LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარემოს დაბინძურებამდე წასაკითხი კოდექსი: მანქანიდან ნაგვის გადაყრაზე ჯარიმა ორმაგდება

413
danagvianeba jarima 22

„ნარჩენების მართვის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმად, გარემოს დანაგვიანებისთვის დაკისრებული ჯარიმები იზრდება, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.

კანონის მიხედვით, საცხოვრებელი სახლიდან ან სხვა შენობიდან 2 კილოგრამამდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება 100 ლარის ნაცვლად, 200 ლარით დაისჯება.

იგივე ქმედება, ჩადენილი ავტომობილიდან გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 250 ლარით, ნაცვლად 120 ლარისა. ასევე 250 ლარით დაჯარიმდება ის, ვინც 2 კილოგრამამდე ნარჩენს საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან გადაყრის.

5 ერთეულამდე საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს დანაგვიანება, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 150 ლარის ნაცვლად 500 ლარის ოდენობით, ხოლო 5 ერთეული ან 5 ერთეულზე მეტი საბურავის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 2000 ლარამდე იზრდება.

2 კილოგრამამდე ბატარეის, აკუმულატორის, ელექტრონათურის, ელექტროსაქონლის, გრაფიტის ელექტროდის, ბასრი ან მჩხვლეტავი საგნის (მათ შორის, შუშის ნამსხვრევის, ლურსმნის ან სხვა მსგავსი საგნის) ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის სამართალდამრღვევი პირი ნაცვლად 100 ლარისა, 500 ლარით დაჯარიმდება.

გარემოს დაბინძურება ნარჩენებით, რომელთა ოდენობა 2 კილოგრამს უტოლდება ან აღემატება, ამ შემთხვევაში ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის 500 ლარია (ნაცვლად 150 ლარისა), ხოლო იურიდიული პირებისთვის 1 500 ლარი ( ნაცვლად 1 000 ლარისა).

1 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის ფიზიკური პირები დაჯარიმდებიან 300 ლარის ნაცვლად 1000 ლარის ოდენობის ჯარიმით, ხოლო იურიდიული პირები კი 1000 ლარის ნაცვლად გასამმაგებული ოდენობის ჯარიმით – 3000 ლარით.

დიდი მოცულობის ნარჩენით, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებით, ელექტრო – ან ელექტროტექნიკური დანადგარით, სამშენებლო დანადგარით ან სხვა მსგავსი მოწყობილობით გარემოს დანაგვიანების შემთხვევაში ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს დაეკისრებათ გათვალისწინებულზე 4-ჯერ მეტი ჯარიმა – ფიზიკურ პირს – 2000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიულ პირს – 6000 ლარის ოდენობით.

კანონპროექტის ავტორები დეპუტატები გოგა გულორდავა და სულხან მახათაძე არიან. კანონპროექტი, რომელსაც ხელი უკვე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოაწერა, 2021 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g