LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარკვეული ჯგუფები ცდილობენ მოსახლეობაში უსაფუძვლო შიში დათესონ… საქართველოში შემთხვევითი ვაქცინა არ შემოვა: დიმიტრი ხუნდაძე

82
BeFunky-collage (2)

“საქართველო კორონავირუსთან ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადის. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ქვეყანაში სწრაფი, ხარისხიანი ვაქცინის შემოტანა და უნდა მოვახდინოთ, პირველ რიგში, მიზნობრივი ჯგუფების ვაქცინაცია და შემდეგ ის პრაქტიკულად მთელ მოსახლეობაზე გავავრცელოთ.” – ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

ჯანდაცვის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა.

კანონპროექტის წარდგენისას ხუნდაძემ აღინშნა, რომ კანონში ცვლილებების განხორციელება დაკავშირებულია მოსახლეობის რაც შეიძლება დროულ და ხარისხიან ვაქცინაციასთან. მისივე თქმით, ინფრასტრუქტურულ მზაობასთან ერთად, საჭიროა საკანონმდებლო ბაზის მომზადებაც.

როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ცდილობენ, მოსახლეობაში დათესონ უსაფუძვლო შიში, რომ თითქოს ქვეყანაში უხარისხო ვაქცინა შემოვა:

“საქართველო მხოლოდ და მხოლოდ იმ ვაქცინით დაინტერესდება, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნება ავტორიზებული და იქნება მაღალი ხარისხის. შესაბამისად, მოსახლეობა დამატებითი რისკის ქვეშ არ დადგება.” – თქვა ინიციატივის ავტორმა.

ურწმუნოთა დასანახად, მზად ვარ, პირველი ვაქცინა, რომელიც შემოვა, საჯაროდ გავიკეთო: ლადო კახაძე

ხუნდაძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს გარკვეული რესურსი, ვაქცინის უზრუნველყოფა, შენახვა და შემდეგ მოსახლეობისთვის მიწოდება უზრუნველყოს, თუმცა არა იმ რაოდენობით, რომ მოსახლეობა სრულად მოიცვას.

“საჭიროა  – 70 გრადუსი, შენახვის პირობების აუცილებლობა, ამის რესურსი ქვეყანას გააჩნია, თუმცა არა იმ რაოდენობით, რომ მთლიანად შევძლოთ ამ ტიპის ვაქცინის უზრუნველყოფა, შენახვა და შემდეგ მოსახლეობისთვის მიწოდება. ასეთი ინფრასტრუქტურა გვაქვს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში და ბათუმში. დაახლოებით 100 ათას მოქალაქეზე საჭირო ვაქცინის შენახვის საშუალება.

ეს არის დაახლოებით, 200 ათასი ვაქცინა, თუმცა სხვა მიმართულებითაც მიდის მუშაობა. პირობად რჩება ის, რომ აუცილებლად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზება უნდა ჰქონდეს ამ ვაქცინას, რომ იყოს შენარჩუნებული მისი მაღალი ხარისხი და რისკები მინიმალიზებული.” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

სხდომაზე ითქვა, რომ ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრისათვის მსოფლიოში ავტორიზებული ვაქცინის მწარმოებელი კომპანიები ითხოვენ ქვეყნების მხრიდან მაქსიმალურად იქნეს დაცული ფარმაცევტული პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებული რისკები და სახელმწიფოს აღნიშნული რისკების გაზიარების მექანიზმების შექმნას სთხოვენ, რასაც ემსახურება წარმოდგენილი კანონპროექტი.

კომიტეტის წევრებმა კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას ერთხმად დაუჭირეს მხარი.