო გზაზე მივაცილებთ მეგობარს, მენტორს, დიდ ადამიანს, უნიკალურ ექიმს და მეცნიერს, მრავალმხრივი ნიჭით ღვთისგან უხვად დაჯილდოვებულ დავით თელიას, რომლის სახელიც სამუდამოდ დარჩება საქრთველოს მედიცინის ისტორიაში.
ალექსანდრე (დავით) თელია (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის დეპარტამენტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სამედიცინო განათლების და მტკიცებითი მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი) დაიბადა 1954 წლის 30 ივნისს ქ. თბილისში. 1971 წელს დაამთავრა ქ. თბილისის მე-60 საშუალო სკოლა. 1972-78 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში პედიატრიულ ფაკულტეტზე.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გაიარა ინტერნატურისა (1978–1979 წ.წ.) და კლინიკური ორდინატურის (1979–1981 წ.წ.) კურსები ჰოსპიტალური პედიატრიის კათედრაზე, ხოლო შემდეგ სწავლობდა ასპირანტურაში ალერგოლოგიის კათედრაზე (1981–1984 წ.წ.). 1984 წელს დაიცვა საკანდიდატო („IgE ანტისხეულების კვლევის დიაგნოსტიკური და პროგნოზული მნიშვნელობა ბავშვებში“), ხოლო 1993 წელს – სადოქტორო („ფიზიკური დატვირთვით განპირობებული ბრონქული ასთმა ბავშვთა ასაკში“) დისერტაცია. 1984–1994 წ.წ. იყო ალერგოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1995 წლიდან 1996 წლამდე მუშობდა კათედრის დოცენტის, 1996 წლიდან – პროფესორის, ხოლო 2001 წლიდან კათედრის გამგის (შემდგომში – ალერგოლოგიის და კლინიკური იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის) თანამდებობებზე.

2001-2003 წლებში მოწვეული პროფესრორის სტატუსით ლექციებს კითხულობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიების და გამოთვლითი მათემატიკის კათადრაზე.
2003-2005 წლებში იყო თსსუ ექსპერიმენტული და კლინიკური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, ხოლო 2005-2006 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი.
სამეცნიერო მოღვაწეობის სფერო – კლინიკური იმუნოლოგია, პედიატრია, შინაგანი სნეულებანი, მედიცინაში სამეცნიერო კვლევების წარმოების მეთოდოლოგიები. გამოქვეყნებული შრომები: 115 სამეცნიერო შრომა; 4 მეთოდური რეკომენდაცია; 1 მონოგრაფია; 2 გამოგონება.


კლინიკურ (ლიცენზირებულ) საქმიანობას ეწეოდა ალერგოლოგია-იმუნოლოგიის, შინაგანი მედიცინის და პედიატრიის მიმართულებით. არის კლინიკური კვლევების წარმოების და მათი ხარისხის შეფასების ექსპერტი. არის საქართველოში მტკიცებითი მედიცინის პრინციპების დანერგვის პიონერი. ლექციებს კითხულობდა მტკიცებითი მედიცინის და სამედიცინო სტატისტიკის მიმართულებით. გამოაქვეყნა მტკიცებითი მედიცინის სახელმძღვანელოები (ქართულ ენაზე): ალ. თელია – თანამედროვე სამედიცინო-სამეცნიერო კვლევების წარმოების მეთოდოლოგიის საფუძვლები, თსსუ, 2004 წ.; კლინიკური კვლევების წარმოებისა და შეფასების მეთოდოლოგიის საფუძვლები, თსსუ, 2006 წ.; შინაგანი სნეულებანი/ სახელმძღვანელო I ტ., თავი – ბრონქული ასთმა, თსსუ, 2008 წ.; კლინიკური ალერგოლოგია – სახელმძღვანელო სტუდენტების, რეზიდენტებისა და პრაქტიკოსი ექიმებისათვის (მზადდება გამოსაცემად).


ბოლო 11 წლის განმავლობაში სამედიცინო განათლებისა და მტკიცებითი მედიცინის ასოციაციის (წარსულში – საქართველოს ექიმთა პოსტდიპლომური განათლების ასოციაციის) პრეზიდენტის რანგში 21 აკრედიტირებული სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის ორგანიზატორი.
იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი, საქართველოს ასთმოლოგთა ალერგოლოგთა და იმუნოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, საქართველოს მედიკო-ბიოლოგიური სამეცნიერო აკადემიის წევრი, ამერიკის ოჯახის ექიმთა აკადემიის ასოცირებული წევრი.
არის 9 საკანდიდატო და 5 სადოქტორო დისერტაციის მეცნიერული ხელმძღვანელი და კონსულტანტი.


2001 წლიდან 11 საერთაშორისო მულტიცენტრული კვლევის მთავარი მკვლევარი.
ალერგოლოგია-იმუნოლოგიის სახელმწიფო სარეზიდენტო პროგრამის ავტორი და დირექტორი. კონტაქტური დერმატიტის მართვის პროტოკოლის ავტორი (www.moh.gov.ge / გაიდლაინები-პროტოკოლები). „ალერგოლოგია-იმუნოლოგია“-ში პროფესიული კომპეტენციების განმსაზღვრელი დოკუმენტის ავტორი.
პერსონალური საგანმანათლებლო ვებგვერდის (www.telia.ge) ავტორი.
მშვიდობით… შეხვედრამდე“ – ვკითხულობთ საქართველოს ექიმთა პოსტდიპლომური განათლების ასოციაციის განცხადებაში.

განუზომელია ჩვენი ასოციაციის თითოეული წევრის გულისტკივილი – დღეს ბოლო გზაზე მივაცილებთ მეგობარს, მენტორს, დიდ ადამიანს,…

Posted by საქართველოს ექიმთა პოსტდიპლომური განათლების ასოციაცია on ორშაბათი, 22 ივლისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g