17 მარტს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ გიორგი ცხადაძე სტუმრობდა, რომელმაც თავის მუსიკალურ და თეატრალურ კარიერაზე და გეგმებზე ისაუბრა და მსმენელს სიმღერის „წეროები“ ახალი ვერსია წარუდგინა.
გიორგი, რა სიახლეებია შენს შემოქმედებაში?
დღეს მოვიტანე სიმღერა, რომელიც ჩემთვის რაღაცნაირად ძალიან ძვირფასი გახდა ბოლო თვეების განმავლობაში. თითოეული სიმღერა, რომელზეც ვმუშაობთ, განსაკუთრებული ხდება ხოლმე, მაგრამ ეს კიდევ უფრო განსაკუთრებული აღმოჩნდა, გამომდინარე იქიდან, რომ ბენდმა ჩვენ თვითონვე გავაკეთეთ არანჟირება. შეიძლება პირდაპირ ვთქვათ, რომ სახლის სტუდიაში ჩავწერეთ. გავაკეთეთ „წეროების“ ახალი ვერსია, რომელიც ცაბაძის არაჩვეულებრივი სიმღერაა. სხვათა შორის, ლაივებზე, ჩვენს კონცერტებზე ვმღეროდით ხოლმე ამ სიმღერას და იმდენად დადებითი შეფასება იყო და იმდენად კარგი განწყობა მოჰქონდა ხოლმე, რომ მივეცით ჩვენს თავს უფლება, ეს სიმღერა ჩანაწერის სახით გაგვეკეთებინა.
როგორია შენი სამომავლო გეგმები?
პირველი მთავარი ამბავი თეატრზეა, გვაქვს გეგმები, ვმუშაობთ მონოსპექტაკლზე, რომლითაც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილი გვაქვს ტურნე. ეს პიესა საკმაოდ პრობლემურ თემაზეა, შეიძლება, ბევრ რამეზე დაგვაფიქროს. სხვათა შორის, მუსიკალურადაც კარგად იქნება გაჟღენთილი ეს სპექტაკლი. რაც შეეხება მუსიკალურ ამბავს, ვგეგმავთ რამდენიმე ახალი სიმღერის გაკეთებას. დაგეგმილი გვაქვს სხვადასხვა ივენთები და კონცერტები. რაღაცნაირად ჩემი თანამოაზრე ადამიანები ვნახე, ბევრ ექსპერიმენტს ვაკეთებთ და პირველ რიგში ჩვენს მსმენელს ვუზიარებთ ლაივებზე და მერე ვწერთ ხოლმე და უფრო საჯაროდ ვუშვებთ. რაც მიხარია არის ის, რომ მე იმ ემოციას გამოვხატავ, რასაც ვგრძნობ, რაც მაწუხებს ან რაც მსიამოვნებს. ალბათ, შემოქმედების მთავარი დანიშნულებაც ესაა. ვცდილობთ, გავაკეთოთ საავტორო სიმღერებიც და ყველაზე მეტად ამ ამბის მეშინია. ბევრი საავტორო სიმღერა მოგვიგროვდა, რამდენიმე გამოვუშვით კიდეც, რამდენიმე თაროზე გვაქვს გადადებული, ჯერ არ ვუშვებთ, რადგან მგონია, რომ ეს კიდევ სხვა ამბავს მოითხოვს. ძალიან დიდი გამოცდილება გჭირდება, უბრალოდ ასე არ არის, რომ სიმღერა დავწერე და მოდი, გამოვუშვათ. ვფიქრობ, ბევრი ეტაპი უნდა გაიარო ამ სფეროში, რომ აქამდე მიხვიდე.
გიორგი ცხადაძე – წეროები
გადაცემის აუდიოჩანაწერი
გიორგი ცხადაძე – თებერვალი. Live
გიორგი ცხადაძე. გადაცემა “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი