გონიოში, მრავალსართულიან მშენებარე კორპუსში საყრდენი კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 30 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელიც კლინიკაში იყო მოთავსებული, გარდაიცვალა.
გონიოში მრავალსართულიანი მშენებარე კორპუსის საყრდენი კონსტრუქცია ჩამოინგრა – დაშავდა ერთი ადამიანი
როგორც ექიმებზე დაყრდნობით, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, დაშავებული ახალგაზრდას ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ ფასდებოდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდა ოთო დეკანაძეა. მას მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
ცნობისათვის, გონიოში, სანაპიროსთან მრავალსართულიანი მშენებარე კორპუსის საყრდენი კონსტრუქცია გუშინ, 17 ივლისს ჩამოინგრა. ახალგაზრდა მამაკაცი მშენებარე კორპუსიდან ხარაჩოს ჩამონგრევის შედეგად 25-ე სართულიდან ჩამოვარდა. დაშავებული ახალგაზრდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით უწყებამ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.