LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გასაუბრებიდან დასაქმებამდე: სად იწყება და სად მთავრდება პრობლემა – უმუშევრობა საქართველოში

107
FORTUNA.GE

დასაქმების პრობლემა საქართველოში, და არა მარტო ჩვენთან, მუდმივად დგას. სტატისტიკის ეროვნულ სამსახურის ბოლო მონაცემებით, უმუშევრობის დონე საქართველოში შემცირებულია თუ ბოლო 5 წლის მაჩვემებლებს შევხედავთ.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახლახანს გამოაქვეყნა 2025 წლის III კვარტლის სამუშაო ძალის მაჩვენებლები, რომლის სრულად ნახვა აქვე შეგიძლიათ.

დასაქმება და უმუშევრობა: 2025 წლის III კვარტალი

დასაქმება სამუშაო ადგილების შექმნით მოგვარდება, მაგრამ პრობლემა ამით არ გადაიჭრება.
რადგან, პრობლემა იწყება სამუშაოს ძიებიდან…
ვისაც გავლენიანი ნაცნობები არ ჰყავს, სამუშაოს ძირითადად, ინტერნეტსაიტებზე და განცხადებებით ეძებს.
როგორც „ფორტუნას“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დასაქმების სააგენტოს Hr.ge-ს წარმომადგენელმა განუცხადა, მათთან საიტზე, დღეში დაახლოებით, 200-მდე განცხადება იდება. აქედან უმეტესობა გაყიდვების სფეროა.

ქსელური მარკეტინგი

სწორედ საიტების მეშვეობით ეძებენ „ფორტუნას“ რესპონდენტები მეგი და სანდრო სამუშაოს. ისინი პირველ რიგში სწორედ გაყიდვების სფეროს არიდებენ თავს, რადგან საკუთარი გამოცდილებით იციან, რომ გასაუბრებაზე მისულს ძირითადად „ქსელური მარკეტინგი“ დახვდებათ.

„ერთი კომპანია, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა განცხადების ტექსტით აქვეყნებს ვაკანსიებს. როცა ვხედავ, რომ განცხადებაში ჩემი მოვალეობები ზუსტად არ არის გაწერილი, კომპანიის სახელს მალავენ, საუბარია გაყიდვებიდან ბონუსებზე, კარიერულ წინსვლაზე და მოთხოვნა კი გამოუცდელ სტუდენტებზე აქვთ, ასეთ ვაკანსიებს აღარ ვაქცევ ყურადღებას. რადგან რამდენჯერმე სხვადასხვა დროს, ერთი და იმავე გასაუბრებაზე მოვხვედრილვარ“, – განაცხადა სანდრომ „ფორტუნასთან საუბარში.

მისი თქმით, ასეთი დამსაქმებელი კადრებს მიზერული ანაზღაურების სანაცვლოდ „გარემოვაჭრეებად“ იყენებს.

„17 წლიდან ვცდილობ ვიყო მუდმივად დასაქმებული. ამის გამო, ბევრი სამსახური და ბევრი უფროსი გამოვიცვალე, ამასთან ერთად ბევრი თაღლითი და აფერისტი გავიცანი. მაგალითად არის ძალიან ბევრი ქსელური ორგანიზაცია, რომლებიც ხალხს დასაქმებას პირდება ოფისში და მოჭრილ ხელფასს, რეალურად კი „გარე მოვაჭრეებად“ აქცევენ“, – განაცხადა სანდრომ „ფორტუნასთან“.

ხელფასები

გარდა ქსელური მარკეტინგისა, პრობლემად რჩება დაბალი ხელფასი, შეუსაბამოდ მაღალი მოთხოვნები და ვაკანსიის აღწერილობით მოტყუებული სამუშაოს მაძიებლები.
მეგი, რომელსაც უმაღლესი განათლება და საკმაოდ დიდი სამუშაო გამოცდილება აქვს, „ფორტუნასთან“ საუბარში ამბობს, რომ პირველ რიგში შეუსაბამო ანაზღაურების პრობლემა დგას.

„იშვიათი გამონაკლისის გარდა, თითქმის ყველგან ანაზღაურება არის დაბალი, განაკვეთი სრული, კომპანიის მოთხოვნები – ხელფასთან შეუსაბამო.

ხშირ შემთხვევაში განცხადებები, რომლებიც დევს დასაქმების საიტზე არის შენიღბული ანუ სიტყვაზე სჭირდებათ გაყიდვების მენეჯერი და ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის სახელით აქვეყნებენ, სადაც არ არის სრულყოფილად მითითებული თუ რა შეიძლება პოტენციურ დასაქმებულს დაევალოს (როცა მარტივად შეუძლიათ დაწერონ ქოლ-ცენტრის გაყიდვების მენეჯერი და ასევე გარკვევით დაწერონ ფუნქცია-მოვალეობები).
ვაკანსიის აღწერაში არ არის მითითებული ხოლმე ხეალფასის ოდენობა, ადგილზე მისულს კი გთავაზობენ დაბალ ხელფასს ან გეკითხებიან რამდენია შენთვის სასურველი ხელფასი, თვითონ არ ამბობენ რამდენი ლარია გათვალისწინებული კონკრეტული შტატისთვის. რატომ ფიქრობენ, რომ ვიღაცისთის 300 თუ 500 ლარი შეიძლება სასურველი ხელფასი იყოს, არ ვიცი“, – განაცხადა მეგიმ „ფორტუნასთან“.

ხშირად პრობლემებს ქმნიან ასევე, HR-ები, რომლებიც გასაუბრებაზე ერთდროულად უამრავ კადრს იბარებენ და ერთი გასაუბრების გამო, მთელ დღეს აკარგვინებენ.
„ხშირად ე.წ. hr-ები არ არიან გამოცდილები, არ იციან გასაუბრება როგორ წარმართონ; ყოფილა შემთხვევა მივუყვანივარ კომპანიას გასაუბრებაზე, რაც cv-ში მეწერა მხოლოდ ის მათქმევინა და კითხვები არ დამასმევინა;
არ აფასებენ პოტენციური დასაქმებულის დროს – ხშირად 50 კაცს იბარებენ ერთი და იმავე დროს და გალოდინებენ 2 საათი, როცა მარტივად შეუძლიათ სხვადასხვა დროს რამდენიმე ადამიანის დაბარება“, – განაცხადა „ფორტუნასთან“ მეგიმ.

პრობლემები გრძელდება სამუშაოს დაწყების შემდეგაც

ასეთი „ცუდად წარმართული“ გასაუბრების შემდეგ, იწყებ მუშაობას კომპანიაში, სადაც ხშირ შემთხვევაში დასაქმებულის უფლებების დარღვევა, ჩვევადაა ქცეული.
როგორც „ფორტუნას“ რესპონდენტი სანდრო ყვება, უამრავი გასაუბრების შემდეგ, ერთ-ერთ ცნობილ კომპანიაში, მომსახურების სფეროში დაიწყო მუშაობა. მოეხსნა ის პრობლემები, რაც გასაუბრებაზე ჰქონდა, თუმცა ისეთ ვითარებაში აღმოჩნდა, რომ დასაქმებულიდან ისევ უმუშევრის სტატუსზე მოუწია გადასვლა.

„მომსახურების სფერო ეს ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო ჩემთვის. დილის 8 სათიდან საღამოს 10 საათამდე. კვირაში მხოლოდ 1 დღე მქონდა დასვენება. ყოველდღიური 1 საათიანი შესვენება კი ყველაზე კარგ შემთხვევაში 15 წუთს გრძელდებოდა. 1 საათიან შესვენებას 15 წუთად მენეჯერი აქცევდა, რადგან მუდმივად საქმე იყო მაღაზიაში, კადრები კი არა… ზოგადად, მომსახურების სფეროში იმდენი პრობლემაა, რომ ამით შესაბამისი ორგანოები უნდა ინტერესდებოდნენ. ძალიან ბევრი ადამიანის უფლებები ირღვევა და ყველა, ვერ ახერხებს სამუშაოდან წამოსვლას, ამით კი ბოროტად სარგებლობენ დამსაქმებლები“, – განაცხადა სანდრომ „ფორტუნასთან“.

მოკლედ პრობლემაა უმუშევრობაც და მუშაობაც. ის რომ დამსაქმებლები პოტენციურ თანამშრომლებს შესაბამისად არ ექცევიან ეს გასაუბრების მომენტიდან ჩანს. პრობლემა სწორედ აქ იწყება და მთავრდება იქ, სადაც პროტესტსაც კი არ აქვს აზრი.

ბოლო დროს საქართველოში დასაქმების კუთხით დადებითი ტენდეციები კი შეინიშნება, თუმცა გვახსოვს ბოლო წლებში მომსახურების სფეროში მომუშავეთა ნაწილის ხმაურიანნი გაფიცვები, თუმცა პროტესტი რეალურ პრობლემაზე, კომპანიის წინააღმდეგ აგორებულ სკანდალად დარჩა…

კანონმდებლობით კი დასაქმებულის უფლებები უმჯობესდება…

OLYMPUS DIGITAL CAMERA

ვითარება ევროპაში

რომელ ქვეყნებს სჭირდებათ ყველაზე მეტი მუშახელი?

გერმანიაში 1 მილიონზე მეტი ვაკანსია, დიდ ბრიტანეთში 750 000, ხოლო საფრანგეთში 500 000. Euronews Business დეტალურად აანალიზებს ევროპაში ვაკანსიების დონესა და რაოდენობას.

უმუშევრობა და მუშახელის დეფიციტი სერიოზულ პრობლემებს წარმოადგენს მთელ ევროპაში. ევროსტატის შეფასებით, მიმდინარე წლის მაისში ევროკავშირში დაახლოებით 13.1 მილიონი უმუშევარი ადამიანი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიამ ევროკავშირში დასაქმებისა და სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად არაერთი ღონისძიება გაატარა, მილიონობით სამუშაო ადგილი კვლავ შეუვსებელი რჩება.

სად არის ვაკანსიების ყველაზე მაღალი და ყველაზე დაბალი მაჩვენებლები? რამდენი შეუვსებელი სამუშაო ადგილია ევროპის ქვეყნებში? და რომელ ქვეყნებს აქვთ ყველაზე დიდი მოთხოვნილება მუშახელზე?

2025 წლის მეორე კვარტალში ევროკავშირში სამუშაო ადგილების 2.1% ვაკანტური იყო. ეს მაჩვენებელი შემცირებულია 2025 წლის პირველ კვარტალში არსებულ 2.2%-თან და 2024 წლის მეორე კვარტალში არსებულ 2.4%-თან შედარებით.

ვაკანსიების მაჩვენებელი (JVR) მერყეობს რუმინეთში 0.6%-დან ნიდერლანდებში 4.2%-მდე. ეს ფართო სხვაობა ასახავს შრომის ბაზრის პირობების განსხვავებებს მთელ ევროპაში.
JVR ასევე 3%-იანი ან მეტია ბელგიაში (4.1%), ავსტრიასა და ნორვეგიაში (ორივე 3.4%) და მალტაში (3%). ეს იმაზე მიუთითებს, რომ ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში ყველაზე მაღალი მოთხოვნაა, ხოლო აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში – უფრო დაბალი.

ვაკანსიების რეიტინგი

30 ქვეყანას შორის, მათ შორის ევროკავშირის წევრებს, კანდიდატ ქვეყნებს, დიდ ბრიტანეთს და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) სახელმწიფოებს, გერმანიას ყველაზე მეტი ვაკანსია აქვს – 1.05 მილიონი.

ამავდროულად, გერმანია ევროპაში მიგრაციის ყველაზე პოპულარული დანიშნულების ადგილია. ევროსტატის მონაცემებით, გერმანიამ 2023 წელს იმიგრანტების ყველაზე დიდი აბსოლუტური რაოდენობა მიიღო: ევროკავშირის ქვეყნებიდან 324 000 ადამიანი, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან 905 000 ადამიანი და უცნობი წარმოშობის 42 000 ადამიანი – სულ 1 271 000 ადამიანი.

უმუშევრობის დონე ევროკავშირში

ევროკავშირში უმუშევრობის დონე 5.9% იყო, ხოლო ევროზონაში (20 ქვეყანა) – 6.3%. ინფოგრაფიკა აჩვენებს, თუ როგორ იცვლება ეს მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით.

ევროსტატის მონაცემებით, 2025 წლის აგვისტოში ესპანეთში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო 10.3%. უმუშევრობა ტრადიციულად ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური პრობლემა იყო. თუმცა, წლების განმავლობაში სიტუაცია თანდათან გაუმჯობესდა. მაგალითად, 2015 წელს ესპანეთში უმუშევრობის დონემ 21.18%-ს მიაღწია.

ფინეთსა და შვედეთს უმუშევრობის მეორე და მესამე ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ჰქონდათ, შესაბამისად 9.8% და 8.7%. სკანდინავიურ ქვეყნებში უმუშევრობის ზრდის ერთ-ერთი ახსნა ევროკავშირის პოსტ-COVID ფონდიდან თანხების სამხრეთ და ჩრდილოეთ ქვეყნებს შორის განაწილებაა. სამხრეთ ევროპის ქვეყნებმა ყველაზე მეტი თანხები მიიღეს, რამაც შესაძლოა მათი ეკონომიკური ზრდა დააჩქარა. რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტით გამწვავდა გეოპოლიტიკური დაძაბულობა, რამაც ასევე იმოქმედა ფინეთში არსებულ ვითარებაზე.

პირველ ხუთეულში ასევე შედიოდნენ ესტონეთი (8.2%) და საბერძნეთი (8.1%). ესპანეთთან ერთად, საბერძნეთი ტრადიციულად ყველაზე მაღალი უმუშევრობის მაჩვენებლის მქონე ქვეყნებს შორის იყო.

ყველაზე დაბალი მაჩვენებლები მალტასა და სლოვენიაში დაფიქსირდა (თითოეულში 2.9%), შემდეგ მოდიან ჩეხეთი და პოლონეთი, თითოეულში 3.2%-ით.

ფოტო: ibusinessinstitute
hr-gazette
latinbusinesstoday

magti 5g