გარდაბნის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, გარდაბნის კულტურის სახლში ღვაწლმოსილ პედაგოგებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ხალხური რეწვის ოსტატთა და ხელოვანთა ნამუშევრების საგამოფენო სივრცე. ასევე, წარმოდგენილი იყო ქორეოგრაფიული ანსამბლების – „საჯეირნოს“, „კავთას“ და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლების გაერთიანების მოსწავლეთა მუსიკალური ნომრები.
გარდა ამისა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კარგარეთელმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, მიხეილ გედეხაურმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ილია ჯალაღანიამ და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ბაია კვიციანმა საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პედაგოგებს სერტიფიკატები, ხოლო 2023-2024 სასწავლო წლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსნებს შესაბამისი სიგელები და მედლები გადასცეს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის, გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ყველა რეგიონში იმართება ადგილობრივი სკოლების პედაგოგთა დაჯილდოება, დასკვნითი ღონისძიება კი თბილისში 27 ოქტომბერს ჩატარდება. აღნიშნულ პრემიაზე გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან 5 პედაგოგია წარდგენილი.