LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გარკვეული ცვლილება შევიდა რამდენიმე მარშრუტში” – რატომ ელოდებიან მგზავრები ტრანსპორტს 40-45 წუთი

238
MtAVARI

რვა თებერვლიდან თბილისში მუნიციპალური ტყრანსპორტის მოძრაობა აღდგა. მანამდე ქალაქში გადაადგილება ყველას საკუთარი ან სამარშრუტო ტაქსებით იყო შესაძლებელი.

კომენდატის საათის დაწყებამდე ერთი საათით ადრე ქალაქში გადაადგილება თითქმის შეუძლებელი იყო.

რა შეცვალა მუნიციპალური ტრანსპორტის ამუშავებამ  დედაქალაქში?

ერთი დღის ქალაქის ტრანსპორტის მუშაობის შეფასება „ფორტუნამ“  მგზავრებს სთხოვა.

მ.მ.

„შეზღუდვების გარკვეული შემსუბუქების მიუხედავად, თბილისში ტრანსპორტით გადაადგილება მაინც გართულებულია.

თავისუფლების მოედნიდან – გაგარინის მოედნამდე მოსასვლელად გუშინ, დაახლოებით 1 საათი და 20 წუთი დამჭირდა. მიზეზი რიგი სამარშუტო ნომრების არარსებობაა. მიკროავტობუსები, რომლებიც ამ სამარშუტო ხაზზე გადაადგილდებოდნენ, როგორც ჩანს, სამუშაო პროცესს ჯერ არ დაბრუნებიან. ნახევარ საათიანი ლოდინის შემდეგ, ჩემთვის საჭირო ორი სამარშუტო ნომრიდან, არც ერთი არ მოვიდა. შესაბამისად, მომიწია ავტობუსით მგზავრობა. თუმცა, აქაც სერიოზული პრობლემებია – ჩემი დაკვირვებით, გაზრდილია მოცდის დრო, ანუ ავტობუსები იმ სიხშირით აღარ გადაადგილდებიან, როგორც „ლოქდაუნამდე“, ამიტომ, ქალაქში გადაადგილება, კვლავ ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად და გამოწვევად რჩება“.

ვ.დ. 

„სათქმელიც ბევრია არაფერია. ტრანსპორტი პანდემიამდეც არ ყოფილა და ახლა საიდან მოვიდოდა. მეტიც, კიდევ უარესი მდგომარეობაა.

დილით გაჩერებებზე ბევრი ხალხი მოგროვდა, სამსახურიდან შინ დაბრუნებაც ჭირს. პირადად დილით მარშუტკით ვიმგზავრე, ოღონდ 40-45 წუთი ველოდებოდი, უკან მეტროთი დავბრუნდი და გადაჭედილი იყო ვაგონები.

მარშუტკები საკმარისი რაოდენობით არა არის, ავტობუსი კი ერთი მარშრუტით დადის და კონკრეტული უბნიდან ყველა იმ უბანში ხომ არ მიდის, სადაც ავტობუსი. მარშუტკებს მგზავრების ფეხზე დგომა ეკრძალებათ, მაგრამ ალბათ მალე მაინც დააყენებენ. შესაძლოა ამის გამოც არ უღირდეთ მუშაობა.
მოკლედ, ტრანსპორტის და საერთოდ გადაადგილების მხრივ თბილისში კარგა ხანია სავალალო მდგომარეობაა, და მარტო ავტობუსის ფერის შეცვლა ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს“.

მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში „ფორტუნას“ განუცხადეს, რომ არც ერთი მარშრუტი არ მოხსნილა და ყველა მათგანი ძველებურად ემსახურება ქალაქს.

რაც შეეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებს, სადაც ჩანს, რომ ავტობუსებში მგზავრები კვლავ ფეხზე დგანან,  სატრანსპორტო სამსახურში პასუხობენ:

„მეტროსა და ავტობუსებში მგზავრთა რაოდენობა არ უნდა შეიზღუდოს. მგზავრს უფლება არ აქვს პირბადის გარეშე მგზავრობის. პირბადის გარეშე მყოფ მგზავრს აკონტროლებენ ჩვენი შესაბამისი სამსახურები. ავტობუსების შემთხვევაში კონდუქტორი.  თუკი მგზავრი წინააღმდეგია, რომ ატაროს პირბადე, მძღოლს აქვს უფლება, რომ არ დაძრას ავტობუსი. მეტროს შესასვლელში კი სიტუაციას ჩვენი მეტროს საპატრულო პოლიცია აკონტროლებს. ვიცი, რომ  დღის რაღაც მონაკვეთზე გადატვირთული იყო ხაზები“ , – განგვიცხადეს სატრანსპორტო სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, არც ერთი ავტობუსი ხაზიდან არ მოხსნილა და მხოლოდ ერთ ხაზზე განხორციელდა ცვლილება. 

გარკვეული ცვლილება შევიდა რამდენიმე მარშრუტში. ცვლილება შეეხო N301 მარშრუტს.

301 არის ძირითადი მკვებავი ხაზი და ეს არის ღერძი იმ სამი სატრანპორტო ხაზის, რომელიც უნდა ამოქმედდეს ქალაქში. მას აქვს თავისი მკვებავი მარშუტები.

აღნიშნული მარშრუტის ბოლო გაჩერება ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩა გაგრძელდება ემირ ბურჯანაძის ქუჩის (ყოფილი გარდაბნის გზატკეცილი) მიმართულებით, დავით ყიფიანის ქუჩის გადაკვეთამდე.

თავისუფლების მოედნის მიმართულებით N301 კოტე აფხაზის ქუჩის ნაცვლად, გადაადგილდება  ბარათაშვილის ქუჩის გავლით. პოლიტკოვსკაიას ქუჩის მიმართულებით მარშრუტი ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაცვლად, მოძრაობას გააგრძელებს ქავთარაძის ქუჩის გავლით.

ინტეგრირებული მარშრუტი N301 აერთიანებს N140 და N55 მარშრუტებს.

შესაბამისად, აღნიშნული ნომრების მომსახურება გაჩერდა. ხოლო, N301-ის მოცდის ინტერვალი 11 წუთამდე შემცირდება.

ეს არის სტანდარტული მარშრუტი, რომელიც პანდემიის დასრულების შემდეგ დარჩება“, – აცხადებენ სატრანსპორტო სამსახურში.

კომპანია “თბილისის მიკროავტობუსის’’ წარმომადგენელი ნათია მიქიაშვილი „ფორტუნასთან“ საუბარში ამბობს, რომ „მარშუტკებში“ მგზავრთა ნაკადი შემცირებულია. 

„ერთი დღის მონაცემებით „მარშუტკებში“ მგზავრთა რაოდენობაა შემცირებულია. იმდენი არაა, რაც იყო ვთქვათ სექტემბერში. შესაბამისად დღის წესრიგში არ იდგა გადატვირთულობის მომენტი.  ყველა ის აკრძალვა, რომელიც მანამდე მოქმედებდა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით იგივეა. მგზავრს არ აქვს უფლება, რომ პირბადის გარეშე ავიდეს მარშუტკაში. ამ შემთხვევაში ჩვენ კერძო კომპანია ვართ და ჯარიმას ვერ დავუწერთ, თუმცა მძღოლს დავუტოვეთ უფლება, არ დაიძრას.  თუ მგზავრს ექნება მცდელობა, რომ მიკროავტობუსში პირბადის გარეშე ავიდეს.

ეს გახლავთ პირველი მკაცრი აკრძალვა პანდემიის პირობებში. თუ არ შეიცვალა პანდემიის პირობები იგივე დარჩება შეზღუდვები. არ შეიძლება კონდიციონერის ჩართვა და რეკომენდებულია ღია ფანჯრებით გადაადგილება“, – განმარტავს მიქიაშვილი.

მისივე ინფორმაციით, ქალაქში არც ერთი მარშრუტი არ გაუქმებულა

„კომპანია თავის შეხედულებისამებრ  მარშრუტს ვერ გააუქმებს და ვერც დანიშნავს. ამ საკითხს წყვეტს დედაქალაქის ხელმძღვანელობა და საკრებულო, ეს საკმაოდ გრძელი და რთული პროცედურაა. ასე რომ კომპანიის მისამართით ასეთი ტიპის შენიშვნები არაა მართებული თუნდაც იმიტომ , რომ მას არ აქვს უფლება დამოუკიდებლად რაიმე გადაწყვიტოს.

შემიძლია, დაზუსტებით გითხრათ, რომ ყველა მიკროავტობუსი მუშაობს იმ ხაზზე და იმ ინტენსივობით, როგორც მუშაობდა პანდემიამდე.

კომპანიას არც ერთ შემთხვევაში არ სჭირდება მიკროავტობუსის ავტოფარეხში გაჩერება. მით უფრო რომ ორი თვის განმავლობაში ის გაჩერებული იყო“ . – აცხადებს მიქიაშვილი.

კითხვაზე, პანდემიის გამო მძღოლებმა ხომ არ თქვეს უარი მუშაობაზე, მიქიაშვილი პასუხობს, რომ ასეთ შემთხვევას კომპანიაში ადგილი არ ჰქონია.

    იგეგმება თუ არა მიკროავტობუსების დამატება

„ეს მუდმივად ცვალებადია. პირდაპირ არის დაკავშირებული მგზავრთა ნაკადებთან. კომპანია მუდმივად აწარმოებს მგზავრთა ნაკადებზე დაკვირვებას. სადღაც მუდმივად ემატება ახალი მარშუტკები.

 გადატვირთული ხაზების საკითხს ცოტა კომპლექსურად უნდა შეხედოთ. ჩვენ გვქონია შემთხვევები, რომ დედაქალაქში არსებული საცობების გამო, იმის გამო რომ იყო მგზავრების მხრიდან საჩივრები, მიკროავტობუსები დაამატეთ რამდენიმე ხაზზე რამდენიმე ათეული მარშუტკა და ამან შედეგი ვერ გამოიღო. რადგან გაჩერებაზე ყველა მგზავრი ადიოდა და მომდევნო მარშუტკას ფაქტობრივად ცარიელი უწევდა გასვლა. ეს ყველაფერი ჩვენს კომპანიაზე არაა დამოკიდებული.

ზოგადად ახალი მარშუტკების დამატება იგეგმება.“. – განმარტა ნათია მიქიაშვილმა.

მუნიციპალურ ტრანსპორტში არსებულ სიტუაციაზე დღეს კომენტარი გააკეთა დედაქალაქის მერმა. კახა კალაძის თქმით, პიკის საათებში საცობები განპირობებული იყო იმით, რომ ძალიან ბევრი კერძო ავტომობილით გადაადგილდება.

„პიკის საათებში ავტობუსებში შეიმჩნეოდა ხალხმრავლობა – ვაკვირდებით თუ როგორ წავა ეს პროცესები და შეიძლება, დამატებითი გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწიოს“, – აღნიშნა კალაძემ.

კალაძე ამბობს, რომ პიკის საათებში ტრანსპორტში ბევრი ხალხი პანდემიამდეც იყო და ეს პრობლემა დედაქალაქს მანამდეც ჰქონდა, რომელსაც პანდემია ვერ აღმოფხვრიდა.

 

“მეორე დღეა უკვე სრულად ამოქმედდა როგორც ავტობუსები, მიკროავტობუსები, ასევე მეტრო. რამდენიმე ლოკაციაზე განსაკუთრებით პიკის საათებში იყო გადატვირთულობა, თუმცა ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ ეს ჩვეულებრივი ცხოვრების დროსაც, პანდემიამდეც გარკვეულ პრობლემას წარმოადგენდა – “სადგურის მოედანი” მაქვს მხედველობაში, სადაც ორი მეტროს სადგური უერთდება ერთმანეთს, ხდება ადამიანების გადასვლა-გადმოსვლა, ეს წარმოადგენდა პრობლემას იმ თვალსაზრისით, რომ ბევრი ადამიანი გადაადგილდებოდა. ასევე პიკის საათებში ავტობუსებშიც შეიმჩნეოდა ხალხმრავლობა, თუმცა დღის განმავლობაში საერთოდ პრობლემას არ წარმოადგენს, ძალიან სიხალვათეა ავტობუსებში ასევე, მიკროავტობუსებში. პიკის საათებში ეს ყველაფერი განპირობებული იყო იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი კერძო ავტომობილით გადაადგილდება, იყო საცობები, რაც თავისთავად აფერხებდა ავტობუსის გადაადგილებას და დროულად მისვლას გაჩერებაზე, რაც იწვევდა იმას, რომ გაჩერებებზე ხდებოდა ბევრი ადამიანის თავმოყრა.

ვაკვირდებით თუ როგორ წავა ეს პროცესები და შეიძლება, დამატებითი გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწიოს”. – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

magti 5g