რატომ უჭირთ ადამიანებს მოსმენის კულტურის გამომუშავება და რას უკავშირდება “ყველაფერის ცოდნის” კომპლექსი. “ფორტუნა” გთავაზობთ გადაცემების “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” და “FM ქოუჩი” წამყვანის, მარტა ქარუმიძის ბლოგს.
შეგიცვლიათ აზრი და დამოკიდებულება სხვადასხვა თემისა და მოვლენის მიმართ? პირადად მე შემიცვლია, მას მერე რაც დავინტერესდი, მოვიძიე, გავეცანი სხვადასხვა ფაქტებს, მქონდა დიალოგი და მივედი დასკვნამდე, რომ კონკრეტული თემის მიმართ დამოკიდებულება ნამდვილად შესაცვლელია.
ჩვენს საზოგადოებაში უყვართ იმის აფიშირება, რომ ნებისმიერი საკითხი შენზე კარგად იციან, თან ამას ძირითადად მტკიცებითი ფორმითა და ცოტა ცინიზმით აღნიშნავენ.
ერთხელ, ტრენერმა ანდრო დგებუაძემ მითხრა, ჩვენთან ანეგდოტის მოყოლაც საინტერესო ფენომენია, აბა ცადე და თქვი, რომ მაგარი ანეგდოტი იცი, ეგრევე „გამოხტება“ ვინმე და გეტყვის, რომ უფრო „მაგარს“ მოგიყვება.
მოკლედ, რომ ვთქვათ, ამას შეჯიბრებითობის პრინციპი ჰქვია. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, მსგავსი დამოკიდებულება სათავეს ბავშვობიდან იღებს. ასე ზრდიდნენ თაობებს, რომ მათ იმედი არ უნდა გაეცრუებინათ, შესაბამისად, უნდა ყოფილიყვნენ ყველაზე მაგრები, ყველაზე ჭკვიანები, ყველა უნდა დაემარცხებინათ, ჩამოეტოვებინათ, საკუთარი სიტყვა ნებისმიერ ფასად გაეტანათ და ა.შ; სხვა შემთხვევაში კონკრეტულ ჯგუფებში შესაძლოა „ლუზერის“ სახელი ჰქონოდათ.
როცა ამ ფორმით იზრდებიან, უყალიბდებათ ერთგვარი „თავდაცვითი მექანიზმი“, რომ უნდა “შეეწინააღმდეგონ” ყველას და საკუთარი პოზიცია, თუნდაც მასში დარწმუნებული არ იყვნენ, გაიტანონ ბოლომდე. ადამიანებს, რომლებსაც ეს თვისებები ახასიათებთ, უჭირთ შეცდომის აღიარება, ბოდიშის მოხდა და მადლობის გადახდა, საბოლოო ჯამში კი ეს ყველაფერი მათ გარკვეულწილად სხვადასხვა კომპლექსებსაც უყალიბებს.
ისევ ანდრო დგებუაძის სიტყვები რომ მოვიშველიო, ჩვენს საზოგადოებაში ვინც შეცდომას აღიარებს და ბოდიშს მოიხდის, პრემია უნდა დაუწესდეს, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენს საზოგადოებაში საკუთარ თავში ამ თვისებების გამომუშავება საკმაოდ უჭირთ.
რას ნიშნავს აზრის შეცვლა? ეს ნიშნავს იმას, რომ მოახდინე გარკვეული ფაქტებისა და მოვლენების ანალიზი და მიხვედი კონსესუსამდე, კონსესუსამდე მისვლა შეიძლება მსჯელობითა და ჯანსაღი კამათის უნარით, კამათის დროს ცინიზმის ჩართვა არაეთიკურია და მიანიშნებს დაბალ თვითშეფასებაზე, კამათის ხელოვნების ცოდნით მიაღწევთ ადექვატურობის ნიშნულს.
არცოდნა არ „ტეხავს“, „ტეხავს“ ის, როცა გგონია, უკვე საკმარისი ცოდნა გაქვს და ყველაფერი სხვაზე უკეთესად იცი.
თუ ოთხი ადამიანი ერთ პოზიციაზეა და მხოლოდ ერთს აქვს განსხვავებული მოსაზრება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უმრავლესობის პოციზია უფრო ჯანსაღია. „ჯოგური აზროვნება“ ნებისმიერ შემთხვევაში იმაზე მეტი პრობლემაა, ვიდრე განსხვავებული პოზიციის მოსმენა და განხილვა.
ცოდნა უკავშირდება სწავლას, სწავლა – მონდომებას, მონდომებით მივდივართ განვითარებამდე, განვითარების სურვილით ვიზრდებით, ეს ყველაფერი ჯაჭვური რეაქციით გვაყალიბებს სრულფასოვან ადამიანად.
და ბოლოს, ცოდნას ასაკი არ განსაზღვრავს. გაცილებით უმცროსი ადამიანისგან შეიძლება ბევრად მეტი საინტერესო მოისმინო და გაიგო, ვიდრე თანატოლისა ან უფროსისგან. ასე რომ, გათავისუფლით სტერეოტიპული აზროვნებისგან და გამოიმუშავეთ მოსმენის კულტურა, იქნებ იმაზე საინტერესო რამ გაიგოთ, ვიდრე გეგონათ, რომ აქამდე იცოდით.