ქუთაისის კლინიკა ”ბომონდში” კორონავირუსით, 70 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ის დადასტურებული ინფიცირებით, კლინიკაში 3 ოქტომბერს შეიყვანეს. თუმცა, პარალელურად, ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია, ქრონიკული უკმარისობა, დილატაციური კარდიომიოპათია, აორტის სარქვლის ნაკლოვანება, არტერიული ჰიპერტენზია, ორმხრივი ჰიდროთორაქსი, სუნთქვისა და გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა.
“ერთი თვე გავიდა, რაც “კლინიკა ბომონდში” COVID ცენტრი ფუნქციონირებს. კორონავირუსული ინფექციით 300-ზე მეტი პაციენტი მივიღეთ. აქედან, 170-მა პაციენტმა ვირუსი დაამარცხა და კლინიკა გამოჯანმრთელებულმა დატოვა. 30-მდე ქრონიკული დაავადების მქონე ხანდაზმული გავწერეთ გამოჯანმრთელებული, მათ შორის ყველაზე ხანდაზმული გახლავთ 88 წლის მამაკაცი. 95 წლის ქალბატონი გადის ამჟამად სტაციონარულ მკურნალობას, რომლის დინამიკაც დადებითია, მდგომარეობა უმჯობესდება და იმედი გვაქვს, რომ მასაც გამოჯანმრთელებულს გავწერთ ბინაზე,” – განაცხადა ”ბომონდის” კლინიკურმა მენეჯერმა, მამია ყიფიანმა.
კოვიდვირუსით გარდაცვლილ 15 პაციენტს შორის ერთი 40 წლის ასაკისაა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძეს არ დაუკონკრეტებია, ჰქონდათ თუ არა თანმხლები დაავადებები.
გარდა ამისა, როგორც გამყრელიძემ განმარტა, გაზაფხულსა და ზაფხულში კოვიდინფიცირების შემთხვევების 70%-80% შემოტანილი იყო, ხოლო შედგომი შემთხვევების რაოდენობაში შემოტანილის წილი მიზერულია და არის დიდი მასშტაბის შიდა გავრცელება.
“ამიტომ შემოდგომას ახალი სლოგანი გვაქვს – ისწავლე თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამ ეტაპზე COVID ცენტრში 97 პაციენტი იმყოფება. რაც შეეხება 20 ოქრომბრის, მაჩვენებელს, კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევიდან 425 – თბილისში, 372 – იმერეთში, 193 – აჭარაში გამოვლინდა.