ოპოზიციისთვის პოლიტპატიმრების გათავისუფლება კვლავ პრინციპულ საკითხად რჩება და თუ მხარეებს შორის დიალოგი არ შედგა, ხელისუფლების ოპონენტები მასობრივ საპროტესტო ტალღას აანონსებენ. განცხადება ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა გააკეთა.
მისი განმარტებით, სანამ ხელისუფლებასთან ექვსპუნქტიან გეგმაზე არ იმსჯელებენ, “წინასწარ კომპრომისებზე საუბარი გაუგებარია”.
თუმცა, უდუმაშვილი ასევე, აღნიშნავს, რომ მაღალი რანგის პოლიტიკოსის, შარლ მიშელის წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის ჩვენს ქვეყანაში ვიზიტი, ოპტიმისტური განწყობის საფუძველს იძლევა.
„პოლიტპატიმრების – ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება არის ოპოზიციის პრინციპული საკითხი იმისათვის, რომ დიალოგი გაიხსნას, იმისათვის, რომ ჩვენ დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან და გავიაროთ პუნქტობრივად შარლ მიშელის მიერ დატოვებული ყველა ის საკითხი, რომელიც ბევრ განსახილველ საკითხთა ნუსხაშია. რა თქმა უნდა, ამის წინაპირობა არის ის, რომ პოლიტპატიმრებმა დატოვონ სასჯელაღსრულების დაწესებულებები. ჩვენ თუ შედგება ასეთი მოლაპარაკებები, როდესაც მივალთ, პირველი და ერთადერთი საკითხი, რაც გვექნება განსახილველი, სანამ სხვა საკითხებზე გადავალთ, რა თქმა უნდა, არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, თუ ეს საკითხი არ მოგვარდა, არ გადაწყდა დადებითად, ბუნებრივია, აზრი არ ექნება არანაირი მოლაპარაკებების გაგრძელებას იმიტომ, რომ ჩვენ არ ვსაზღვრავთ საკითხებს, რომელი საკითხი უნდა განვიხილოთ და რომელი უნდა გადავდოთ გვერდზე. ყველა საკითხი არის მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება. თუ ხელისუფლება არ წამოვიდა შემხვედრ ნაბიჯზე ანუ ჩვენ არ მივუსხედით მოლაპარაკებების მაგიდას და არ დავიწყეთ ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანის საკითხებზე მსჯელობა, ბუნებრივია, იქნება საპროტესტო ტალღა, იქნება მასობრივი საპროტესტო ტალღა…
გაუგებარია, რა კომპრომისს ელოდება ხელისუფლება? თუ ხელისუფლება მზად არის, რომ მივუსხდეთ მოლაპარაკების მაგიდას და იმ 6 – პუნქტის გარშემო ვიმსჯელოთ, ბუნებრივია, დიალოგის პროცესში შეიძლება წარმოიშვას რაღაც საკითხები, რომელიც იქნება განსახილველი. წინასწარ რაღაც კომპრომისებზე საუბარი, მე ვფიქრობ, რომ არის სრულიად გაუგებარი. ჩვენ უნდა დავიწყოთ მოლაპარაკებები და შემდგომ მოლაპარაკებების პროცესში გამოჩნდება კონკრეტული საკითხები“.- აცხადებს უდუმაშვილი.
ცნობისთვის, დღეს პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე მედიასთან გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ხელისუფლება მზად არის კონსტრუქციული დიალოგისათვის.
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა მიშელს საქართველოში მიმდინარე პროცესებში ჩართულობისა და მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ მიესალმება მისი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის ვიზიტს საქართველოში.
15-17 მარტს მივემგზავრებით ბრიუსელში, უნდა ვიხელმძღვანელოთ ქართველი ხალხის ინტერესებით: ღარიბაშვილი