პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, განათლების სისტემას ძალიან ბევრი კატაკლიზმის შედეგად, ზიანი მივაყენეთ. მისი თქმით, ჩვენი შვილების, ქვეყნის მომავალი და კეთილდღეობა კი, განათლებისა და მეცნიერების განვითარებას უკავშირდება.
„ჩვენი მთავარი ღირებულებები სწორედ განათლებასა და განათლებულ საზოგადოებაზეა დაფუძნებული, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლებისა და მეცნიერების განვითარების ათწლიანი გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, გავხდეთ ევროკავშირის დიდი ოჯახის წევრი, ნიშნავს განათლების დონით უნდა მივუახლოვდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების განათლების ხარისხს.
„დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ განათლებისა და მეცნიერების განვითარების გრძელვადიან ხედვას, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ დავიწყეთ 10- წლიანი განვითარების დოკუმენტზე მუშაობა და პრაქტიკულად, დოკუმენტი უკვე მზად არის.
მინდა მოკლედ აღვნიშნო თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგადად განათლებისა და მეცნიერების განვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის და მომავლისთვის, ჩვენი შვილებისთვის.
მოგეხსენებათ და ეს ყველასთვის ფართოდ არის ცნობილი, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, ისე როგორც ყველა სფერომ მიიღო ძალიან დიდი ზიანი, პირდაპირი მნიშვნელობით ნგრევა, განათლების სისტემაც, რა თქმა უნდა, ძალიან დაზიანდა და ზოგადად, ძალიან დიდი ზიანი მივაყენეთ მთლიანად ამ სისტემას.
მაშინ, როცა ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულ და განათლებულ ერად ვითვლებოდით. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი კატაკლიზმის შედეგად ზიანი მივაყენეთ განათლების სისტემას, როგორც ერთ მთლიანს, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზეც აისახა,“ – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, მთავარი ღირებულებები სწორედ განათლებასა და განათლებულ საზოგადოებაზეა დაფუძნებული. მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველი გუნდი ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს.