ახალი წლის პერიოდში, პიროტექნიკით ბევრი მოზარდი ზიანდება, რაც იმის შედეგია, რომ 2005 წლიდან, გაუქმდა სანიტარული სამსახური და ეს სფერო რეგულირების გარეშე დარჩა, ამის შესახებ მომხმარებელთა ფედერაციის ხელმძღვანელმა მადონა კოიძემ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, საახალწლო ასაფეთქებლების შენახვა-რეალიზაციაზე, სახელმწიფოს მხრიდან, არანაირი ზედამხედველობა და კონტროლი არ ხორციელდება.
„რისკი ძალიან მაღალია, ამიტომ კანონმდებლობის გამკაცრება აუცილებელია, მათ შორის, კარგი იქნება, საჯარიმო სანქციების შემოღება, ასევე ხალხმრავალ ადგილებში პიროტექნიკის გამოყენება უნდა აიკრძალოს. რეალიზაციის პროცესში, საჭიროა ასაკობრივი შეზღუდვის დაწესება. სახელმწიფო მარჯვენასაჭიანი მანქანების აკრძალვაზე კი არ უნდა ფიქრობდეს, პირველ რიგში, მომავალ თაობაზე უნდა იზრუნოს და შესაბამის კანონმდებლობას გადახედოს“ – განაცხადა მადონა კოიძემ.
რაც ეხება საკითხს, უნდა აიკრძალოს თუ არა საახალწლო ასაფეთქებლების რეალიზაცია, მომხმარებელთა ფედერაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ასეთი რადიკალური ზომების მიღება აუცილებელი არ არის. მადონა კოიძის განმარტებით, პიროტექნიკის გაყიდვა ევროპის ქვეყნებშიც დაშვებულია, თუმცა თავისუფალი ვაჭრობა უნდა შეიზღუდოს და კონტროლი დაწესდეს.
„არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება საახალწლო ასაფეთქებლების მოზარდებზე გაყიდვა, თუმცა ამის მიუხედავად, ვხედავთ, რომ ნებისმიერ ადგილას, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, ხდება პიროტექნიკის რეალიზაცია. გარდა ამისა, პროდუქტის შესახებ, ინფორმაცია უცხო ენაზეა განთავსებული და არა კონსტიტუციით გათვალისწინებულ, სახელმწიფო ენაზე“ – განაცხადა მადონა კოიძემ.
მომხმარებელთა ფედერაციის ხელმძღვანელის თქმით, პროდუქციის შემომტანი ვალდებულია, ეტიკეტზე ინსტრუქცია ქართულად განათავსოს, ხოლო რეალიზატორმა გააკონტროლოს, მიეწოდება თუ არა მომხმარებელს ინფორმაცია სახელმწიფო ენაზე.