როგორც აღმოჩნდა, ყველასთვის კარგად ნაცნობი მავნე ჩვევების (თამბაქო, ალკოჰოლი, მუწუკების წვალება და ა.შ.) გარდა, კანის მდგომარეობაზე ნეგატიურ გავლენას საკმაოდ მოულოდნელი ფაქტორებიც ახდენენ.
ქლორი
ქლორის შემცველი წყალი არღვევს კანის ლიპიდის ბარიერს, აშრობს და აღიზიანებს მას. შედეგად კანი იქერცლება, დროთა განმავლობაში კი, კარგავს ელასტიურობას და სწრაფად ბერდება. სწორედ ამიტომაა აუცილებელი აუზში ცურვის შემდეგ სახის დაბანა. საპნის ქაფი ყველაზე კარგად ერევა ქლორს.
გამონაყარის გაღიზიანება
სახეზე ანთებით პროცესებთან ბრძოლა მხოლოდ გამოცდილ კოსმეტოლოგს მიანდეთ, სხვა შემთხვევაში თქვენ მხოლოდ დაიმძიმებთ მდგომარეობას ფორებში ჭუჭყისა და ბაქტერიების შეტანით.
შიმშილი
არ ღირს საუზმის გამოტოვება და ვახშამზე უარის თქმა. ვერც შეამჩნევთ, ისე სწრაფად დაიფარება კანი ნაოჭებით, მისი უსიცოცხლო იერი კი, ნამდვილად არ გაგახარებთ. რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს C, B3, E და A ვიტამინები, რომლებიც ხელს უწყობენ უჯრედების ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
ყავა
კოფეინის ბოროტად გამოყენება ორგანიზმში გაუწყლოებას, კანის სიმშრალესა და ადრეულ ნაოჭებს იწვევს. დღის მანძილზე რაც შეიძლება მეტი წყალი დალიეთ ლიმონით ან ფორთოხლით, ყავით კი, დილაობით გაანებივრეთ თავი.
ცხელი შხაპი
ცხელი შხაპის მიღება, რა თქმა უნდა სასიამოვნოა, მაგრამ სამწუხაროდ ნაკლებად სასარგებლო, რადგან ის აზიანებს კანსს, იწვევს სიმშრალესა და აქერცვლას. ასე რომ, თუ შეატყვეთ, რომ კანი გაწითლდა და გექავებათ, სასწრაფოდ მოუკელით წყლის ტემპერატურას.
კოსმეტიკა
მოვლისა და დეკორატიული კოსმეტიკის ტესტირებისას შემოიფარგლეთ მხოლოდ კანის მცირე ნაწილით და არასდროს დაიტანოთ პროდუქტი მთელ სახეზე. ასე თავიდან აიცილებთ სიწითლეს და ალერგიულ რეაქციას.
ტელეფონი
ხანგრძლივი საუბარი ტელეფონზე თავისუფლად შეიძლება გახდეს ლოყებზე და ნიკაპზე გამონაყარის მიზეზი, რადგან, როგორ ძალიანაც არ უნდა უფრთხილდებოდეთ თქვენს ძვირფასს ნივთს, ის მაინც ყოველთვის ჭუჭყით და ბაქტერიებითაა სავსე. საფრთხის თავიდან ასაცილებლად ტელეფონი ხშირად გაწმინდეთ ანტიბაქტერიული ხელსახოცით.
წყლის სიმცირე
არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ ორგანიზმის გაუწყლოება! დღეში სულ ცოტა 1,5 ლიტრი წყალი მიიღეთ და თქვენი კანი ყოველთვის იბრწყინებს.
მაკიაჟით ძილი
მაკიაჟით ძილი საკუთარი თავის მტრობაა, რადგან სანამ თქვენ გძინავთ, კოსმეტიკა კანის ფორებს უმოწყალოდ ავსებს და ბლოკავს, რაც თავის მხრივ იწვევს გამონაყარს და ანთებით პროცესს, გარდა ამისა, მნიშვნელოვნად იზღუდება აღდგენითი პროცესი.
ჭუჭყიანი სათვალე
იზრუნეთ იმაზე, რომ სათვალე არა მარტო გიხდებოდეთ, არამედ სისუფთავით ბრწყინავდეს. სხვა შემთხვევაში მასზე დაგროვილი ბაქტერიები სწრაფად გადმოინაცვლებენ თქვენს კანზე და განსაკუთრებით ცხვირის არეში მოგიწყობენ ნამდვილ ბუნტს.
წონა
წონის ხშირი ცვალებადობა ნეგატიურად აისახება კანზე. მასის სწრაფი დაკლების ან მომატების შემდეგ კანი იჭიმება, კარგავს სიმკვრივეს და ელასტიურობას.
მარილი
ჭარბი ნატრიუმი რაციონში კანს ტენიანობას აკარგვინებს, აუფერულებს და აშრობს მას. მსგავსი პრობლემის თავიდან ასაცილებლად შეამცირეთ მარილიანი პროდუქტების (კრეკერები, ჩიფსები, მარილიანი არაქისი) მიღება, დაზოგილი ფულით კი, კარგი დამარბილებელი საცხი შეიძინეთ.
თმის სპრეი-საშუალებები
პროდუქტები თმის ფიქსაციისთვის არავითარ შემთხვევაში არ უნდა ხვდებოდეს სახის კანს. შემდეგში, როცა სპრეის გამოყენებას გადაწყვეტთ, სახე რბილი ხელსახოცით დაიფარეთ.
თვალების მოჭუტვა
მოუხერხებელი კონტაქტური ლინზები ან სათვალე, ხშირად გვაიძულებს მოვჭუტოთ თვალები, შედეგად კი, თვალების გარშემო არასასიამოვნო ნაოჭები იყრიან თავს.
არასაკმარისი ძილი
აუცილებელი რვასაათიანი ძილის შემდეგ კანი დასვენებულ და ცოცხალ იერს იძენს. საიდუმლო იმაშია, რომ სწორედ ამ პერიოდში ასწრებს კანი სრულად აღდგენას.
ცვილის დეპილაცია
ცვილის დეპილაცია აზიანებს და აღიზიანებს კანს. მისი გაკეთება, მინიმუმ სამკვირიანი ინტერვალითაა რეკომენდირებული, მხოლოდ მაშინ, როცა კანის მგრძნობიარე ადგილები ბოლომდე შეძლებენ აღდგენას.
გამდინარე წყალი
ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც გამდინარე წყალი შეიცავს, რეაქციაში შედიან სხვადსხვა კოსმეტიკურ საშუალებებთან და ქმნიან ერთგვარ აპკს, რომელიც არღვევს კანის დამცავ ბარიერს. შედეგად კი, ჩნდება სიმშრალე და ქერცვლა. გარდა ამისა, კანი ხდება მგრძნობიარე და ალერგიული.
დახეთქილი ტუჩები
ტუჩის კანი 3-5 ფენის უჯრედებისგან შედგება (შედარებისთვის – სახის კანს 15 ფენა აქვს), ამიტომ ისინი ბევრად უფრო სწრაფად ზიანდება. სიტუაციის გადარჩენა გლიცერინის ან ვაზელინის შემცველი ბალზამის რეგულარული გამოყენებით შეიძლება.
სტრესი
სტრესის და გადაღლილობის შედეგად კანი არაჯანსაღ ფერს იძენს, ჩნდება არასასიამოვნო ლაქები და გამონაყარი. უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად საჭიროა დღეში ერთი საათი მაინც დაუთმოთ საყვარელ საქმეს – კითხვას, ხატვას ან ველოსიპედით სეირნობას.
ჭუჭყიანი ბალიში
სანამ თქვენ გძინავთ, კანი აღდგენით პროცესს გადის და “თავიდან იცილებს” მკვდარ უჯრედებს. დროთა განმავლობაში ეს, თვალისთვის უხილავი მიკრონაწილაკები ბალიშისპირზე გროვდება, ბაქტერიებად და ტოქსინებად იქცევა და ისევ კანზე ბრუნდება. ჯანსაღი სახის კანის შესანარჩუნებლად საჭიროა ბალიშისპირის სულ მცირე ორ კვირაში ერთხელ მაინც გამოცვლა.
სკრაბი
პილინგ-საშუალებების ბოროტად გამოყენება იწვევს უჯრედების დაზიანებას და მიკროტრავმებს, ცხიმოვანი ჯირკვლების გამოყოფას, რაც კანს კიდევ უფრო ცხიმიანს ხდის. გაითვალისწინეთ ინსტრუქცია და სკრაბი მხოლოდ კვირაში 1-2-ჯერ გამოიყენეთ.
შაქარი
ტკბილეულით ფიგურასთან ერთად თქვენი კანიც ზარალდება. შაქარი არღვევს კოლაგენს, ართმევს კანს ელასტიურობას და უსიცოცხლოდ აქცევს მას. ტკბილის მოყვარულებმა მკაცრად უნდა აკონტროლონ შაქრის დოზა, სუპერმარკეტში შეძენილი სასუსნავი კი, ნატურალური ხილით (თუნდაც ანანასით და მანგოთი) ჩაანაცვლონ.
პასიური ცხოვრების წესი
რეგულარული ვარჯიშები აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას, რაც კანისთვისაც სასარგებლოა. როცა მკვებავი ნივთიერებების და ჟანგბადის მიწოდება ძლიერდება, კანი გლუვი და სასიამოვნო ხდება. გარდა ამისა, ოფლის გამოყოფის დროს კანი იცილებს მკვდარ უჯრედებს და ხელს უწყობს ახალი უჯრედების წარმოქმნას.
წარბების კორექცია
კანისთვის ნაკლები ზიანის მისაყენებლად ეცადეთ რაც შეიძლება იშვიათად ამოიქნათ წარბები. ყოველი პროცედურის წინ პინცეტი აუცილებლად ანტიბაქტერიული საშუალებით დაამუშავეთ, სახეზე კი, რამდენიმე წუთით თბილი პირსახოცი მიიდეთ. პროცედურის შემდეგ წაისვით ალოეს საცხი, რომელიც დაამშვიდებს კანს და დაიცავს მას გაღიზიანებისგან.
ნიკოტინი
სახეზე დალექვით ნიკოტინი არღვევს წვრილი კაპილარების მუშაობას და აფერხებს სისხლის მიმოქცევას. შედეგად – ჩნდება ნაოჭები და არაჯანსაღი ფერი.
ალკოჰოლი
ზედმეტი ალკოჰოლის მიღების შემდეგ კანი კარგავს ტენიანობას. გაუწყლოების შემთხვევაში კი, ახალგაზრდა კანზეც ჩნდება ნაოჭები და ქერცვლა.
მზე
მზისგან დამცავი ლოსიონის გამოყენება არა მარტო ზღვაზე გარუჯვის დროსაა აუცილებელი, არამედ ქალაქშიც, განსაკუთრებით მაშინ, თუ დიდი ხნით გიწევთ მზეზე სიარული.